შერმადინის 16 ქულა, ტენერიფეს გამარჯვება თურქეთში

0
12

ესპანეთის ჩემპიონატში შედეგიანად მოასპარეზე “ტენერიფე” ჩემპიონთა ლიგაშიც ყოჩაღობს. გიორგი შერმადინის გუნდმა ფიბა-ს ნომერ პირველ საკლუბო ტურნირში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ტენერიფელები სტამბოლში “გალათასარაის” დაუპირისპირდნენ და დამაჯერებლად – 104:89 დაამარცხეს.

ტრადიციულად, ქართველმა ცენტრმა შედეგიანად ითამაშა, თუმცა ამჯერად ის საუკეთესო არ გამხდარა. ზეშედეგიანობა ფინელმა მსროლელმა – საშუ სალინმა გამოავლინა, რომელმაც 11 ცდიდან 8 სამქულიანი ჩააგდო, ჯამში კი 34 ქულა მოაგროვა. საერთოდ, ტენერიფელებმა სასწაული შორი მიზანი გამოავლინეს. სპენსერ ბატერფილდმა 5-დან 5 სამქულიანი ჩააგდო, მთლიანობაში კი ესპანურმა კლუბმა 30-დან 19 სამიანი მიითვალა და ამ კომპონენტში საშუალო სროლებზე (30-დან 16) უკეთესი პროცენტულობა აჩვენა.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 25 წუთი გაატარა და სარგებლიანობის ინდექსით ტენერიფელთა შორის, სალინისა და ბატერფილდის შემდეგ, რიგით მესამე შედეგი უჩვენა. შერმადინმა 8-დან 6 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ქართველი ცენტრის ანგარიშზე 16 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი დაგროვდა.

3 მოგებითა და 1 მარცხით “ტენერიფე” ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში მეორე ადგილზეა დაუმარცხებელი “დინამო სასარის” შემდეგ. შერმადინის გუნდი მორიგ მატჩს სწორედ ლიდერ “დინამოსთან” გამართავს, ოღონდ მომავალი წლის 6 იანვარს.