სანდრო მამუკელაშვილი კარლ მელოუნის პრიზის მოგების კანდიდატთა სიაშია

0
13

სანდრო მამუკელაშვილი ამერიკის სტუდენტური ლიგის საუკეთესო 10 ფორვარდს შორის დაასახელეს. ეს მოხდა საიმისოდ, რომ გამოვლინდეს სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი (მძიმე ფორვარდი), რომელსაც ლეგენდარული კარლ მელოუნის სახელობის პრიზი გადაეცემა.

შეგახსენებთ, რომ 20 საუკეთესო სეზონის დაწყების წინ დასახელდა. მოთამაშეები სპეციალისტებმა გამოარჩიეს და იმთავითვე ითქვა, რომ ეს სია ნელ-ნელა შემჭიდროვდებოდა და 9 აპრილს გამოვლინდებოდა პრიზის მფლობელი. დღეს 10 ფორვარდი აღნიშნულ სიას მოაკლდა, მეორე 10 კი კარლ მელოუნის პრიზის მოსაგებად ბრძოლას აგრძელებს. ესენი არიან: აამირ სმითი, მეტიუ ჰერტი, დრუ ტიმი, ტრეის ჯეკსონ-დევისი, ტრენდონ უოტფორდი, ტრე მიტჩელი, ოსკარ და სილვა, გრეგ ბრაუნი, ჯერემია რობსონ-ირლი და სანდრო მამუკელაშვილი.

კარლ მელოუნის პრიზი 2015 წელს დაწესდა და მისი პირველი გამარჯვებული მონტრეზ ჰარელი (ლუისვილი) გახდა, რომელიც ამჟამად NBA-ს ჩემპიონ ლეიკერსში თამაშობს. შემდეგ პრიზის მფლობელები იყვნენ: 2016 – ჟორჟ ნიანგი (აიოვა), 2017 – ჯონათან მოტლი (ბეილორი), 2018 – დეანდრე აიტონი (არიზონა), 2019 – ზაიონ უილიამსონი (დიუკი), 2020 – ობი ტოპენი (დეიტონი).

მამუკელაშვილი ამ სეზონში სეტონ ჰოლის ნამდვილი ლიდერია. ის კონფერენციაში ერთადერთი მოთამაშეა, ვინც ტოპ-15-ში შედის, როგორც ქულებით (17.9 – მე-4 ადგილი), ასევე მოხსნებითა (6.9 – მე-8) და პასებით (3.3 – მე-13). კოლეჯთა ლიგის საუკეთესო 6 კონფერენციაში, ეგრეთ წოდებულ Power Six-ში იმ 5 კალათბურთელთა შორისა, რომელთაც სეზონში 30 და მეტი ქულა 2 ან მეტ თამაშში ჩააგდო.

თებერვლის ბოლოს ამ ათი კანდიდატიდან ხუთი ფანების ხმების საფუძველზე გაიცხრილება, გამარჯვებული კი 9 აპრილს გამოცხადდება (აქ გადამწყვეტი კოლეჯთა ლიგის დიდების დარბაზის კომიტეტის გადაწყვეტილებაა). იმავე დღეს გამოცხადდება, სეზონის სიმბოლურის დანარჩენი 4 წევრიც. 29 იანვრიდან ფანებს სასურველი კანდიდატისთვის ხმის მიცემა შეეძლებათ.

კარლ მელოუნი, “მეილმენი” NBA-ს ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მძიმე ფორვარდად მიიჩნევა. მან ასოციაციაში 18 სეზონი გაატარა და ორჯერ გახდა ყველაზე სასარგებლო მოთამაშე. 1984 წელს მან ლუიზიანის კოლეჯს NCAA-ს ტურნირი მოაგებინა.