გიორგი კვესელაძე “გლოსთერში” ორი წლით!

0
9

ბორჯღალოსანთა შუამარბი გიორგი კვესელაძე დეკემბრის ბოლომდე ინგლისში ჩავა და პრემიერშიფის ‘გლოსთერს’ შეუერთდება. აღსანიშნავია, რომ კვესელაძე პირველი ქართველი უკანახაზელია, რომელიც პრემიერშიპში ითამაშებს.
„შემოდგომის ერთა თასზე“ ბრწყინვალე თამაშის შემდეგ, როგორც შეტევაში ასევე დაცვაში, 23 წლის მორაგბე არაერთი ევროპული კლუბის ინტერესის სფეროდ იქცა და საბოლოოდ, კვესელაძემ ‘გლოსთერთან’ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
„შემოდგომის ერთა თასის შემდეგ რამდენიმე შემოთავაზება მქონდა. ჩემმა აგენტმა ‘გლოსთერთან’ დამაკავშირა, რამაც ძალიან გამახარა და 2-წლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი. ვფიქრობ, ეს საუკეთესო გუნდია ჩემი განვითარებისთვის. დიდი ალბათობით, ახალ გუნდს შობამდე შევუერთდები“ – გახარებულია კვესელაძე.
‘გლოსთერი’ ერთ-ერთი უძველესი კლუბია. მისი ისტორია 147 წელს ითვლის და საშინაო თამაშებს „კინგსჰოლმ სთედიუმზე“ ატარებს, სადაც 2015 წლის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნებსაც უთამაშიათ. ის ხუთჯერ დაეუფლა ინგლისის პრემიერშიფის ვერცხლის მედლებს და ორჯერ გახდა ჩელენჯ ქაფის გამარჯვებული.
„ჩემთვის ძალიან საამაყოა ასეთი ისტორიის მქონე გუნდში თამაში. კარგად ვიცნობ მის წარსულს და გახარებული ვარ, რომ მეძლევა შანსი, გავხდე ‘გლოსთერის’ წევრი. ამავდროულად, ვგრძნობ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას. ჩემს ცხოვრებაში ახალი გამოწვევები იწყება“ – ამბობს გიორგი, რომელსაც უკვე ჰქონდა კომუნიკაცია ახალ მწვრთნელებთან:
„მათ მითხრეს, რომ ჭირდებათ ისეთი მოთამაშე, როგორიც ვიყავი „შემოდგომის ერთა თასზე“.
განვლილ ტურნირზე კვესელაძე საიმედო იყო, ხოლო განსაკუთრებულად კარგი თამაში ირლანდიასთან ჩაატარა, სადაც ულამაზესი ლელო გაიტანა და 17 ბოჭვა შეასრულა:
„მიუხედავად იმისა, რომ ყველა თამაში დავთმეთ, შემოდგომის ერთა თასი მაინც ნაყოფიერი იყო. ნაკრებმა, როგორც გუნდმა, უდიდესი გამოცდილება შეიძინა. ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ასეთ გუნდებთან ხშირი თამაში, რათა კიდევ უფრო გავიზარდოთ და წინ წავიდეთ“.
„პირადად მე, ამ თამაშებმა დამანახა, თუ რაზე მაქვს მეტი სამუშაო“.