ორი კვირაა, რაც დედაქალაქურ “საბურთალოში” მოლდოველი ფეხბურთელები – ცენტრალური მცველი ვიქტორ მუდრაკი და ნახევარმცველი დმიტრი მანდრიჩენკო ჩაირიცხნენ. კლუბის ახალწვეულებთან საინტერესო ინტერვიუ ჩავწერეთ:
– საინტერესოა, როგორ აღმოჩნდით “საბურთალოში?
ვიქტორ მუდრაკი: – მენეჯერი დამიკავშირდა, შემომთავაზა საინტერესო წინადადება. ყველაფერი კარგად გავაანალიზე და მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩამოვსულიყავი დედაქალაქურ კლუბში. შთაბეჭდილებები დადებითია, კარგ გარემოში ვიმყოფები. საინტერესო ვარჯიშები გვაქვს. დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს, როდესაც ოფიციალური მატჩები დაიწყება.
დმიტრი მანდრიჩენკო: – როდესაც საქართველოში, კერძოდ “საბურთალოში” თამაში შემომთავაზეს, მესიამოვნა. ბოლო წლებს რომ გადავავლოთ თვალი, ვნახავთ, რომ კლუბი მაღალ პოზიციებზე მებრძოლი გუნდია. ვიცი, რომ “საბურთალომ” მოკლე დროში ყველა ტიტული მოიგო, რაც არაა პატარა ამბავი. ვეცდები, მეც შევიტანო წვლილი გუნდის განვითარებაში. უცხოდ თავს ნამდვილად არ ვგრძნობ, მეგობრული ატმოსფეროა გუნდში.
– რა გსმენიათ ქართული ფეხბურთისა და “საბურთალოს” შესახებ?
მუდრაკი: – სანაკრებო დონეზე მოლდოვა და საქართველო რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს. ქართველები ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ. რაც შეეხება “საბურთალოს” – კარგად მახსოვს 2019 წლის ზაფხული, როდესაც “საბურთალო” ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ეტაპზე, მოლდოვური ფეხბურთის ყველაზე ტიტულოვან და დიდი ტრადიციების გუნდს, “შერიფს” შეხვდა. ყველა გაოცებული იყო ტირასპოლში “საბურთალოს” თამაშით. მაშინ გუნდმა ძალიან დამაჯერებლად ითამაშა და დიდი ანგარიშით მოიგო. ბევრი არ მოელოდა მოლდოვაში ამ შედეგს.
მანდრიჩენკო: – მართალია, 2019 წლის შემდეგ “საბურთალო” გადახალისებულია, მაგრამ რამდენიმე ფეხბურთელი ისევ თამაშობს იმ შემადგენლობიდან. ახალგაზრდებიც ნიჭიერები არიან. “შერიფთან” ჩატარებულმა მატჩმა მეც გამაკვირვა, არ მეგონა “საბურთალო” ასეთი ანგარიშით თუ იმარჯვებდა. ზოგადად, ქართველები ყოველთვის ტექნიკურ ფეხბურთს თმაშობენ და რთულია მათ წინააღმდეგ თამაში.
– ბოლოს, ბელარუსიის “სლავია-მოზირის” ღირსებას იცავდით. როგორ ფიქრობთ, დიდი სხვაობა იქნება ბელარუსის, მოლდოვისა და საქართველოს ჩემპიონატებს შორის?
მუდრაკი : – “სლავია-მოზირი” ბელარუსიაში საშუალო დონის გუნდია, იქ ძირითადად ხისტ და ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობენ. ჯერ ბოლომდე არ შემიძლია ვთქვა, თუ რომელი უფრო ძლიერი ჩემპიონატია, სანამ საქართველოს პირველობაზე არ ვითამაშებ. თუმცა, არ მგონია დიდი სხვაობა იყოს. ჩემთვის საქართველოში თამაში ახალი გამოწვევაა. ველოდები ეროვნულ ლიგაში ოფიციალურ დებიუტს.
– თქვენ, ამხანაგურ შეხვედრაში პირველი გოლის გატანაც მოასწარით. ეს ფაქტორი ფსიქოლოგიურად დაგეხმარებათ?
მანდრიჩენკო: – კარგია გოლის გატანა, მაგრამ მთავარია გუნდმა მიაღწიოს შედეგს. როდესაც ახალ გარემოში იმყოფები, აღნიშნული ფაქტორი ხელს გიწყობს ადაპტაციაში. ჩემს საფეხბურთო კარიერაში პირველად ვარ ლეგიონერის სტატუსით. იმედია, წარმატებით გაგრძელდება ჩემი კარიერა. ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული – როგორც წარმოვაჩენ თავს, ისე გაგრძელდება ჩემი სპორტული კარიერა.
– მოლდოვის ნაკრების ფეხბურთელი ხართ. რას ნიშნავს თქვენთვის იყოთ ქვეყნის პირველი გუნდის ფეხბურთელი?
მუდრაკი: – როდესაც ქვეყნის მაისურს ირგებ, სულ სხვა ემოციებში ხარ. დიდი პატივია, ამავდროულად ორმაგი პასუხისმგებლობა. ნაკრებში თამაში სულ სხვა გამოცდილებას გაძლევს, ბევრად მაღალ დონეზე თამაშობ. ძალიან განსხვავდება საკლუბო და სანაკრებო მატჩები. მჯერა, ქვეყნის ნაკრებში მომავალშიც გამომიძახებენ და კვლავ მომიწევს ნაკრების მაისურის მორგება.
– რა მიზნები გაქვთ “საბურთალოში”?
– მანდრიჩენკო: – მინდა, “საბურთალოსთან” ერთად ევროტურნირებზე ვითამაშო და ტიტულები მოვიგო. ვფიქრობ, კლუბს ამის პოტენციალი გააჩნია. ევროსარბიელზე თამაში დიდი გამოცდილებაა. ვეცდები, კარგად წარმოვაჩინო თავი და დავეხმარო გუნდს მიზნების მიღწევაში.
მუდრაკი: – დიდი იმედი მაქვს, რომ, რომელიმე ქართულ ტიტულს მოვიგებ. მართალია, იოლი არ იქნება, თუმცა “საბურთალოს” ამის შესაძლებლობა აქვს. მინდა, კარგი თამაშით დავამახსოვრო თავი გულშემატკივარს.
– ბოლოს მოლდოვურ ფეხბურთზეც გკითხავთ: “შერიფს”, რატომ ვერ უწევს ვერავინ კონკურენციას?
მანდრიჩენკო: – წლებია, მოლდოვაში “შერიფი” უკონკურენტოა, თუმცა ახლა შედარებით შეიცვალა მდგომარეობა. გამოჩნდნენ გუნდები, რომლებიც კონკურენციაში შევიდნენ, თუმცა ჯერ ისეთი მძლავრები ვერ არიან, როგორებიც ტირასპოლელები. “შერიფს” მაღალი დონის ინფრაქტრუქტურა აქვს, დიდ ბიუჯეტიანი კლუბია, ბევრი ლეგიონერი თამაშობს. მათ, ყველანაირი პირობა აქვთ, რომ მაღალ დონეზე ითამაშონ. ამავდროულად, დიდი ტრადიციების მატარებელი კლუბია.
მუდრაკი: – “შერიფი” სულ სხვა დონეზე დგას, ბევრად წინ არის სხვა მოლდოვური კლუბებისგან. გუნდი ყოველწლიურად უდიდეს გამოცდილებას იღებს, როდესაც ევროტურნირებზე თამაშობს. კლუბში დიდი კონკურენციაა, საუკეთესო პირობებში იმყოფებიან. “შერიფს” რომ მოუგო, ან ქულები დააკარგვინო, დიდი ძალისხმევა მოგიწევს. იყო დრო, როდესაც ჩემპიონატის დაწყებიდან მალევე, კლუბი ფაქტობრივად ჩემპიონი ხდებოდა. ახლაც სულ პირველია, თუმცა ისე მარტივად ვერ ხდება გამარჯვებული, როგორც ადრეულ წლებში.
FCSABURTALO.GE