გიორგი ნემსაძე თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრთნელია

0
21

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის “დინამო” ესპანელმა ჩისკო მუნიოსმა დატოვა, რომელიც “უოტფორდის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბს გორის “დილას” მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე ჩაიბარებდა. დღეს “დინამო არენას” მედიადარბაზში  კლუბმა ახალი მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად წარადგინა. შეხვედრას “დინამოს” დირექტორი, ზაზა დოლიძე ესწრებოდა.
საქართველოს ჩემპიონის ახალმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
გიორგი ნემსაძე (თბილისის “დინამოს” მწვრთნელი):
 „კარგად ვიცი, როგორი ტრადიციების გუნდია “დინამო”. ეს ძალიან მაღალი პასუხისმგებლობაა, მინდა მადლობა ვუთხრა კლუბის ხელმძღვანელობას ნდობისთვის. ჩვენი მიზანი უცვლელი იქნება – ჩემპიონობა და თასის მოპოვება და თუ უფრო მეტ წარმატებასაც მივაღწევთ, უკეთესი იქნება.
 გუნდის ბირთვის დაშლას არ ვემხრობი. ამიტომაც, იქნება იმ რგოლების შევსება, რომელიც ცოტა ჩავარდნილია და გუნდში კონკურენტუნარიანი გარემო იქნება. ეს ეტაპობრივად მოხდება. ჯერ შეთამაშებაზე ვიქნებით კონცენტრირებულები. შემტევი ფეხბურთის მომხრე ვარ და სათანადო მინიმალური ცვლილელები იქნება.
ჩემი პრიორიტეტი ახალგაზრდების ძირითად გუნდთან ინტეგრირება იქნება, ყველამ კარგად ვიცით, რამხელა პოტენციალი აქვს “დინამოს” აკადემიას. მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს რესურსი, რათა ახალგაზრდებს განვითარებაში ხელი შევუწყოთ და ევროპის წამყვან კლუბებში მოსახვედრად “დინამო” ტრამპლინად იქცეს”.
ნემსაძემ სამწვრთნელო კარიერა საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში დაიწყო, შემდეგ იყო თბილისის “შევარდენი” და ბოლოს გორის “დილა”, რომელთან ერთადაც კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მესამე ადგილი დაიკავა.