პსჟ-მ და “ლივერპულმა” მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს

0
8

ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში “ბარსელონამ” “კამპ ნოუზე” “პარი სენ ჟერმენს” უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დამარცხდა – 1:4.
რონალდ კუმანს ტრავმების გამო კოუტინიო, ფატი და სერხი რობერტო დააკლდნენ, ხოლო მაურისიო პოჩეტინოს დანაკლისი უფრო დიდი იყო – ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ვერ ითამაშა ბრაზილიელმა ნეიმარმა, ტრავმის გამო გამოტოვა თამაში არგენტინელმა ექსრეალელმა დი მარიამაც. პსჟ-ს ესპანელი ბერნატი და ფრანგი დაგბაც აკლდა.
27-ე წუთზე კურზავამ დე იონგთან იუხეშა და ლეო მესიმ პენალტით გახსნა ანგარიში. პსჟ-მ 5 წუთში უპასუხა “ბარსას” – შესანიშნავი კომბინაცია ვერატის პასით და კილიან მბაპეს გოლით დასრულდა. მეორე ტაიმში გამოჩნდა, რომ პსჟ უკეთ თამაშობდა – სტუმართა უპირატესობა 65-ე წუთზე მბაპეს ლოგიკური გოლით დასრულდა. ხუთ წუთში პარედესის ჩაწოდების შემდეგ გოლი მოიზე კინმა გაიტანა. მატჩის მიწურულს იულიან დრაქსლერმა ბარსა კონტრშეტევაზე დაიჭირა და მბაპეს ჰეთ თრიკი შეასრულებინა – 1:4.
საპასუხო მატჩი პარიზში 10 მარტს “პარკ დე პრენსზე” გაიმართება.
იურგენ კლოპის “ლივერპულმა” იულიან ნაგელსმანის “ლაიპციგს” 2:0 აჯობა და საპასუხო თამაში პრაქტიკულად ფორმალობად აქცია. “ლივერპულის” გოლები უფრო გერმანელი მცველების ცუდი თამაშის შედეგი იყო, ვიდრე კლოპის შეგირდების გააზრებული კომბინაციის, მაგრამ ლივერპულელებმა გადამწყვეტ მომენტში მეტოქეს შეცდომები არ აპატიეს.