ირლანდია-საქართველო – შეტევა, თამაშის მართვა და პროგრესი

0
24

ბორჯღალოსნებმა „შემოდგომის ერთა თასზე“ ჯერჯერობით საუკეთესო შეხვედრა ჩაატარეს, ირლანდიასთან ბოლომდე დარჩნენ თამაშში და რომ არა შეცდომები, შედეგიც სხვა იქნებოდა. მეტოქემ პირველ ტაიმში ორი ლელო გაიტანა და ორივე შემთხვევაში, შეტევა ჩვენს მიერ დაშვებულ შეცდომებს მოყვა. პირველ ტაიმში ერთი ლელო გაიტანეს ბორჯღალოსნებმაც – „შემოდგომის ერთა თასზე“ პირველი ქულები გიორგი კვესელაძის შესანიშნავ გარღვევას მოყვა.

აქამდე ტურნირზე ირლანდიას სულ ორი ლელო ჰქონდა მიღებული, ორივე ინგლისისგან (7:18), უელსისგან კი სამი ჯარიმა მიიღო და 23 ქულის სხვაობით, 32:9 დაამარცხა.

საქართველო შოტლანდიასთან გამართული გასახურებული მატჩიდან მოყოლებული, მუდმივად პროგრესირებდა და ეს შედეგებზეც შესაბამისად ისახებოდა. მართალია ევროპულ ბობოლებთან ოთხივე თამაში დავთმეთ, მაგრამ ჩვენი თამაშის ხარისხის მატებასთან ერთად, სხვაობა მატჩიდან მატჩამდე მცირდებოდა.

მორაგბეებს ემატებოდათ თავდაჯერებულობა, სითამამე და უფრო აქტიურები იყვნენ შეტევაში. კონკრეტულად ირლანდიასთან გამოჩნდა, რომ ღია თამაშიდან თუ სტატიკიდან, გუნდს ბევრი ჰქონდა ნამუშევარი შეტევაზე, თანაც ისე, რომ დაცვას არაფერი დაკლებია. შესრულდა 219 ბოჭვა და გაფუჭდა მხოლოდ 15, მაგრამ დავთმეთ სამი ჩვენი დერეფანი, 11-ჯერ დაგვივარდა ბურთი და ობიექტურად ძლიერმა მეტოქემ, ეს შეცდომები არ გვაპატია. თანაბარად ვითამაშეთ შერკინებაში, სადაც გუნდები 4-4-ჯერ დაჯარიმდნენ და განსაკუთრებულად თავდადებულები ვიყავით დაცვაში.

მთლიანობაში გამოჩნდა – ბევრი ასეთი დონის თამაში აუცილებლად გახდება იმის წინაპირობა, რომ რამდენიმე წელიწადში ბორჯღალოსნები ექვსი ერის გუნდებთან ტოლ-სწორად ითამაშებენ და ეს სწორედ ის არის, რისკენაც გუნდი მიზან-მიმართულად ვითარდება.

კვესელაძის 50-მეტრიანი რეიდი

ირლანდიასთან დღემდე ოთხი თამაში გვქონდა ჩატარებული, აქედან სამი დუბლინში და მასპინძლები ყოველთვის იოლად, დიდი სხვაობით ახერხებდნენ გამარჯვებას. 2007 წლის მსოფლიო თასზე, ირლანდია გახდა პირველი ტიერ1-ის გუნდებიდან, რომელთანაც თამაში ბონუს-ქულის ფარგლებში (10:14) დავთმეთ და იყო შანსი, იგივე ახლაც გამეორებულიყო, მაგრამ დღეს ეს არ გამოვიდა.

საწყის 10 წუთში უმეტესად დაცვაში მოგვიწია თამაში. მეტოქემ ვერ დაგვძრა მოლსა და შერკინებაში, მაგრამ ვერც ჩვენ შევძელით ბურთის შენარჩუნება და მე-8 წუთზე, საკუთარ 22-ში რამდენიმე ფაზის მოგერიების შემდეგ, ბილი ბარნსმა ხაზი გაჭრა და ლელო გაიტანა. მანვე გარდასახვა გამოიყენა და რადგან საქართველო დაცვაში მაგრად დადგა, მე-14 წუთზე ჯარიმით მორიგი 3 ქულა აიღო.

თამაში რომ განახლდა თამაზ მჭედლიძემ სი’ჯეი სტანდერი ბურთის მიღებისთანავე აუტში გადაიყვანა. დერეფანში ბურთი სუფთად ვერ მოვიგეთ, თუმცა ის მაინც ჩავათამაშეთ მარჯვენა ფრთაზე და აკა ტაბუცაძემ ფეხით გადაკიდა, მაგრამ ლელოში ვეღარ დაეწია. ირლანდიამ თავისი 22-იდან განაახლა თამაში, სოსო მათიაშვილმა შებრუნებული პასით ხაზი კვესელაძეს გაარღვევინა, რომელმაც ფინტებითა და ცრუმოძრაობით კიდევ სამი მცველი ჩამოიცილა და ძელებსშუა შესრიალდა. აღსანიშნავია, რომ მას ერთბაშად სამი მორაგბე მიყვა და მასპინძელთა მცველებს საქმე ამანაც გაურთულა.

აბჟანდაძემ გარდასახა და სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანა, რასაც მასპინძლებმა 22-ე წუთზე ჯარიმით უპასუხეს. მალე ბორჯღალოსნები კიდევ ერთხელ მიუახლოვდნენ მეტოქის 22-ს. მეტოქის მისსავე შერკინებაში დაჯარიმების შემდეგ, დერეფანში ბურთი მოვიგეთ და მოლს შალვა მამუკაშვილი მოწყდა, მერე აბჟანდაძემ მარცხენა ფრთაზე ფეხით გადაკიდა, მაგრამ ბურთი აუტში გადავიდა.

ტაიმის დასკვნითმა წუთებმა მასპინძლების შეტევებში ჩაიარა. ირლანდიელებმა ორჯერ შეძლეს ლელოში შესვლა, მაგრამ ორივეჯერ მცველები ჩაუჯდნენ ბურთში და ის არ დაამიწებინეს, ვიდეო-რეფერიმ კი, ერთი ლელო წინპასის გამო გააუქმა. და მაინც, ერთ-ერთ ეპიზოდში, ფორვარდების რამდენიმე დარტყმის შემდეგ მეტოქემ ფრთაზე გაიტანა ბურთი, სადაც ჰიუგო ქინენს დროც ჰქონდა და სივრცეც და მეორე ლელო გაიტანა – 20:7.

ფრე მეორე ტაიმში

ტრადიციად იქცა, რომ ბორჯღალოსნები ტიერ1-ის გუნდებთან მეორე ტაიმს უკეთ ატარებენ, ვიდრე პირველს და ასე მოხდა ამჯერადაც, იმ განსხვავებით, რომ მეტოქემ ვერც დასკვნით წუთებში შეძლო გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება და სხვაობის გაზრდა. ბორჯღალოსნებს კი, ერთი ლელოს გატანის შემთხვევაში შეეძლოთ დასკვნითი წუთებისთვის დრამატულობის შეძენა, მაგრამ არ გამოვიდა.

47-ე წუთზე თორნიკე ჯალაღონია კარგად წავიდა რაქში, ჯარიმა გამოიმუშავა და აბჟანდაძემ 40 მეტრიდან გაიტანა. ირლანდიამ არ გარისკა და 58-ე წუთზე ჯარიმა კვლავ კარში დაარტყა, რაც ამ დონის მეტოქისგან პატივისცემის ნიშანია.

დასკვნით 20 წუთში ორი ბორჯღალოსანი დაშავდა – ბექა გორგაძე და მერაბ შარიქაძე. პირველმა მუხლი დაიზიანა და მისი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, გუნდის კაპიტანმა კი თავი დაარტყა და შეცვლა ტვინის შერყევის პროტოკოლის თანახმად მოუწია.

სამაგიეროდ მოედანზე შევიდნენ და ბორჯღალოსნების კვართით პირველი მატჩი ჩაატარეს 18 წლის დავით ნინიაშვილმა და მიშიკო ალანიამ. დასკვნით წუთებში, როდესაც მეტოქე ჩვენს 22-ში გვიტევდა, სწორედ ნინიაშვილი ჩავიდა რაქში, მეტოქეს დაჯარიმება აიძულა და ამით საფრთხე აგვარიდა.

მთლიანობაში, ეს იყო საქართველოს ნაკრების საუკეთესო თამაში ამ შემოდგომაზე და წინ კიდევ ერთი შეხვედრაა. 5 დეკემბერს ედინბურგში ფიჯის ნაკრებს ვეთამაშებით და იქ ბორჯღალოსნები მხოლოდ მოგებისთვის იბრძოლებენ!

პრესკონფერენცია

მიუხედავად იმისა, რომ თამაშის ხარისხი ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე წინა მატჩებში და შედეგიც მისაღები დაფიქსირდა (სპეციალისტები 36 ქულით მარცხს გვიწინასწარმეტყველებდნენ), ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი შედეგით უკმაყოფილო დარჩა:

„კარგი ლელო გავიტანეთ, მაგრამ ქულების აღების რამდენიმე შანსი ხელიდან გავუშვით. მთლიანობაში, გუნდი ნაბიჯ-ნაბიჯ იზრდება და მე ამ ბიჭებით ძალიან ამაყი ვარ. ექვსი ერის გუნდთან კარგი შედეგი ვაჩვენეთ თუმცა წაგებით კმაყოფილი ვერ ვიქნები. მესმის, რომ ექვსი ერი კომერციული ტურნირია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ წინსვლისთვის მეტი ასეთი დონის თამაშები გვჭირდება“.

„დაცვაში ბიჭებმა მაგრად იმუშავეს. გამოსწორდა დაცვის მოლი და თამაშის მართვის კუთხით უკეთესობა გვქონდა, თუმცა არც ესაა საკმარისი ამ დონეზე მატჩის მოსაგებად. პირველ ტაიმში ორი ლელო მივიღეთ, არადა ორივე შემთხვევაში, რამდენიმე წამით ადრე მეტოქის ნახევარზე ვიყავით, მაგრამ მეტოქეს შანსი მარტივად გადავაბარეთ და რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდით“.

„გუნდში მრავლად გვყავს ახალგაზრდა ბიჭები, რომლებსაც შესათამაშებლად დრო ჭირდებათ. ვეთამაშეთ ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, რომელსაც ჩვენთან დიდი სხვაობით მოგება ჰქონდა დაგეგმილი. ახლა ჩვენ თვისობრივად სხვა გუნდი ვართ და ეს სამომავლოდ დიდ იმედებს მაძლევს“.

„ტურნირზე სულ ოთხი თამაში გვაქვს და მაქსიმალურად ვეცადე სათამაშო დროის გადანაწილება. ვინც გაფართოებულ შემადგენლობაში გვყავს, მათი ყოველთვის მეიმედება და ვენდობი. ყველამ ძალიან კარგად ითამაშა, თამაშში ჩართვის პრობლემა არც დებიუტანტებს ჰქონიათ, მაგრამ მთლიანად გუნდს ჭირდება გამოცდილება, რათა ასეთი შეცდომები აღარ დაუშვას“.

მაისაშვილმა ბექა გორგაძის ტრავმაზეც ისაუბრა, რომელმაც მუხლი დაიზიანა და მოედანი საკაცით დატოვა. მას ტკივილები აღარ აწუხებს, თუმცა დაზიანების სიმძიმე ჯერჯერობით უცნობია.

ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძესაც, მაგრამ დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა:

„კარგად ვარ და არც მოედნის დატოვება მინდოდა, მაგრამ პროტოკოლის თანახმად, შეცვლა აუცილებელი იყო. მიმაჩნია, რომ ეს ეპიზოდი მსაჯებმა გაატარეს. თავში დარტყმა მივიღე და ვფიქრობ, მეტოქე ყვითელ ბარათს იმსახურებდა“.

„რაც შეეხება თამაშს, უკეთ გავისარჯეთ ვიდრე უელსთან, თუმცა უკეთაც შეიძლებოდა. დღესდღეისობით ირლანდია უკეთესი გუნდია, ვიდრე უელსი. ფაქტი ისაა, რომ ვვითარდებით, ბევრს ვსწავლობთ და იმედია და ჩვენი განვითარება გაგრძელდება“.

„კვესელაძე დიდი ტალანტია და ფანტასტიური ლელო გაიტანა. გული იმაზე მწყდება, რომ უფრო მეტი ქულის აღება ვერ მოვახერხეთ, არადა ამის შანსი გვქონდა“.

მე-7 ადგილისთვის ფიჯის ვერკინებით!

ბორჯღალოსნების „შემოდგომის ერთა თასზე“ ერთი თამაში დარჩათ ჩასატარებელი. ახლა ისინი ინგლისში დაბრუნდებიან, ხვალ დაისვენებენ, ზეგ მსუბუქი, ხოლო მაზეგ სრულფასოვანი ვარჯიში ექნებათ და ედინბურგში გაემგზავრებიან, სადაც 5 დეკემბერს ფიჯის უნდა ეთამაშონ.

„დრო ცოტა გვაქვს, თუმცა ფიჯისთან ჩვენი მიზანი მხოლოდ მოგება იქნება. ყველამ კარგად იცის რა დონის გუნდია ფიჯი და ეს მარტივი არ იქნება, თუმცა ჩვენ მიზნის მისაღწევად ბოლომდე ვიბრძოლებთ!“ – ბოლოს დასძინა ლევან მაისაშვილმა

შემოდგომის ერთა თასი 2020
ა ჯგუფი
ირლანდია – უელსი 32:9
ინგლისი – საქართველო 40:0
ინგლისი – ირლანდია 18:7
უელსი – საქართველო 18:0
უელსი – ინგლისი 13:24
29 ნოემბერი. მესამე ტური
დუბლინი. ავივა სთედიუმი
ირლანდია – საქართველო 23:10
საქართველო
ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. თამაზ მჭედლიძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;
შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. ბექა საღინაძე, 7. თორნიკე ჯალაღონია, 8. ბექა გორგაძე;
მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. ლექსო ყაულაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. გიორგი ჯავახია, 20. მიხეილ გაჩეჩილაძე; 21. მიხეილ ალანია, 22. დემურ თაფლაძე, 23. დავით ნინიაშვილი.
1 ლელო: კვესელაძე
1 გარდასახვა: აბჟანდაძე
1 ჯარიმა: აბჟანდაძე