მარიამ ჯანგირაშვილი- «ბაიერ -04» ლევერკუზენის წარმატებული  ფეხბურთელი 

0
83

ბოლო წლებში მთელ მსოფლიოში და საქართველოში იზრდება ქალთა ფეხბურთის  პოპულარობა. ეს არ არის შემთხვევითი მოვლენა და ამას ისტორიული ფესვები აქვს, ვრცელი ინფორმაცია მსოფლიოში და საქართველოში ქალთა ფეხბურთის განვითარებაზე  XX საუკუნეში იხილეთ თენგიზ პაჭკორიას სტატიაში

https://www.timer.ge/shveicariis-klubis-17-tslis-pekhburtheli-nuca-zhghenti-ocnebobs-mokhvdes-saqarthvelos-nakrebshi/

1980 -იანი წლების შუა პერიოდში  საქართველოში  (ფოთში, თბილისში, ქუთაისში, ლანჩხუთსა  და სხვა ქალაქებში) ჩამოყალიბდა ქალთა საფეხბურთო გუნდები. 1987 წელს   კიშინიოვში გაიმართა საკავშირო ტურნირი ქალთა ფეხბურთში, სადაც თბილისის მე-3 სამედიცინო სასწავლებლის გუნდმა მე-2 ადგილი დაიკავა.  ამის შემდეგ ამ გუნდს დაერქვა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ფეხბურთელ გოგონათა გუნდი „ივერია“, რომელიც იმ პერიოდში წარმატებით თამაშობდა საქართველოში უკვე არსებულ  გუნდებთან, საკავშირო და საერთაშორისო ტურნირებზე. 1988 წლის აპრილში „ივერიამ“ თბილისში დაამარცხა შვედეთის ქ. შელეფტეოს გუნდი  2-0.  მაისში კი –  მესამე ადგილი დაიკავა კიევში „ვეჩერნი კიევის“საერთაშორისო ტურნირზე. 1988 წლის ივლისში მოსკოვის ოლქის ქ. კაშირაში გაიმართა სსრკ-ს პირველი არაოფიციალური ჩემპიონატი ქალთა ფეხბურთში, რომელშიც სხვადასხვა რესპუბლიკის  20 საუკეთესო გუნდი მონაწილეობდა. „ივერია“( მთ. მწვრთნელი ავრორი ტალახაძე, მწვრთნელი   რამაზ მაღლაფერიძე) გახდა  სსრკ ჩემპიონატის გამარჯვებული.

1990  წლებში საქართველოს ქალთა ნაკრები და ჩვენი გუნდები მონაწილეობდნენ  საერთაშორისო ტურნირებში, ნაკრები კი ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევ ციკლში, 1990-2000 წწ  ქალთა ფეხბურთის განვითარებაში სირთულეები იყო, რაც  ძირითადად განპირობებული  იყო ქვეყანაში იმ დროს არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პრობლემებით.

ბოლო წლებში საქართველოში ქალთა ფეხბურთი კვლავ პოპულარული გახდა, 2016 წლიდან ტარდება ეროვნული ჩემპიონატი, იზრდება ქალ ფეხბურთელთა რაოდენობა, თუმცა არსებოს კიდევ ბევრი პრობლემა, რომლის გადაწყვეტის შემდეგ  ქალთა ფეხბურთი უფრო სწრაფად უნდა განვითარდეს. გასული წლის ნოემბერში დიდი სიხარული  მოგვიტანა ქსკ „ლანჩხუთმა“ (საქართველოს 2019 წლის ჩემპიონი, 2018 და 2020 წლის ვიცე-ჩემპიონი), რომელმაც ევროპის ჩემპიონთა ლიგის ორი საკვალიფკაციო ეტაპი გადალახა( გასვლით მატჩებში დაამარცხა ყაზახეთის „ოკჟეტპესი“ 2-1 და რუმინეთის  „ოლიმპი კლუჟი“-1-0)   და გავიდა ჩემპიონთა ლიგის 1/|16 „ლანჩხუთი“ გახდა პირველი გუნდი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, რომელიც  ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფფში გავიდა, სადაც ორივე მატჩში დამარხცდა  შვედეთის ქსკ „როზენგარდთან“, რომლის ბიუჯეტი, მომზადების პირობები და ფეხბურთელების კლასი ამ ეტაპზე ბევრჯერ აღემატება ჩვენ პირობებს.  მაგრამ ლანჩხუთის გუნდმა, რომლის ძირითად ბირთვს წარმოადგენენ გურიაში, იმერეთში, სამეგრელოში, სვანეთში, აჭარასა  და აფხაზეთში (გალის რაიონში) დაბადებულ-გაზრდილი გოგონები, ამ ორი  გამარჯვებით დიდი ბიძგი მისცა ქალთა ფეხბურთის განვითარებას საქართველოში.

ამ სტრიქონების ავტორმა ასობით წერილი მიიღო საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და უცხოეთიდან, რომელშიც საუბარია  ქალთა ფეხბურთის ისტორიაზე, დღევანდელ დღეზე და იმ გოგონებზე, რომლებიც უცხოეთში თამაშობენ. ამასწინათ უკვე გაგაცანით ერთერთი მათგანი- შვეიცარიის კლუბ «FC Signal Bernex» 17 წლის ფეხბურთელი ნუცა ჟღენტი. ის საქართველოს მოქალაქეა, მისი თამაშით უკვე დაინტერესდნენ საქართველოს ქალთა ნაკრების მწვრთნელი ბ-ნ ლევან ბაჯელიძე ,  საქართველოს ქალთა ფეხბურთის  ფედერაციის პრეზიდენტი ნინო სორდია  ნუცას ოჯახს  ჟენევაში დაუკავშირდა.

დღეს კი გაგაცნოთ გერმანიაში დაბადებულ-გაზრდილი  წარმატებული ფეხბურთელი  მარიამ ჯანგირაშვილი ( 1 მარტს მას 14 წელი შეუსრულდება). მის თამაშზე «ბაიერ 04»  გოგონათა ( U-16)  გუნდში იანვარში მე გავიგე გერმანელი კოლეგებისგან და საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის  ლევან ბაჯელიძესგან.

მარიამ ჯანგირაშვილი

ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი  წარმომადგენელის  ალექსანდრე მაისურაძის  მხარდაჭერით  და გერმანიაში  საქართველოს საელჩოსა და საკონსულოს  ხელშეწყობით გავარკვიე  მ. ჯანგირაშვილის ოჯახის კოორდინატები ბონში. თავიდან გავესაუბრე მარიამის მამას ბატონ ალუდა ჯანგირაშვილს.

-სანამ შეგეკითხებით მარიამის კარიერაზე,  გაგვაცანით თქვენი ოჯახი, როდიდან  ცხოვრობთ გერმანიაში?

– დიდი მადლობა რომ დაგვიკავშირდით, ჩვენთვის ყურადღება საქართველოდან და მითუმეტეს ფეხბურთის სფეროდან ძალიან  სასიხარულოა. მე თიანეთიდან ვარ ( დაბ. 1978 ), ჭაბუკობაში გატაცებული  ვიყავი ქართული ჭიდაობით, ვვარჯიშობდი, ვმონაწილეობდით ტურნირებში, ერთხელ გამარჯვების შემდეგ ცხვრით დამაჯილდოვეს, გაიშალა სუფრა…  შემდეგ ძიუდოთი ვიყავი გატაცებული. მამაჩემი სულიკო (გრიგილ )  დაიუპა 1988 წელს, მე ათი წლის  ვიყავი, დედაჩემს  ცაცა  წულაიას (წარმოშობით ჩხოროწყუდან არის, ცხოვრობ თიანეთში) მოსწონდა ჩემი და ჩემი ძმის ლაშას  სპორტით გატაცება , უნდოდა, რომ ჩვენ სპორტსმენები გამვხდავიყავით. ჩემი   სიმაღლე ( 188 სმ) და ბუნებრივი ძალა მიწყობდა ხელს..  თუმცა გახსოვთ, 1990-იანი წლები ძალიან რთული დრო იყო,  ქვეყანაში ძალიან მძიმე სიტუაცია იყო, არ იყო შესაბამისი პირობები.  2000 წლიდან ვცხოვრობ გერმანიაში, თავიდან ბონთან ახლოს დავსახლდი, შემდეგ კი სულ ბონში ვარ. გერმანიაში გავიცანი  ჩემი მომავალი მეუღლე ნინო ომარაშვილი რუსთავიდან, აქვე ბონში დავოჯახდით, გვყავს სამი გოგონა- უფროსი მარიამი ( 1 მარტს 14 წლის გახდება), 10 წლის ანა და 9 წლის სოფიო.  სხვათა შორის, ჩემი ცოლის ძმა გიორგი ომარაშვილი ფეხბურთელი იყო, რუსთავის «მეტალურგში» თამაშობდა თავის დროზე. ცოლის დისშვილი 17 წლის გიორგი არსენაძე ფეხბურთელია(რუსთავიდან), ახლა  გერმანიაში, ჩვენთან არის,  შარშან თამაშობდა ბონის «ფორტუნას» ჭაბუკთა გუნდში, ბოლო თვეებში პანდემიის გამო ცოტა შესვენება  აქვთ.

–  როგორ შეხვდით მარიამის გადაწყვეტილებას -ეთამაშა ფეხბურთი და  როგორ მოხვდა  მარიამი ლევერკუზენის «ბაიერ 04» -ში ?

-ფეხბურთი ძალიან გვიყვარს , ფეხბურთი ჩვენთან  ახლოს იყო ყოველთვის, თუმცა არასოდეს  მიფიქრია, რომ ჩემი გოგო ფეხბურთელი გახდებოდა. მარიამმა თვითონ აირჩია ფეხბურთი სკოლაში სწავლის დროს, ჯერ მაგიდის ჩოგბურთით იყო გატაცებული, შემდეგ თანაკლასელ ბიჭებთან ფეხბურთი ითამაშა, მისი კარგი თამაში შეამჩნიეს, მიიწვიეს  გუნდში, შემდეგ ჩვენი რეგიონის ( ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალია) ნაკრებში, მერე ბონის კლუბ «რაინდორფში» („Rheindorf“ ), ბოლო ორი წელი კი არის « ბაიერ 04» ლევერკუზენის  U16 -ის ფეხბურთელი. «ბაიერში» თამაშობს თავდასხმაში,  სიმაღლეც უწყობს ხელს ( ახლა არის 175 სმ), წინა გუნდებში დაცვაში და ნახევარდაცვაში თამაშობდა. ვფიქრობ, ფეხბურთში ცოტა ვერკვევი(იცინის), ვიტყვი, რომ მარიამი  კარგად ხედავს მოედანს, სწრაფია, გამოირჩევა  კარგი დარტყმებით და პასებით.  ალბათ, ამიტომ, მიიწვიეს «ბაიერ 04»-ში.  გუნდში  მეგობრული ატმოსფეროა, ჰყავთ კარგი მწვრთნელები.

-თქვენ საქართველოს მოქალაქეები  ბრძანდებით თუ გერმანიის?

– 20 წელზე მეტია  გერმანიაში ვცხოვრობ, 18 წელია დაოჯახებული ვარ, სამი შვილი გვყავს, ჩვენ ყველანი საქართველოს მოქალექეები ვართ, მიგიხვდით, რატომ მეკითხებით- გაინტერესებთ რომელი ქვეყნის ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებში ითამაშებს მარიამი თუ ეს საკითხი დადგა დღის წესრიგში.

– რასაკვირველია,  საქართველოს ქალთა ფეხბურთის მხარდაჭერებს და გულშემატკივრებს  გვინდა, რომ მარიამმა ითამაშოს საქართველოს და არა სხვა ქვეყნის ნაკრებში?

-მესმის, მესმის, მე და ჩემი მეუღლე ვზრდით გოგოებს საქართველოს სიყვარულით .რასაკვირველია, ჩვენ დიდ პატივს  ვცემთ გერმანიას, ადგილობრივ კანონებს და წესებს, თუმცა ჩვენ ვართ ქართველები, გვიყვარს საქართველო  და ამ ლეიტმოტივით ვცხოვრობთ. მარიამმა თავად თქვა, რომ თუ დადგა არჩევანი რომელი ქვეყნის ნაკრებში ითამაშოს, მაშინ რასაკვირველია ვითამაშებ საქართველოს ნაკრებში. სამივე შვილმა იცის ქართული, სახლში ქართულად  ვსაუბრობთ, თუმცა  აქ, გერმანიაში განათლებას გერმანულ ენაზე იღებენ და სასაუბრო დროის უდიდეს ნაწილს გერმანული შეადგენს.

ჩვენ ტელევიზიით და ინტერნეტით თვალყურს ვადევნებთ  საქართველოს სპორტულ ცხოვრებას, ძალიან გვეწყინა, რომ  12 ნოემბერს  საქართველო საფეხბურთო ნაკრებმა ვერ მოახერხა მაკედონიელების დამარცხება და ვერ  გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, თუმცა გვჯერა, მოვა  დრო, როცა ჩვენი ბიჭები გაგვახარებენ და ითამაშებენ ევროპის  და მსოფლიოს ჩემპიონატების  ფინალურ ეტაპებზე. მე, ჩემი მეუღლე და  შვილები  ძალიან ვქომაგობთ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებებს -ბიჭებსაც და გოგოებსაც.

საუბარში ჩაერთო ქ-ნი  ნინო ომარაშვილი-ალუდას მეუღლე და სამი გოგოს დედა.

ალუდა ჯანგირაშვილი, ნინო ომარაშვილი, მათი შვილები მარიამი, ანა და სოფიო

– მინდა ვისარგებლო  შემთხვევით და მოკითხვა გადავცე საქართველოს, ახლობლებს, ნაცნობებს, სპორტსმენებს, ყველას ვუსურვო ჯანმრთელობა და წარმატებები. მარიამი ახლა ვარჯიშზეა. მადლობა  საქართველოს ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს  ნინო სორდიას და საქართველოს  ქალთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს ლევან ბაჯელიძეს, რომლებიც დაგვიკავშირდნენ და დაინტერესდნენ მარიამით. ჩვენთვის  სასიამოვნოა ასეთი ყურადღება. მარიამი 14 წლის ხდება, ძალიან მონდომებით , სულით, გულით და ჭკუით თამაშობს.

ამ სტრიქონების ავტორმა ლევერკუზენის  «ბაიერ 04»  დირექტორატს  თხოვნით მიმართა –  შეეფასებინათ მარიამი როგორც ფეხბურთელი. ქალთა კლუბის პრეს სამსახურის უფროსმა  კარენ  შმიტჰიუზენმა  ოპერატიულად გვიპასუხა, არ დამალა თავისი კმაყოფილება ჩვენი მხრიდან მარიამით დაინტერესით  და  მოგვწერა გუნდის მწვრთნელების მიერ შედგენილი მარიამის შესანინავი დახასიათება.  კარენი  წერს: „ მარიამ ჯანგირაშვილი უკვე მეორე სეზონია  „ბაიერ 04» ლევერკუზენში  თამაშობს. მას შემდეგ რაც მარიამი ჩვენ კლუბში გადმოვიდა, ის  ყოველთვიურად  უმატებს თამაშს, იზრდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია – მარიამს უყვარს ფეხბურთი და სიამოვნებით ვარჯიშობს და თამაშობს.  თუმცა სრულად აცნობიერებს, რომ ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი და დასახვეწი. კლუბის „ბაიერ 04“ მხრიდან  მარიამი მისი ინდივიდუალური განვითარებისათვის საჭირო  რჩევა-დარიგებებს და მხარდაჭერას მუდმივად იღებს».

მ.ჯანგირაშვილი თანაგუნდელებთან

თენგიზ პაჭკორია

ფოტოები მ.ჯანგირაშვილის არქივიდან (2020-21  წწ)