კვესელაძის ლელო – საუკეთესო შემოდგომის ერთა თასზე!

0
17
Autumn Nations Cup, Aviva Stadium, Co. Dublin 29/11/2020 Ireland vs Georgia Georgia’s Giorgi Kveseladze breaks past Ireland's Billy Burns on his way to scoring his side’s first try of the game Mandatory Credit ©INPHO/Ryan Byrne

ბორჯღალოსანთა ცენტრის, გიორგი კვესელაძის მიერ ირლანდიასთან გატანილი ლელო, გულშემატკივართა ხმათა უმრავლესობით შემოდგომის ერთა თასის საუკეთესო ლელოდ აღიარეს.
24 წლის მორაგბემ ლელო მესამე რაუნდში გაიტანა. მან საკუთარ ნახევარზე, ცენტრის სიახლოვეს შექცეული პასის შემდეგ გაჭრა ხაზი, ერთი მცველი ცრუმოძრაობით ჩამოიცილა, მეორეს ბოჭვას გაექცა და 5-მეტრიანში ორი ირლანდიელის ბოჭვის მიუხედავად, ბურთი ძელებსშუა დაამიწა.
შედეგად, კვესელაძე მოხვდა პრაქტიკულად ყველა სარაგბო გამოცემის მესამე რაუნდის სიმბოლურ გუნდში, მათ შორის ოფიციალური ვერსიით; ჯერი ტურის საუკეთესო მოთამაშის და ლელოს შერჩევაზე მიდგა, საქმეში გულშემატკივრები ჩაერთვნენ და ქართველი ცენტრი ხმათა 89%-ით საუკეთესო მოთამაშე, ხოლო მისი ლელო 92%-ით საუკეთესო ლელო გახდა.

ტურნირის დასრულების შემდეგ, „შემოდგომის ერთა თასის“ ორგანიზატორებმა საუკეთესოების შერჩევა კვლავ გულშემატკივრებს ანდეს და გიორგი კვესელაძის ლელო, 65%-ით ტურნირის საუკეთესო ლელო გახდა!

„მადლობა ქართველ გულშემატკივარს, რომელთა მხარდაჭერას მთელი ტურნირის განმავლობაში ვგრძნობდი. განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც სხვადასხვა ნომინაციებში მხარდაჭერა გამომიცხადა. ვეცდები კიდევ უფრო განვვითარდე და მათი იმედები გავამართლო“ – თქვა კვესელაძემ.
კვესელაძის საერთაშორისო დებიუტი 2017 წელს თბილისში, კანადასთან მატჩში შედგა. მას შემდეგ მან 29 კეპი მოიხვეჭა და 5 ლელო გაიტანა.