რაგბი ევროპა დავით ნინიაშვილზე – დაიმახსოვრეთ ეს სახელი

0
13

2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის გადადებულ მატჩებამდე რამდენიმე დღით ადრე, „რაგბი ევროპის“ ოფიციალურმა საიტმა ახალგაზრდა ბორჯღალოსნის, დავით ნინიაშვილის ინტერვიუ გამოაქვეყნა:
„როდესაც 2020 წლის 29 ნოემბერს, „შემოდგომის ერთა თასზე“ დუბლინში, ირლანდიასთან მატჩში 18 წლის ნინიაშვილი შეცვლაზე შევიდა, აიხდინა ოცნება, რომელზეც 8 წლიდან ოცნებობდა. ახლა ის იმედოვნებს, რომ 7 თებერვალს რუსეთთან გასამართ მატჩში გუნდის განაცხადში იქნება.
„ავივაზე“ ის შეცვლაზე 66-ე წუთზე შევიდა და ერთი კვირის თავზე ედინბურგში, „მარიფილდზე“ ფიჯის წინააღმდეგ, ასევე შეცვლაზე ითამაშა. ახლა ის იმედოვნებს, რომ 2021 წელს უფრო მეტი სათამაშო დრო მიეცემა:
„ნაკრებთან ერთად პირველად 17 წლის ასაკში, შარშან მაისში ვივარჯიშე. ძალიან ბედნიერი და აღელვებული ვიყავი. ნაკრებში დებიუტით ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები გახარებულები იყვნენ. ვეცდები მათი იმედები მომავალშიც გავამართლო და კარგი თამაშით არაერთხელ გავახარო“.
„შემოდგომის ერთა თასამდე და უშუალოდ ტურნირის მსვლელობისას, გუნდმა ერთად დიდი დრო გავატარეთ, რაც ადაპტაციაში დამეხმარა. ერთმანეთს უსიტყვოდ, მოძრაობებით ვუგებდით. ვიმედოვნებ, რომ ნაკრებში ისევ დამიძახებენ და თუ მეტი სათამაშო დრო მომეცემა, ბოლომდე დავიხარჯები. ნაკრებთან ერთად „შემოდგომის ერთა თასზე“ თამაშმა ჩემი მოტივაცია კიდევ უფრო გაზარდა“.
ნინიაშვილმა რაგბი ევროპასთან საუბარში რაგბში გადადგმული პირველი ნაბიჯები გაიხსენა:
„რაგბზე 8 წლის ასაკში, სკოლაში მივედი. გარკვეული პერიოდის შემდეგ, დაახლოებით ორი წლით ჭიდაობაზე ვიარე, თუმცა საბოლოოდ რაგბს დავუბრუნდი. მაინტერესებს ვნახო, რამდენის მიღწევას შევძლებ. რა თქმა უნდა ამაში წვლილი ჩვენი ნაკრებების წარმატებებსაც მიუძღვის. დღესაც კარგად მახსოვს 2017 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის მატჩი საქართველოსა და არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებებს შორის. ის შეხვედრა საქართველომ მოიგო და სტადიონი ბედნიერმა დავტოვე. ჩვენთის დიდი პატივი იყო ამ ტურნირის მასპინძლობა“.
ამ თამაშის შემდეგ ნინიაშვილმა მთელი ყურადღება რაგბს დაუთმო და როდესაც ეროვნულ გუნდში პირველად დაუძახეს, მხოლოდ რეგიონალურ ლიგაში თამაშის გამოცდილება ჰქონდა. ახლა მისი მშობლიური კლუბი ‘ხვამლი’ პირველ ლიგაში თამაშობს და დიდ 10-ში აღზევებისთის იბრძვის.
2019 წელს, დავითი იყო საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების უმნიშვნელოვანესი წევრი, როდესაც საქართველომ ევროპის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთი დაამარცხა და თასი შემართა. ის ერთ-ერთია ამ ასაკობრივი ჯგუფის მრავალრიცხოვანი მორაგბეებიდან, რომლებიც ახალ დონეზე გასასვლელად იბრძვიან:
„ეს იყო ჩემი პირველი ტურნირი ნაკრების კვართით და გამარჯვებით ძალიან გახარებული ვიყავი. საქართველოში ადრეც იზრდებოდნენ ძლიერი მორაგბეები და ახლა ამის მეტი შანსია, რადგან სულ უფრო იზრდება რაგბში ჩართული ბავშვების რაოდენობა და სავარჯიშოდაც ბევრად უკეთესი პირობებია, ვიდრე ადრე იყო. 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე უდიდესი გამოცდილება შევიძინე, რაც მიზნის მიღწევაში დამეხმარა“.
დაიმახსოვრეთ ეს სახელი – დავით ნინიაშვილი, მას შთამბეჭდავი მომავალი ელის“.