მაკა გიორგობიანი: იმედია, საქართველოში აშენდება სტანდარტული ყინულის არენა, რასაც 60 წელია ითხოვენ მოციგურავეები და ჰოკეისტები

0
74

ლუკა ბერულავა-ალინა ბუტაევა

ბოლო წლებში საქართველოში საკმაოდ გაიზარდა ინტერესი ფიგურული ციგურაობის მიმართ და სპორტის ამ ულამაზესი სახეობის პოპულარობა. 2017-2020 წლებში ჩვენმა მოციგურავეებმა შთამბეჭდავ  წარმატებებს მიაღწიეს საერთაშორისო არენაზე-ზემოაღნიშნული  წლების განმავლობაში  მათ 35 მედალი მოუტანეს საქართველოს, აქედან 17 ოქრო,13 ვერცხლი და 6 ბრინჯაო.  ფიგურულ  ციგურაობას საქართველოში საკმაოდ დიდი ისტორია აქვს, რომელიც სათავეს იღებს 1950-იანი წლების დასასრულს (იხ. თენგიზ პაკორიას სტატიები საქართველოსა და საერთაშორისო მედიაში

  1. https://www.apsny.ge/society/1558389478.php
  2. https://www.aipsmedia.com/index.html?page=artdetail&art=25840&Figure-skating-Georgia-Tengiz-Pachkoria ).

ჩვენი მოციგურავეების შედეგები გაცილებით მაღალი იქნებოდა, თუნდაც   ყინულის   ერთი სტანდარტული თანამედროვე არენის  სახით, საწვრთნელად  ჰქონოდათ ქართველ სპორტსმენებს, რაც მათ საშუალებას მისცემდა  საქართველოში, ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებულ გარემოში   ვარჯიშისა . ეს  მრავალწლიანი პრობლემა, რომელიც მე-20 საუკუნეში იდგა, დღესაც  აქტუალურია და  უსწრაფეს  გადაჭრას ითხოვს.

მიუხედავად  ამისა, ბოლო წლებში თვალსაჩინოა  ჩვენ მოციგურავეთა პროგრესი . სწორედ ამ  შედეგებსა და  არსებულ  პრობლემებზე  გავესაუბრეთ საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტს, წარსულში მოციგურავეს მაკა გიორგობიანს.

  • ქალბატონო მაკა! მთელი მსოფლიო გაკვირვებულია, თუ როგორ ახერხებენ ჩვენი მოციგურავეები დიდი შედეგების ჩვენებას საერთაშორისო ტურნირებში მაშინ, როცა საქართველოში არ არის არცერთი სტანდარტული  ყინულის არენა!

-წარმოიდგინეთ, საქართველოში რომ ყოფილიყო გამართული საციგურაო ინფრასტრუქტურა, რა შედეგებს მიაღწევდნენ ჩვენი მოციგურავეები? იმედია, უახლოეს პერიოდში საქართველოში ბოლოს და ბოლოს   აშენდება სტანდარტული თანამედროვე ყინულის არენა, რასაც ითხოვდნენ მოციგურავეები და ჰოკეისტები ბოლო 60 წლის მანძილზე.   სასიხარულოა, რომ 2025 წელს საქართველოში ჩატარდება ევროპის ზამთრის  ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი და აქედან გამომდინარე უნდა აშენდეს საციგურაო ყინულის არენები, სადაც ჩატარდება მოციგურავეთა და ჰოკეისტთა ტურნირები.

თუ 2021-23 წლებში საქართველოს შესაბამისი სპორტული სტრუქტურებიდან არ გვექნება უფრო მეტი მხარდაჭერა ფიგურული ციგურაობის განვითარების მიმართულებით  არსებული პრობლემების გასაწყვეტად, მაშინ საკმაოდ რთული იქნება სათანადო შედეგების ჩვენება  2025 წლის ოლიმპიურ ფესტივალზე, ან შესაძლებელია საერთოდ არც გვყავდეს წარმომადგენელი ამ თამაშებზე, რაც ძალზე დასანანი იქნება.

ეხლა კი ბოლო ორი წლის შედეგებზე:
გასული წლის სპორტული სეზონი საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებით ლატვიის დედაქალაქ რიგაში იუნიორთა გრანპრის ეტაპზე ვერცხლის მედლის მოპოვებით დაიწყო. 17 ქვეყნის 19 მოციგურავე წყვილთა შორის ჩვენმა წყვილმა მარია კაზაკოვა-გიორგი რევია ვერცხლის მედალი მოიპოვა. წარმატებული გამოდგა საქართველოს ნაკრებისათვის ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამართული გრან პრის ეტაპიც, სადაც ახლად შექმნილმა წყვილმა ლუკა ბერულავა (წარმოშობით სოხუმელია, დაიბადა-გაიზარდა რუსეთში – ავტ.) – ალინა ბუტაევა წარმატებით იასპარეზა და ოლიმპიური ლიცენზიები მოიპოვა ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე. ჩვენი მოციგურავეების გამარჯვებით დასრულდა ხორვატიაში გამართული გრან პრი, მოცეკვავეთა წყვილმა მარია კაზაკოვა-გიორგი რევია ხორვატიის გრან პრი მოიგეს და გარანტირებული ადგილი მოიპოვეს ტურინის გრან პრის ფინალზე გასამგზავრებლად, სადაც მხოლოდ 6 ადგილია. ამ ფინალზე მოსახვედრად გრან პრის ეტაპებზე სულ 74 წყვილი იბრძოდა.

გიორგი რევია-მარია კაზაკოვა

ლუკა ბერულავა-ალინა ბუტაევა

გამარჯვების სერია გააგრძელა მორის ყვითელაშვილმა (მამამისი მიხეილ ყვითელაშვილი საქართველოს ჩემპიონი ველორბოლაში, მე-20 საუკუნის დასასრულიდან ცხოვრობს მოსკოვში). მორისის ყველაზე თვალსაჩინო წარმატება ზამთრის მსოფლიო უნივერსიადაზე (2019 წ. ) 18 ქვეყნის 26 მოციგურავე ვაჟთა შორის მოპოვებული ბრინჯაოს მედალია,ზამთრის უნივერსიადებში საქართველოს მონაწილეობის ისტორიაში ეს პირველი ისტორიული მედალია. მორისმა ასევე ალმა-ათაში გამართულ დენის ტენის მემორიალზე ვაჟთა კატეგორიაში, 17 ქვეყნის 63 მოციგურავეთა შორის  იასპარეზა ჩელენჯერის სერიის ტურნირზე, გამარჯვება მოიპოვა ვაჟთა კატეგორიაში და ოქროს მედალს დაეუფლა.

მორის ყვითელაშვილი

ოქტომბერში ზაგრებში გამართულ საერთშორისო ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა 13 ქვეყნის 15 მოციგურავეს შორის ვაჟთ კატეგორიაში ირაკლი მაისურაძემ (თბილისელია, ბოლო წლებში ცხოვრობს და ვარჯიშობს მოსკოვში-ავტ.).
ჩინეთის ქალაქ დონგუანში საერთაშორისო ტურნირზე სენიორთა კატეგორიაში პირველად იასპარეზა მ. კაზაკოვა-გ.რევიას წყვილმა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
პირველ მედლებს თავის სპორტულ კარიერაში დაეუფლნენ ახალგაზრდები ლ. ბერულავა და ა. ბუტაევა რიგაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ნოემბერში, რომელიც 30 ქვეყნის 200 სპორტსმენს მასპინძლობდა. ამ წყვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
რიგაში  ვერცხლის მედლებს დაეუფლა მ.კაზაკოვა-გ.რევიას წყვილი. ლატვიის ამ ტურნირზე ვაჟთა კატეგორიაში ირაკლი მაისურაძემ ვერცხლის მედალი, ხოლო ქალთა კატეგორიაში ალინა ურუშაძემ (დაიბადა-გაიზარდა ლატვიაში, ორი წელია გამოდის საქართველოს სახელით -ავტ.) ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
თურქეთის დედაქალაქში გამართულ ტურნირზე კი ალინა ურუშაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა. დეკემბერში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ზაგრებში ლ. ბერულავა -ა. ბუტაევას წყვილმა პირველი გამარჯვება მოიპოვა წყვილთა კატეგორიაში და ოქროს მედალს დაეულნენ.

  • ჩვენი მოციგურავეების ყველაზე რეზონანსულ წარმატებად ტურინის (იტალია) გრან პრის ფინალზე მიღწეული შედეგები ითვლება – საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ოქროს მედალი და საქართველოს მოციგურავეების ტრიუმფი.

-2019 წ. აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით 28 ქვეყნის 74 წყვილი მონაწილეობდა საერთაშორისო საციგურაო კავშირის ეგიდით ორგანიზებულ გრან პრის სერიის  ტურნირებში, რომელიც 7 ეტაპად გაიმართა . ეტაპების შედეგების გათვალისწინებით საუკეთესო შედეგების მქონე 4 ქვეყნის მხოლოდ ექვსმა ყველაზე მაღალრეიტინგულმა წყვილმა მოიპოვა გრან პრის ფინალური საგზური, მათ  შორის ეტაპებზე მოპოვებული  1 ოქროს 1  ვერცხლის  მედლით ქართველი წყვილი მარია კაზაკოვა და გიორგი რევია ფინალის საგზურის მფლობელები გახდნენ.

ტურინი, გრან პრის მსოფლიო ფინალის შემდეგ, გამარჯვებულები გ.რევია-მ.კაზაკოვა

იტალიის ქალაქ ტურინში გამართულ ფინალურ ასპარეზობაზე, მაღალი კონკურენციის პირობებში ჩვენმა წყვილმა მ. კაზაკოვა და გ.რევიამ აშშ, რუსეთისა და საფრანგეთის წარმომადგენელ წყვილებს შორის, რითმულსა და თავისუფალ პროგრამებში ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა, ღირსეული გამარჯვება მოიპოვა და ჯამური შესაბამისად 174 და 90 ქულით, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველად, იუნიორთა შორის სპორტულ ცეკვებში გრან პრის ფინალის პირველი ადგილისა და ოქროს მედლების მფლობელები გახდნენ.
საქართველოსთვის ისტორიული მედლები მოვიპოვეთ 2020 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ლოზანაში. საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრებს ლიცენზიები ოთხივე სახეობაში ქონდა მოპოვებული. 19 ქვეყნის მონაწილე სპორტსმენს შორის 5 ქვეყნის მოციგურავეებმა შეძლეს მედლების მოპოვება, მათგან მხოლოდ ორმა  ევროპული ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოს მოციგურავეებმა ა. ბუტაევა -ლ.ბერულავას  სპორტულმა წყვილმა  ოქროს (გუნდური) და ბრინჯაოს (ინდივიდუალური) მედლები მოიპოვეს.საქართველოს ზამთრის სახეობების ისტორიებში ეს პირველი მედლებია ოლიმპიური თამაშებიდან.
ავსტრიის ქალაქ გრაცში ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე 32 ქვეყნის 164 სპორტსმენს შორის საქართველო წარმოდგენილი იყო შემდეგი მოციგურავეებით: ერთეულთა კატეგორიაში მორის ყვითელაშვილი, ირაკლი მაისურაძე, ალინა ურუშაძე და სპორტულ ცეკვებში მარია კაზაკოვა და გიორგი რევია. ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში პირველად ქართველმა მოციგურავეებმა იასპარეზეს სამ სახეობაში: ერთეული მამაკაცები, ქალები და სპორტული ცეკვები. 26 ქვეყნის 35 მოციგურავე მამაკაცს შორის მორის ყვითელაშვილი მესამე ადგილისა და ბრინჯაოს 2 მედლის მფლობელი გახდა, მათ შორის თავისუფალ პროგრამაში მოპოვებული ბრინჯაოს მცირე მედლის. ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე 32 ქვეყნის ერთიან რეიტინგულ სიაში საქართველომ მე- 3 პოზიცია დაიკავა რუსეთისა და საფრანგეთის შემდეგ და 32 ქვეყანას შორის იმ სამეულში შევიდა, რომლებმაც ევროპის მედლების მოპოვება შეძლეს. მსოფლიო რეიტინგულ სიაში მორის ყვითელაშვილმა საერთო 1705 ქულით მე-5 პოზიცია აჩვენა და ევროპული ქვეყნების მოციგურავეებიდან მე-2 რეიტინგით დაასრულა სეზონი.

2020 წ. მსოფლიო ჩემპიონატზე იუნიორთა შორის ტალინში  სულ მონაწილეობდა 43 ქვეყნის 174 სპორტსმენი.  საქართველო ასეთ ჩემპიონატზე პირველად იყო წარმოდგენილი 6 მოციგურავით ოთხივე კატეგორიაში- სპორტული ცეკვებში გამოდიოდა 22 ქვეყნის 29 წყვილი, მ.კაზაკოვა -გ.რევიას წყვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს: მოკლე და თავისუფალი პროგრამებისთვის და საბოლოო ჯამური მე-2 ადგილისათვის. ეს წყვილი ჯამური 1518 ქულით, იუნიორთა შორის სეზონის მსოფლიო რეიტინული სიის სათავეშია, რაც მათი იუნიორთა კატეგორიაში გამოსვლების დასრულების ღირსეული შედეგია.

  • განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა 2020 ნოემბერში მოსკოვში გამართული გრან პრის მე-3 ეტაპი

-მოსკოვში არენა ” მეგასპორტზე” გათამაშდა მედლების პირველი კომპლექტი მამაკაცებს შორის, რომელშიც სულ 12 მოციგურავე მონაწილეობდა რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან , ბელარუსიდან  და ქართველი მოციგურავე მორის ყვითელაშვილი. მას საკმაოდ კონკურენტულ გარემოში მოუხდა თავისი ახალი პროგრამების წარმოდგენა და რუსეთის ნაკრების 9 საუკეთესო მოციგურავე ვაჟს შორის. მხოლოდ რუსეთის ჩემპიონს, ევროპისა და მსოფლიოს  არაერთგზის პრიზიორ მიხეილ კოლიადას დაუთმო პირველობა ორი პროგრამის ჯამში ( 275,80 ქულა) , თუმცა სატურნირო ცხრილში მოკლე პროგრამის შედეგად მორისი ლიდერობდა. ქართველმა მოციგურავემ საკმაოდ რთული პროგრამები წარადგინა მოსკოვის ეტაპზე და ჯამურად 5 ოთხმაგი ნახტომი შეასრულა ორივე პროგრამაში. სეზონის დასაწყის ეტაპზე, საკმაოდ რთული წინა სეზონისა და დღევანდელი არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, მორის ყვითელაშვილის გამოსვლა ნამდვილად წარმატებული  შედეგია და მე-2 ადგილი და ვერცხლის მედალი  გარანტირებული შესაძლებლობაა გრან პრის ფინალში საგზურის მოსაპოვებლად.
2019 -2020  წლების  სპორტული  სეზონის მანძილზე  ქართველმა მოციგურავეებმა სულ 40 საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზეს და მედლების საერთო კალათაში 21 მედალი მოუტანეს ქვეყანას, მათ შორის 9 ოქროს, 7 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს.

  • 2021 წლის პირველ თვეებში სად უნდა ველოდოთ ჩვენი მოციგურავეების გამოსვლას და რა შანსები გვაქვს ამ ტურნირებზე?

წინ უფროსების მსოფლიო ჩემპიონატი გვაქვს, რომელიც მარტში შვედეთში გაიმართება.ეს უმნიშვნელოვანესი ჩემპიონატია ჩვენთვის, რადგან სწორედ აქ უნდა ვიბრძოლოთ ზამთრის 2022 წლის დიდი ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების მოსაპოვებლად. სამწუხაროდ პანდემია არ აძლევს ჩვენ სპორტსმენებს საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობის შესაძლებლობას და მათ პირდაპირ მსოფლიო ჩემპიონატზე უწევთ გამოსვლა.
ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, მწვრთნელთა შტაბს, სპორტსმენებს, ჟურნალისტებს და ყველა იმ გულშემატკივარს რომელთა მხარდაჭერა და გვერდში დგომა სტიმულს გვმატებს ვიბრძოლოთ კიდევ უფრო მაღალი მიღწევებისთვის.

ლუკა ბერულავა, ალინა ბუტაევა და მაკა გიორგობიანი

სალომე ჩიგოგიძე, მაკა გიორგობიანი, მორის ყვითელაშვილი, თენგიზ პაჭკორია

გიორგი რევია, მარია კაზაკოვა, თენგიზ პაჭკორია

მასალა მოამზადა თენგიზ პაჭკორიამ

ფოტოები მოგვაწოდა მაკა გიორგობიანმა