მამუკელაშვილის კარიერის საუკეთესო მატჩი NCAA-ში: 30 ქულა პენსილვანიასთან

0
11

სანდრო მამუკელაშვილმა კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. 21 წლის ქართველმა ფორვარდმა ამერიკის სტუდენტური ლიგის მორიგ მატჩში “პენსილვანია სტეიტის” წინააღმდეგ 30 ქულა მიითვალა, რითაც პირადი რეკორდი დაამყარა. რაც ამერიკის სტუდენტურ ლიგაშია, 3 წლის მანძილზე მამუკელაშვილს 30-ქულიანი ბარიერისთვის არ მიუღწევია. 1 კვირის წინ მან 25 ქულა მიითვალა, თუმცა ეს შედეგი დღეს, გამთენიისას, ოვერტაიმში მოგებულ მატჩში გააუმჯობესა.

მამუკელაშვილი რომ სტუდენტურ ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია, ეს ცნობილი ამბავია. ლიგის ხელმძღვანელობამ ის სეზონის წინ იმ საუკეთესო ფორვარდებს შორის დაასახელა, რომელთაგან სეზონის ბოლოს კარლ მელოუნის პრიზის მფლობელს აირჩევენ. ცნობილი ამერიკელი მოთამაშის პრიზს სტუდენტური ლიგის საუკეთესო ფორვარდს აძლევენ.
“პენსილვანია სტეიტთან” მამუკელაშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 41 წუთი გაატარა. შეხვედრის ბედი ოვერტაიმში გადაწყდა, სადაც მამუკელაშვილის აქტიური მონაწილეობით სეტონ ჰოლმა საბოლოოდ გამარჯვებას მიაღწია – 98:92. ქართველმა ფორვარდმა 14-დან 8 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 10-დან 8 საჯარიმო ჩააგდო. ჯამში მოგროვებულ 30 ქულას სანდრომ 5 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაყოლა. სანდროს შემდეგ სეტონჰოლელთა შორის 16 ქულით მაილს კეილი გამოირჩა.
2 მოგებითა და 3 მარცხით “სეტონ ჰოლი” 11-გუნდიან Big East-ის კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება. ამ სეზონიდან აღნიშნულ კონფერენციას კონექტიკუტის უნივერსიტეტის გუნდი დაემატა, რომელიც არასაკონფერენციო მატჩებში 3-დან 3 მოგებით მე-3 ადგილზე იმყოფება.
არასაკონფერენციო მატჩებს “სეტონ ჰოლი” 9 დეკემბერს დაასრულებს “ვაშინგტონთან” შეხვედრით, რის შემდეგაც, 12 დეკემბრიდან, სტარტს Big East-ის ჩემპიონატი აიღებს. მამუკელაშვილის გუნდის პირველი საკონფერენციო მეტოქე “დეპოლის” უნივერსიტეტი იქნება.