პარიზში ფრანგებს დავუზავდით

0
34

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი გამართა. ავთანდილ ასათიანის გუნდი სტუმრად საფრანგეთს დაუპირისპირდა და მატჩი პარიზში ფრედ 4:4 დასრულდა.
შეხვედრაში ანგარიში მე-2 წუთზე რამირესმა პენალტით გახსნა და საფრანგეთი დააწინაურა. საქართველოს ნაკრებმა მალევე გაათანაბრა, იმავე წუთზე გოლი ბინიოს ანგარიშზეა. წონასწორობის აღდგენის შემდეგ უპირატესობას ჩვენი გუნდი დაეუფლა და ორ წუთიან მონაკვეთში წინ გასვლაც მოახერხა. მე-8 წუთზე მეტოქის კარი რონინიომ აიღო, მე-10-ზე კი, ეროვნული ნაკრების დებიუტანტმა, ელისანდრომ გაიტანა. საქართველოს ნაკრებმა ტაიმის ბოლომდე უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა, მე-17 წუთზე ალამ პენალტით სხვაობა შეამცირა, მე-20 წუთზე კი, მოჰამედიმ დუბლი შეასრულა და საკუთარი გუნდი დააწინაურა.
მეორე ტაიმი ავთანდილ ასათიანის გუნდის უპირატესობით წარიმართა და მეტოქის კართან რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შეიქმნა. საბოლოოდ 33-ე წუთზე სიმი საიოტიმ ანგარიში გაათანაბრა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

საფრანგეთი 4:4 საქართველო
პარიზი
საფრანგეთი: ჰარუნი, რამირესი, ლუტინი, მოჰამედი, მუჰუდინი
სათადარიგო შემადგენლობა: დურო, ბელჰაი, სადუი, ტეიშეირა, კებე, აიგუნი, ნ’გალა, ზაკეჰი, ალა
მთავარი მწვრთნელი: პიერ ჟაკი
საქართველო: კუპატაძე, შაგინია, რონინიო, საიოტი, ბინიო
სათადარიგო შემადგენლობა: ბუკია, გიორგაია, თოფურია, კეკელია, თოდუა, ჯვარაშვილი, სებისკვერაძე, ელისანდრო
მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი
გოლები: 1:0 რამირესი (პენ) (01:26), 1:1 ფილიო (01:59), 1:2 რონინიო (07:23), 1:3 ელისანდრო (09:07), 2:3 ალა (პენ) (16:05), 3:3 მოჰამედი (19:10), 4:3 მოჰამედი (19:50), 4:4 საიოტი (32:18)
მსაჯები: ადმირ ზაჰოვიჩი (სლოვენია), ალეშ მოცნიკი (სლოვენია), სედრიკ პელისიერი (საფრანგეთი)

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მომდევნო შეხვედრას 2 თებერვალს საკუთარ მოედანზე რუსეთის წინააღმდეგ გამართავს.
შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში ასპარეზობს. ავთანდილ ასათიანის გუნდის მეტოქეები კი საფრანგეთი და რუსეთი არიან. მესამე გუნდის ვინაობა, ბულგარეთი/სომხეთის წყვილში 9 დეკემბერს გაირკვევა. ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპი ექვს ტურად მომავალი წლის აპრილის ჩათვლით გაიმართება.