სუპერლიგის პირველი წრე რუსთავმა მოიგო

0
19

საკალათბურთო სუპერლიგის პირველი წრე დასრულდა. კოვიდ-რეგულაციების გამო ნოემბერსა და დეკემბერში გასამართი რამდენიმე მატჩი გადაიდო, რომლებიც 12 და 16 იანვარს ჩატარდა. ორი შეხვედრით პირველი წრე დასრულდა და ცხრილმაც, სადაც სუპერლიგის თერთმეტივე მონაწილეს 10-10 მატჩი აქვს ნათამაშები, მთლიანი სახე მიიღო.

პირველ მატჩში გათამაშების ლიდერი “რუსთავი” “მგზავრებს” დაუპირისპირდა. აღნიშნული სტატუსის გასამართლებლად ქვემოქართლელებს გამარჯვება სჭირდებოდათ. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა “რუსთავმა” დაკისრებულ მისიას თავი წარმატებით გაართვა და აუტსაიდერი “მგზავრები” 72:62 დაამარცხა.

ამ გამარჯვებით რუსთაველები ქულებით “ქუთაისს” გაუთანაბრდნენ, თუმცა იმერულ კლუბზე წინ პირადი მოგების ხარჯზე დადგნენ. გამარჯვებულთაგან საუკეთესო შედეგი გუგა პატაშურმა დააფიქსირა, რომელმაც 11 ქულა, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. ბომბარდირი კი მაიკ დევისი გახდა 18 ქულით. მგზავრებში 20 ქულით ტეილორ ედვეი გამოირჩა. 15 ქულა და 13 მოხსნა ჯეიდონ ფრედერიკის ანგარიშზეა. საუკეთესო შედეგი კი სოსო გოგნაძემ დააფიქსირა, რომელმაც 7 ქულა და ძალიან ბევრი – 21 მოხსნა მოაგროვა.

დღის მეორე და პირველი წრის ბოლო შეხვედრაში “დინამო” “კაკტუსს” დაუპირისპირდა. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილ კაკტუსელებს გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდათ, ერთის მხრივ, სატურნირო მდგომარეობა რომ გამოესწორებინათ და სუპერლიგიდან გასავარდნ ზონას დაშორებოდნენ და მეორეს მხრივ, ცხრილში მაღალი ადგილი დაეკავებინათ, რათა კარსმომდგარ საკანდელიძე-ქორქიას მემორიალზე შედარებით ხელსაყრელ ჯგუფი მოხვედრილიყვნენ.

აქვე დავაზუსტებთ, რომ 18 იანვარს დასაწყებ ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ჯგუფებში გუნდები სუპერლიგის პირველი წრის შედეგების მიხედვით გადანაწილდნენ. აქედან გამომდინარე, ამ მატჩის შედეგი მეტოქე გუნდებისთვის ერთობ ღირებული იყო.  კაკტუსელებმა მოიგეს და ცხრილში დიდი ნახტომი გააკეთეს: მე-10 ადგილიდან მე-5-ზე აღზევდნენ.

დისციპლინირებული და გამართული თამაშის წყალობით “კაკტუსმა” გამარჯვებას ისე მიაღწია, თამაში არ დაძაბულა. მეტ-ნაკლებად თანაბარი პირველი ნახევრის შემდეგ კაკტუსელებმა ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს და მუჰამედ ტაჩის გაწვრთნილი დინამო დარჩენილ დროში ახლოს არ მიიკარეს. საბოლოოდ 73:54 და კაკტუსი ცხრილში ეკვატორს მაღლა დაჯდა.

გამარჯვებულებს სამაი ჰეინს-ჯონსმა ულიდერა, რომელმაც საკვანძო მომენტებში უმნიშვნელოვანესი ბურთები ჩააგდო და 19 ქულას უწია. 17 ქულა და 11 მოხსნა ეი ჯეი სამბრის ანგარიშზეა. “ბათუმიდან” გადაბარგებულმა ლევან მასხულიამ კაკტუსელებს 9 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი მიაშველა. “დინამოში” 18 ქულითა და 10 მოხსნით ბარეტ ბენსონი გამოირჩა. 9 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი ტაილერ უილიამსის ანგარიშზეა.

სუპერლიგა 6 თებერვლიდან განახლდება, მანამდე კი გუნდები საკანდელიძე-ქორქიას მემორიალთან ერთად საქართველოს თასის გათამაშების პირველ, მერვედფინალურ რაუნდს მოილევენ.