ფინეთიც დავამარცხეთ – საქართველო ჯგუფის ლიდერია!

0
24

ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები უდანაკარგოდ ასპარეზობს. მიუხედავად იმისა, რომ ბერძენი სპეციალისტის ილიას ზუროსის გუნდს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლია.

საქართველომ მორიგი გამარჯვება ჰელსინკის მახლობლად მდებარე ქალაქ ესპოოში მოიპოვა, სადაც ფინეთის ნაკრები მძიმე ბრძოლაში 91:85 (http://www.fiba.basketball/eurobasket/2022/qualifiers/game/2711/Finland-Georgia#|tab=boxscore) დაამარცხა. მთლიანობაში ქართველი კალათბურთელები უკეთ ირჯებოდნენ და დამსახურებულად იმარჯვეს. ოთხიდან სამი პერიოდი საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ დასრულდა და შედეგი ლოგიკურია.

ბოლო, მეოთხე პერიოდის წინ ანგარიში თანაბარი იყო და ყველაფერი ბოლო 10 წუთეულში გადაწყდა, რომელიც ზუროსის გუნდმა მეტოქეზე დამაჯერებლად ჩაატარა. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა 91:85 მოიგო.

ბრწყინვალე იყო გიორგი შერმადინი. საქართველოს ნაკრების ცენტრმა 34:23 წუთში 27 ქულა, 10 მოხსნა და 3 პასი მიითვალა და ორივე გუნდში ცალსახად საუკეთესო იყო. თორნიკე შენგელიამაც ულიდერა გუნდს – 34:14 წუთში 19 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი. თად მაკფადენმა სამქულიანები ძალიან ცუდად ისროლა, მაგრამ ამის მიუხედავად ორმაგი დუბლი მაინც გაიფორმა და გამარჯვებაში მასაც დიდი წვლილი მიუძღვის – 14 ქულა და 10 პასი.

საქართველოს ნაკრების თამაშმა სწორედ ხსენებული მოთამაშეების მხრებზე გადაიარა, მაგრამ არ შეიძლება არ აღინიშნოს ეროვნული ნაკრების დებიუტანტების დამაჯერებელი ასპარეზობა. გივი ბაქრაძემ 17:52 წუთში 10 ქულა, ორი პასი და ერთი მოხსნა მიითვალა, ხოლო ალექსანდრე ფევაძემ 24:24 წუთში 11 ქულა და 6 მოხსნა დააგროვა, რაც ნაკრებში პირველი თამაშის გათვალისწინებით შესანიშნავი შედეგია.

საქართველოს ნაკრებმს სამ მატჩში სამი გამარჯვებით ჯგუფში პირველი ადგილი უკავია. ილიას ზუროსის გუნდი მეოთხე ტურში 30 ნოემბერს, შვეიცარიის ნაკრებს თბილისის დროით 18:00 საათზე დაუპირისპირდება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან თორნიკე შენგელიამ, გიორგი შერმადინმა, გივი ბაქრაძემ და ილიას ზუროსის ასისტენტმა მილოშ გლიგორიევიჩმა ისაუბრეს.
თორნიკე შენგელია: ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო. უმნიშვნელოვანესი დატვირთვა ჰქონდა ამას ჩვენთვის, ჩვენი გულშემატკივრებისთვის – ქართველი ხალხისთვის. ვიცით თუ რა რთული პერიოდია ახლა და ვიცი, რომ ყველა გულით ელოდებოდა ამ თამაშს.
ვამაყობ ჩემი ბიჭებით, ჩემი გუნდელებით, ჩემი მწვრთნელებით… მიხარია, რომ დღეს ასეთი მატჩი ჩავატარეთ და, უფლის წყალობით, ეს თამაში მოვიგეთ.
გიორგი შერმადინი: ვულოცავ ჩვენს ნაკრებს ფინეთთან მოგებას. ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ. ყველამ კარგად იცოდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს მოგება ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ვიცი, რომ მთელი ქვეყანა ამ თამაშს უყურებდა და მათაც მივულოცავ გამარჯვებას.
გივი ბაქრაძე: უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავ, რომ ფინეთს ფინეთში პირველად მოვუგეთ. ბედნიერი ვარ, რომ ამ მოგებაში ჩემი წვლილი შევიტანე. ძალიან დაძაბული თამაში იყო. შეხვედრის ბოლოს რამდენიმე ეპიზოდში კარგი დაცვა ვითამაშეთ და მატჩის ამის ხარჯზე მოვიგეთ. ასევე ნაკრების ლიდერები, გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია შეუჩერებლები იყვნენ.
მილოშ გლიგორიევიჩი: ჩვენ ყველა შეხვედრისთვის ისე ვემზადებით, თითქოს ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირებაა. მოთამაშეები საკუთარ შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ. ვულოცავ მოთამაშეებს, სამწვრთნელო შტაბსა და ფედერაციის წარმომადგენლებს. ჩვენ ვიცოდით, რომ ფინეთი რთული მეტოქე იყო. ისინი ფიზიკურად ძლიერები არიან, ბევრს დარბიან და კარგად ესვრიან. მოთამაშეებმა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გვიჩვენეს და იბრძოლეს, ყველა ჩვენგანი ბედნიერია.