გაგრამ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი მეორედ მოიგო!

0
35

გორში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2020 წლის გათამაშების ფინალური შეხვედრა გაიმართა. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენლები წყალტუბოს “სამგურალი” და “გაგრა” დაუპირისპირდნენ. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მაყურებელმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილა. პირველ ნახევარში სათამაშო უპირატესობას წყალტუბოელები ფლობდნენ, მეორე ტაიმში კი, “გაგრამ” მატჩის მსვლელობის შეცვლა მოახერხა.

55-ე წუთზე ფინალური შეხვედრის მთავარმა არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა მოედნიდან “სამგურალის” კაპიტანი თედო კიკაბიძე გააძევა. დარჩენილ დროში გაგრელებმა მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, თუმცა უჩა სოსიაშვილის გუნდმა თავი კარგად დაიცვა და რამდენიმე კონტრშეტევაც განახორციელა. საბოლოოდ გოლის გატანა ვერცერთმა მოახერხა და მატჩის ძირითადი დრო ფრედ – 0:0 დასრულდა.

დამატებით დროში შეხვედრის მსვლელობა არსებითად არ შეცვლილა, ტერიტორიულ უპირატესობას “გაგრა” ფლობდა, “სამგურალი” კი, ძირითადად, კონტრშეტევებზე ცდილობდა საგოლე მომენტების შექმნას. გუნდებმა გოლის გატანა ვერც დამატებით დროში მოახერხეს და 2020 წლის საქართველოს თასის მფლობელი პენალტების სერიით გამოვლინდა, რომელიც უკეთ გაგრელებმა შეასრულეს და მეტოქე ანგარიშით – 5:3 დაამარცხეს.

სამგურალი – გაგრა 0:0 (პენ. 3:5)
სამგურალი: მეშველიანი, ბანძელაძე, პატარკაციშვილი, ტურე, კუხიანიძე, გაზდელიანი, ფონიავა, ქურდაძე, დოლიძე (72′ ჩიხლაძე), ბურჯანაძე, კიკაბიძე
მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
გაგრა: კერესელიძე, ხოსიტაშვილი, ჩადუნელი, ნოზაძე, ივანიაძე (84′ ერგემლიძე), ხაბელაშვილი (106′ კაკიაშვილი), ქობულაძე, ვეკუა, სულთანიშვილი (106′ მანაგაძე), მაქაცარია, ლაღაძე (84′ ოქროპირიძე)
მთავარი მწვრთნელი: გაგა კირკიტაძე
მსაჯები: გიორგი ყრუაშვილი, დავით ჩიგოგიძე, დავით გაბისონია, ირაკლი კვირიკაშვილი
გაფრთხილება: 31′ ივანიაძე, 44′ ჩადუნელი, 51′ გაზდელიანი, 58′ კუხიანიძე, 63′ სულთანიშვილი, 83′ ვეკუა, 102′ ერგემლიძე, 112′ ჩიხლაძე
გაძევება: 55′ კიკაბიძე

ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ფინალის მონაწილე გუნდებს და მსაჯებს კუთვნილი თასი და მედლები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გადასცა.

“სამგურალის” დამარცხებით “გაგრა” არსებობის ისტორიაში მეორედ გახდა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მფლობელი. გაგა კირკიტაძის გუნდი ჩვენს ქვეყანას 2021-2022 წლების სეზონში უეფას კონფერენს ლიგაზე წარმოადგენს.