შერმადინი, შენგელია, მაკფადენი – ფიბა-მ ჩვენი ნაკრების წევრები გამოარჩია

0
19

ჩაიარა ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირის ფანჯარამ, რომლის ფარგლებშიც მე-3 და მე-4 ტურები ჩატარდა. ორივე მათგანის საუკეთესო (სიმბოლურ) ხუთეულში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები შევიდნენ, ხოლო ორივე ტურის საუკეთესო მომენტების ტოპ-ათეულში ადგილი თორნიკე შენგელიას ჩატენილ-ჩაგდებულმა ბურთებმა დაიკვიდრეს.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფინეთში გამართული ეგრედწოდებული “ბაბლის” ორივე მატჩი მოიგო და ცხადია, ამას გუნდური სულისკვეთებით მიაღწია, თუმცა საუკეთესოების გამოსავლენად ფიბა უპირველესად სტატისტიკას ითვალისწინებს და ამ შემთხვევაში სიმბოლურში ჩვენი გუნდის წევრები ნაჩვენები შედეგებით შევიდნენ.
ფინეთთან 91:85 მოგებულ მატჩში საუკეთესო იყო გიორგი შერმადინი, რომელმაც 27 ქულა, 10 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 33-ს უწია და ამ მაჩვენებელში მე-3 ტურის მოთამაშეთა შორის მხოლოდ ხორვატ მირო ბილანს (37) ჩამორჩა.
მე-4 ტურში ქართველებმა შვეიცარიას 91:84 სძლიეს და ამჯერად საუკეთესო შედეგი თად მაკფადენმა დააფიქსირა, რომელმაც წინა შეხვედრაში გამრუდებული მიზანი (6-დან 0 სამიანი) გაისწორა და 9 ცდიდან 6 სამქულიანი ჩააგდო. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა უკანახაზელმა მთლიანობაში 24 ქულა, 6 პასი და 2 მოხსნა მიითვალა.