არგენტინელი და პორტუგალიელი სუპერვარსკვლავების, ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ბოლო შეხვედრიდან ორ წელიწადზე მეტი იყო გასული და მათი გზები ისევ გადაიკვეთა. ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში ბარსელონამ “კამპ ნოუზე” იუვენტუსს უმასპინძლა. ორივე გუნდს პლეი ოფის საგზური მოპოვებული ჰქონდა, მაგრამ ინტრიგა მაინც იყო – პირველი ადგილი. რონალდ კუმანის გუნდი უკეთეს სიტუაციაში იყო – სამი გოლი არ უნდა გაეშვა. თუმცა, როგორც ლა ლიგის განვლილმა ტურებმა დაგვანახა, რაც ჩემპიონთა ლიგაზე არ გამოჩნდა კატალონური გრანდი ცუდ დღეშია.
იუვენტუსიც არ ბრწყინავს, მაგრამ ტურინულმა კლუბმა ბარსელონაში ბრწყინვალედ ითამაშა და “კამპ ნოუზე” ისტორიაში მეორედ მოიგო. იტალიელებმა საწყის 20 წუთში ორჯერ გაიტანეს და თავისი ამბიციები ნათლად წარმოაჩინეს. კრიშტიანუ რონალდუმ თავისივე მოპოვებული პენალტი ზუსტად დაარტყა, ხოლო შემდეგ ვესტონ მაკენიმ აკრობატულ ნახტომში ულამაზესი გოლით სხვაობა ორამდე გაზარდა. იუვეს პირველი ადგილისთვის კიდევ ერთი გოლი სჭირდებოდა და მიზანსაც მიაღწია. მეორე ტაიმის დასაწყისში კლემენ ლენგლემ საჯარიმოში ხელით ითამაშა და ბარსას კარის მიმართულებით მეორე პენალტი დაინიშნა, რომელიც პორტუგალიელმა კიდევ ერთ გოლად აქცია და დუბლი შეასრულა.
იუვენტუსმა სამბურთიანი უპირატესობა თამაშის ბოლომდე მშვიდად შეინარჩუნა და ტურინში 0:2 წაგების შემდეგ ღირსეული რევანში აიღო. რონალდუსა და მესის პირად დუელში კი ამჯერად გამარჯვება კრიშტიანუს დარჩა. მან ჩემპიონთა ლიგაზე პირველად გაიტანა იმ თამაშში, როდესაც მესის წინააღმდეგ თამაშობდა.