შეუჩერებელი შერმადინი: 21 ქულა ბურგოსთან და მე-12 გამარჯვება სეზონში

0
12

გიორგი შერმადინის წინამძღოლობით “ტენერიფე იბეროსტარმა” მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ტენერიფელებმა “ბურგოს ჰერედას” უმასპინძლეს, რომლის ერთ-ერთი ლიდერი საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი ლეგიონერი თად მაკფადენია. შეხვედრა ტენერიფელთა გამარჯვებით – 84:79 დასრულდა, რითაც წარმატებით გაგრელდა კუნძულელთა ტრიუმფალური სვლა ესპანეთის ჩემპიონატში, სადაც შერმადინის გუნდს უკვე 12 მოგება და მხოლოდ ერთი მარცხი აქვს.

შერმადინი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მან ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 29 წუთში 21 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 9-დან 6 ორქულიანი და 10-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. შერმადინმა ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთი ჯარიმა მიიღო და მასზე მეტოქეები 7-ჯერ დაჯარიმდნენ.

ქართველი ფორვარდის სარგებლიანობის ინდექსმა 30 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი გახლდათ. რაც შეეხება მაკფადენს, მას თამაში არ წაუვიდა. არასრულ 23 წუთში მაკფადენმა 7 ქულა, თითო პასი-ჩაჭრა მიითვალა. ბურგოსელთა შორის საუკეთესო დეიან კრავიჩი იყო 18 ქულითა და 11 მოხსნით.

13 მატჩიდან 12 გამარჯვებით ტენერიფე მე-2 ადგილზეა. შემდეგ ტურში, 20 დეკემბერს, შერმადინის გუნდი სტუმრად “ბასკონიას” შეხვდება.