შვეიცარიის კლუბის 17 წლის ფეხბურთელი ნუცა ჟღენტი ოცნებობს მოხვდეს საქართველოს ნაკრებში

0
50

ბოლო წლებში მთელ მსოფლიოში და საქართველოში იზრდება ქალთა ფეხბურთის  პოპულარობა. ეს არ არის შემთხვევითი მოვლენა და ამას ისტორიული ფესვები აქვს. ქალთა ფეხბურთის ფუძემდებლად დიდი ბრიტანეთი ითვლება, 1895 წელს ლონდონში გაიმართა პირველი ოფიციალური მატჩი ჩრდილოეთ და სამხრეთ ლონდონის ქალთა გუნდებს შორის, XIX საუკუნის ბოლოს და XXს. დასაწყისში   ქალთა ფეხბურთმა ევროპის სხვა ქვეყნებშიც მოიკიდა ფეხი. თუმცა, 1920-1921 წლიდან ევროპის ბევრმა სახელმწიფომ აკრძალა ქალთა ფეხბურთი, მაგრამ მოყვარულთა დონეზე  ზოგიერთ ქვეყანაში ის მაინც არსებობდა. ეს აკრძალვა მოქმედებდა 1969 წლამდე: მსოფლიოში ქალთა უფლებებისთვის მოძრაობის განვითარებამ მოიტანა ის, რომ მოიხსნა აკრძალვა ქალთა ფეხბურთზე. 1970 წლიდან ათეულობით ქვეყანაში შეიქმნა და განვითარდა ქალთა გუნდები, დაფუძნდა ეროვნული ჩემპიონატები და საერთაშორისო ტურნირები, 1982 წლიდან ტარდება ევროპის ჩემპიონატები ქალთა ფეხბურთში, 1991 წ.-მსოფლიო ჩემპიონატები, 1996 წლიდან ქალთა ფეხბურთი ოლიმპიურ სახეობად იქცა.

თბილისის ქალთა საფეხბურთო კლუბი “ივერია” 1988 წელი

სსრკ -ში პირველი საკავშირო ტურნირი ქალთა ფეხბურთში 1972 წელს გაიმართა დნეპროპეტროვსკში (უკრაინა), ეს იყო კოსმონავტ ვალენტინა ტერეშკოვას  სახელობის თასის გათამაშება. არსებული ინფორმაციით,საქართველოში ქალთა პირველი საფეხბურთო ჯგუფები  შეიქმნა 1975 წელს, როდესაც თბილისის მე-3 სამედიცინო სასწავლებლის მოსწავლეები მწვრთნელ ავრორი ტალახაძის ხელმძვანელობით ვარჯიშობდენენ  ვერის ბაღის დარბაზში, სასწავლებლის პირველობაც კი ჩატარებულა. მაგრამ ეს წამოწყება ჩაიშალა, რადგან სსრკ სპორტისა და ჯანდაცვის სისტემის მესვეურებმა აკრძალეს ქალთა ფეხბურთი სსრკ ყველა რესპუბლიკაში, მათ შორის საქართველოშიც. 1980 წლების დასაწყისში ევროპაში ქალთა ფეხბურთი ძალიან პოპულარული გახდა, ცოტა ხანში საბჭოთა იმპერიის ხელმძღვანელებმა  შეიცვალეს პოზიცია და მოხსნეს აკრძალვა ქალთა ფეხბურთზე, მათ შორის საქართველოშიც.

80-იანი წლები შუა პერიოდში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში (ფოთი, თბილისი, ქუთაისი, ლანჩხუთი,, ბათუმი,სოხუმი  და ა.შ.) ჩამოყალიბდა ქალთა საფეხბურთო გუნდები. 1985 წლის თებერვალში  თბილისის მე-3 სამედიცინო სასწავლებლის ბაზაზე შეიქმნა ფეხბურთელ გოგონათა გუნდი, რომლის მწვრთნელი ნუკრი ჩიგოგიძე, მთავარი მწვრთნელი კი ავრორი ტალახაძე იყვნენ. ამ გუნდის კაპიტანმა, 80-იანი  წლების ბოლოს  პოპულარულმა ფეხბურთელმა ირმა მერაბიშვილმა ამ სტრიქონების ავტორთან საუბრისას აღნიშნა, რომ  «ქალთა ფეხბურთის

პოპულარიზაციას ხელი შეუწყო 1985 წლის 9 აპრილს თბილისში შვედეთის  ქალთა გუნდების საჩვენებელმა თამაშმა „დინამოს“  სტადიონზე».» ჩვენი სასწავლებლის გოგონათა გუნდი მთლიანი შემადგენლობით  ესწრებოდა ამ ისტორიულ შეხვედრას, ტრიბუნებზე  ტევა არ იყო-თითქმის 80 ათასი ადამიანი დაესწრო ამ თამაშს (იხ.სტატია გაზეთ «ლელოში», 1985 წლის 11 აპრილის ნომერი  http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/206210/1/Lelo_1985_N69.pdf?fbclid=IwAR1CzRUtkwSsAJ6eDQqIQK66jXiHM3HpRrJhkrLT1OQt6s-a3fvY_cxkFfs  –ავტორი ), ამ მატჩის შემდეგ მოხდა  ქალთა ფეხბურთის  პოპულარიზაცია საქართველოში,  ჩატარდა ტურნირები სამედიცინო სასწავლებლების გუნდებს შორის»-აღნიშნა ირმამ. მან ხაზი გაუსვა, რომ  თბილისის მე-3 სამედიცინო სასწავლებლის გუნდი, რომელიც იმ პერიოდში „სპარტაკის“ სახელით გამოდიოდა, პირველობას არავის უთმობდა. «მალე ქართველი გოგონები შეხვდნენ შვედეთის ფეხბურთელ გოგონათა გუნდებს და 3 თამაში ასეთი ანგარიშებით დამთავრეს: 0-2, 2-0 და 2-0.»,-იხსენებსს ი. მერაბიშვილი.

თბილისის ქალთა საფეხბურთო კლუბი “ივერია” 1988 წელი

1987 წლის აგვისტოში, მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გაიმართა საკავშირო ტურნირი ქალთა ფეხბურთში (ტურნირი მოსკოვის ყოველკვირეულ  „სობესედნიკის“ პრიზზე), სადაც თბილისის მე-3 სამედიცინო სასაწავლებლის გუნდმა მე-2 ადგილი დაიკავა. ამ ტურნირის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ   მოლდოველი ჟურნალისტის ანდრეი პროდანის ვრცელ სტატიაში. https://andron-prodan.blogspot.com/2017/12/blog-post_13.html?spref=fb&fbclid=IwAR14np8has822saOqNi6lJKRt_xEVVWeRIqnbsZvfQDmi4-gQiLxg7TwVP

ი. მერაბიშვილმა გვაცნობა, რომ კიშინიოვის ტურნირის შემდეგ მათ გუნდს დაერქვა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ფეხბურთელ გოგონათა გუნდი „ივერია“, რომელიც იმ პერიოდში თითქმის დაუმარცხებლად თამაშობდა საქართველოში უკვე არსებულ  გუნდებთან. „1988 წლის აპრილში „ივერიას“ ძალების გამოცდა მოუხდა თბილისში ჩამოსულ ქ. შელეფტეოს გუნდთან. მატჩი შედგა „ლოკომოტივის“  სტადიონზე,. ეს შეხვედრა  ჩვენ მოვიგეთ 2-0“ – აღნიშნა ი.მერაბიშვილმა. იმავე წლის მაისში „ივერია“ მიწვეულ იქნა უკრაინის დედაქალაქში, სადაც გაიმართა „ვეჩერნი კიევის“ საკავშირო ტურნირი. „ივერიამ“ იქ  მე-3 ადგილი დაიკავა.

1988 წლის 7-10 ივლისს  მოსკოვის ოლქის ქ. კაშირაში გაიმართა სსრკ-ს პირველი არაოფიციალური ჩემპიონატი ქალთა ფეხბურთში, რომელშიც სხვადასხვა რესპუბლიკის  20 საუკეთესო გუნდი მონაწილეობდა. „ივერია“( მთ. მწვრთნელი ავრორი ტალახაძე, მწვრთნელი   რამაზ მაღლაფერიძე) გახდა  სსრკ ჩემპიონატის გამარჯვებული.

სსრკ-ს  პრესა და ტელევიზია 1987-1988 წწ აღნიშნავდა ჩვენი გუნდის ნახევარმცველების ირმა მერაბიშვილის და ნანა გელბახიანის, შესანიშნავი ფორვარდების ირმა ქარდავას ( მეტსახელი მარადონა) და ინგა სულამანიძის,  საიმედო მეკარის ირინა მერაბიშვილის, მცველების მაყვალა ამზოევას, ფატი კვანტალიანის, ინგა იუხანოვასა და  მარინა მოვსესიანის  თამაშს.

2014 წლის მაისი, ლოზანა ქართველები (მეორე რიგი ზის ნუცა ჟღენტი) ქომაგობენ ჭაბუკთა ნაკრებს

„ივერია“ 1988 წელს ძალიან ძლიერი გუნდი იყო – ფაქტიურად საქართველოს ნაკრები, რომელშიც  თამაშობდნენ თბილისში, ქუთაისში , საჩხერეში, სამტრედიაში, წალენჯიხასა და სხვა ქალაქებში გაზრდილი გოგონები,  «ივერია»  დამსახურებულად გახდა სსრკ -ს ჩემპიონი, ჩვენ მოვიპოვეთ მაყურებლისა და სპეციალისტების აღიარება“ – გვითხრა   რამაზ მაღლაფერიძემ, რომელიც  1970 წლების ბოლოს თამაშობდა  გერმანიასა და  ლენინგრადის საფეხბურთო გუნდებში, 1979 წლიდან კი დაბრუნდა მშობლიურ ქუთაისში, სადაც 1986 წელს შექმნა ქალთა გუნდი «იმერეთი», 1988 წ.კი იყო «ივერიის» ერთერთი მწვრთნელი და თავკაცი..

კაშირაში ჩატარებული ჩემპიონატის შემდეგ  „ივერიამ“ მიიღო მონაწილეობა ჩეხოსლოვაკიის ქ. ლიბერცში გამართულ საერთაშორისო ტურნირში.1989 წლის სექტემბერში საქართველოში ჩამოვიდა სსრკ ჩემპიონატის ფინალისტი მოსკოვის ფიზკულტურის ინსტიტუტის გუნდი,რომელიც ხობში დამარცხდა  ქართველ გოგონათა გუნდთან-1-2.  გუნდში მოვიდნენ  ახალი  საინტერესო და ძლიერი მოთამაშები, მათ შორის სპეციალისტები გამოყოფენ ეკა შეშაბერიძეს, ნანა შუბითიძეს, ზინა ორჯონიკიძეს , მოგვიანებით უფრო დეტალურად გაგაცნობთ იმ გუნდის წარმატებებს და მოთამაშეებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 1990 წლის 15 თებერვალს უარი თქვა საკავშირო ჩემპიონატში საქართველოს კლუბების მონაწილეობაზე, რასაც სოლიდარობა გამოუცხადა გოგონათა გუნდმა „ივერიამ“ და უარი თქვა  ოფიციალურ პირველ საკავშირო ჩემპიონატზე. ამის შემდეგ ,,ივერიამ“ ჩაატარა საერთაშორისო მატჩები აშშ-ს და ლიეტუვის გოგონათა გუნდებთან .1990 წელს ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი ქალთა ფეხბურთში-ჩემპიონი გახდა თბილისის მე-3 სამედიცინო სასწავლებლის გუნდი, მე-2 ადგილზე გავიდა ჭიათურის გუნდი, მე-3 ადგილზე ,,ივერია“.

1990  წლებში საქართველოს ქალთა ნაკრები და ჩვენი გუნდები მონაწილეობდნენ რამდენიმე საერთაშორისო ტურნირში, ნაკრები კი ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევ ციკლში, 1990-2000 წლებში ქალთა ფეხბურთის განვითარებაში იყო სირთულეები, რომელიც გამოწვეული იყო ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პრობლემებით, ეს არის ცალკე საუბრის თემა-ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. ბოლო წლებში საქართველოში ქალთა ფეხბურთი კვლავ პოპულარული გახდა, 2016 წლიდან ტარდება ეროვნული ჩემპიონატი, იზრდება ქალ ფეხბურთელთა რაოდენობა, თუმცა არსებოს კიდევ ბევრი პრობლემა, რომლის გადაწყვეტის შემდეგ  ქალთა ფეხბურთი უფრო სწრაფად უნდა განვითარდეს. მიმდინარე წლის ნოემბერში დიდი სიხარული  მოგვიტანა ქსკ „ლანჩხუთმა“ (საქართველოს 2019 წლის ჩემპიონი, 2018 და 2020 წლის ვიცე-ჩემპიონი), რომელმაც ევროპის ჩემპიონთა ლიგის ორი საკვალიფკაციო ეტაპი გადალახა( გასვლით მატჩებში დაამარცხა ყაზახეთის „ოკჟეტპესი“ 2-1 და რუმინეთის  „ოლიმპი კლუჟი“-1-0)   და გავიდა ჩემპიონთა ლიგის 1/|16. „ლანჩხუთი“ გახდა პირველი გუნდი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, რომელიც  ლიგის პლეი-ოფფში გავიდა, სადაც ორივე მატჩში დამარხცდა  შვედეთის ქსკ „როზენგარდთან“, რომლის ბიუჯეტი, მომზადების პირობები და ფეხბურთელების კლასი ამ ეტაპზე აშკარად აღემატება ჩვენ პირობებს.  მაგრამ ლანჩხუთის გუნდმა, რომლის ძირითად ბირთვს წარმოადგენენ გურიაში, იმერეთში, სამეგრელოში, სვანეთში, აჭარასა  და აფხაზეთში (გალის რაიონში) დაბადებულ-გაზრდილი გოგონები, ამ ორი  გამარჯვებით დიდი ბიძგი მისცა ქალთა ფეხბურთის განვითარებას საქართველოში.

ამ სტრიქონების ავტორმა ბოლო დროს ასობით წერილი მიიღო საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და უცხოეთიდან, რომელშიც საუბარია  ქალთა ფეხბურთის ისტორიაზე, დღევანდელ დღეზე და იმ გოგონებზე, რომლებიც უცხოეთში თამაშობენ. ერთერთი მათგანია შვეიცარიის კლუბ «FC Signal Bernex» 17 წლის ფეხბურთელი ნუცა ჟღენტი. მასზე ინფორმაცია მომაწოდა ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა  ალექსანდრე მაისურაძემ (2020 წლის ივნისამდე ის იყო საქართველოს  ოფიციალური წარმომადგენელი ნატო-ში), რომელიც არის სპორტის დიდი გულშემატკივარი და მცოდნე.

ნუცა ჟღენტი შვეიცარიელ თანაგუნდელებთან ერთდ

« შვეიცარიაში ჩვენ დიდი ყურადღებით ვადევნებდით თვალს ქსკ „ლანჩხუთის“გამოსველებს ყაზახეთსა და რუმინეთში, ძალიან გაგვიხარდა მათი წარმატებული თამაში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, განსაკუთრებით ეს ამბავი გაუხარდა 17 წლის ნუცა ჟღენტს, რომელიც კარგად თამაშობს ჟენევის კლუბ  «FC Signal Bernex» “ -აღნიშნა ა. მაისურაძემ და დასძინა, რომ 2014 წლის მაისში იმ დროს 11 წლის ნუცა მშობლებთან და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად ქომაგობდა საქართველოს ჭაბუკთა U(U-19) საფეხბურთო ნაკრებს, რომელმაც ლოზანაში ანგარიშით 2-0 დაამარცხა შვეიცარია ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის მატჩში.

ა.მაისურაძეს ამ სიტყვებმა ძალიან დამაინტერესა, რადგან მე ვესწრებოდი იმ მატჩს ლოზანაში და ვაშუქებდი მას ქართულ და უცხოურ პრესაში. დავუკავშურდი ჟენევაში მცხოვრებ ნუცა ჟღენტს და მამამისს  ირაკლის. მათ გამომიგზავნეს 2014 წლის ლოზანაში გამართული შეხვედრის ფოტოები, ყველაფერი გამახსენდა, იმ მატჩს ესწრებოდა შვეიარიაში მცხოვრები დაახლოებით 200  ქართველი. ჩემი საუბარი ნუცასთან დაიწყო იმ დღის გახსენებით, რის შემდეგ გადავედით მის გატაცებაზე ფეხბურთით.

 –ნუცაროგორ გახდით ფეხბურთელიმშობლები ხომ არ იყვნენ წინააღმდეგი?

-მე დავიბადე 2003 წლის 28 ნოემბერს ვაშინგტონში, სადაც 2002-2006 წწ  ცხოვრობდნენ  ჩემი მშობლები ირაკლი ჟღენტი და მაკა ფანჯიკიძე, შემდეგ ერთი  წლით დავბრუნდით თბილისში, 2007-2010 წწ ვცხოვრობდით ნიუ-იორკში, 2011-2013 წწ კვლავ თბილისში, სადაც მე დავიწყე  ფეხბურთის თამაში, 9 წლის ვიყავი როცა დავიწყე ფეხბურთის თამაში ბიჭებთან ეზოში. ჩემ მშობლებს, განსაკუთრებით მამაჩემს, ძალიან უყვარს ფეხბურთი,მაგრამ ისინი არც  ფიქრობდნენ იმაზე, რომ მათი გოგო ფეხბურთით იქნებოდა გატაცებული(იცინის). 2013 წლის ბოლოდან ჩვენ ჟენევაში ვცოხვრობთ, აქ მე გავაგრძელე სწავლა და ფეხბურთის თამაში -ჯერ საბავშვო, შემდეგ ახალგაზრდულ გუნდში. ამიტომ ჩემი გამოჩენა  ლოზანაში შვეიცარია-საქართველოს თამაშზე (2014 წ.) არ იყო  შემთხვევითი – მე არამარტო მოვედი მატჩზე მშობლებთან ერთად, არამედ წმინდა  ფეხბურთელის თვალით მსურდა შეხვედრის ნახვა.  2015- 2018 წწ მე ვთამაშობდი შვეიცარიის გუნდში  FC Chenios Feminin (გუნდი არის კლუბ  Servette პატრონაჟის ქვეშ), თავდამსხმელი ვარ, მიყვარს არამარტო გოლების გატანა, არამედ საგოლე გადაცემები გუნდელებისთვის. 2018 წლის შემოდგომიდან დღემდე ვთამაშობ კლუბ  «FC Signal Bernex», გუნდში მეგობრული ატმოსფეროა, მწვრთნელები და ფეხბურთელები ყურადღებიანი არიან. მიმდინარე წელს პანდემიის  გამო მატჩები მაყურებლების გარეშე ტარდება, იმედია, მომავალი წლის გაზაფხულიდან პანდემია შენელდება და მატჩები განახლდება მაყურებლების დასწრებით.

თვალყურს ადევნებთ ხომ საქართველოს საფეხბურთო ცხოვრებას?

-მთელი ჩვენი ოჯახი და ახლობლები ვეცნობით ჩვენ საფეხბურთო ცხოვრებას. ძალიან განვიცადეთ საქართველოს ეროვნული ნაკრების 12 ნოემბრის მარცხი ჩრდ.მაკედონიასთან, სამაგიეროდ ძალიან გაგვიხარდა ქსკ „ლანჩხუთის“ გამარჯვებები  ევროპის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში ყაზახეთსა და რუმინეთში, ეს დიდი წარმატებაა-ვულოცავ გოგოებს. აგრეთვე თვალყურს ვადევნებ საქართველოს ქალთა ნაკრების მატჩებს. შვეიცარიაში ისეთ დონეზე მინდა ვითამაშო, რომ დავიმსახურო  გამოძახება საქართველოს ნაკრებში – ჯერ ასაკობრივში (U-19), შემდეგ კი ეროვნულში.  ვიცი, რომ ამისთვის ბევრი უნდა ვიშრომო. უნდა ვაჩვენო შედეგიანი და სასარგებლო თამაში. მე ვარ საქართველოს მოქალაქე, არ ვაპირებ მოქალაქეობის შეცვლას და გულის სიღრმეში ვოცნებობ საქართველოს ნაკრებში მოხვედრაზე.

სად სწავლობთკიდევ რით ხართ გატაცებული?

– ვსწავლობ ჟენევაში  Ecole Jean Piaget-ში, მიყვარს მუსიკა, ლიტერატურა და ფეხბურთის ისტორია, მშობლიური ქართულის გარდა ვიცი ინგლისური და ფრანგული. ჩემ უმცროს დაიკოსთან ერთად (კესარია 6 წლისაა)  თითქმის ყოველ წელს ზაფხულობით ჩამოვდივართ საქართველოში, მენატრება თბილისი და ბათუმი (მამა ბათუმელია). მინდა ყველა მოვიკითხო ვისთანაც ბავშვობაში ფეხბურთი მითამაშია თბილისში, განსაკუთრებული მოკითხვა გოგონებს -ქსკ  «ლანჩხუთის»  და საქართველოს ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს.

 მასალა მოამზადა თენგიზ პაჭკორიამ

 timer.ge დეკემბერი 19, 2020