ლევან მაისაშვილი: “სტატიკური ფაზები გადამწყვეტი იქნება”

0
17
21.11.20 - Wales v Georgia, Autumn Nations Cup - Georgia head coach Levan Maisashvili during warm up

ბორჯღალოსნები ინგლისში, ლონდონის მახლობლად რჩებიან და 29 ნოემბერს დუბლინში, ირლანდიასთან გასამართი მატჩისთვის ინტენსიურად ემზადებიან. შემოდგომის ერთა თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი მომავალ კვირას, ავივა სთედიუმზე საქართველოს დროით 18 საათზე დაიწყება.
უელსთან ჰლანეჰლიში შეხვედრის შემდეგ, ბორჯღალოსნები კვირას ბანაკში დაბრუნდნენ, ორშაბათი აღდგენას, კრებებს და ვიდეო-ანალიზს დაეთმო, გუშინ დაბალი ინტენსივობის ვარჯიში შედგა, დღეს და ხვალ კი კონტაქტური, სრულყოფილი ვარჯიშებია დაგეგმილი.

დადებითი და უარყოფითი მხარეები

ინგლისში დაბრუნების შემდეგ, სამწვრთნელო შტაბმა უელსის მატჩის ანალიზი ჩაატარა:
„ზედიზედ მეორე თამაშის უქულოდ დასრულება არასასიამოვნოა და გულშემატკივრის კარგად მესმის, თუმცა ერთი და ორი ჯარიმის გატანა საერთო სურათს არ შეცვლიდა. უელსთან ანგარიში თამაშის მსვლელობას არ ასახავს. 75-ე წუთამდე სხვაობა მხოლოდ 13 ქულა იყო და ერთი ლელოს გატანა რომ მოგვეხერხებინა, არავინ იცის შემდეგ რა მოხდებოდა“.

„ეს ჩვენთვის მესამე შეხვედრა იყო, შეტევაში უკეთ გამოვიყურებოდით და ფაზებიც ავკინძეთ. ადრეც აღვნიშნე და განვმეორდები, რომ ამ დონეზე ქულის აღების შანსი იშვიათად გეძლევა და ის აუცილებლად უნდა გამოიყენო. რამდენჯერმე შეგვეძლო 3 ქულის აღება, მაგრამ ბიჭები თავდაჯერებულები იყვნენ და ლელოზე თამაში გადაწყვიტეს, რისთვისაც მათ არ ვაკრიტიკებ. მანამდე მოლი დავძარით, თუმცა იმ მომენტში შეცდომა დავუშვით“.

უკეთესი იყო დაცვის მოლი და ზოგადად, დაცვაში გაცილებით უკეთ ვითამაშეთ ვიდრე წინა შეხვედრებში. დავუშვით ორი უხეში შეცდომა და ორი ლელო მივიღეთ. ჯარიმების დიდი ნაწილი შერკინებაში მივიღეთ. ისინი ჩვენთან თამაშისთვის ამ კომპონენტში მიზანმიმართულად ემზადებოდნენ და როდესაც შერკინებას თმობ, ძალიან რთულია თამაშში ბოლომდე დარჩენა“.

„მიუხედავად ამისა, ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი შერკინება დასუსტდა. შერკინებაში დანიშნული ჯარიმები სხვადასხვა კუთხით განვიხილეთ და მსაჯმა ყველა სადაო სიტუაციაში უელსის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო. ამით არ ვამბობთ, რომ ყველაფერში მსაჯია დამნაშავე. ჩვენ უნდა გვქონოდა სათადარიგო გეგმა, რასაც მეტოქეს ასეთ დროს დავუპირისპირებდით. ეს ჩვენთვის დიდი გამოცდილება და გაკვეთილია“.

„სამწუხაროდ, პირველსავე ტაიმში დაშავდა კოტე მიქაუტაძე, მოგვიწია დაუგეგმავი შეცვლის განხორციელება და ტაქტიკური მოქნილობა დავკარგეთ. ამისგან დაზღვეული არავინაა და ამასაც უნდა მივეჩვიოთ. მთლიანობაში, თამაშიდან თამაშამდე გაუმჯობესებას ნამდვილად ვხედავ“.

მხოლოდ ჯანით ფონს ვერ გავალთ

მაისაშვილი იმედოვნებს, რომ ირლანდიასთან ჩვენი შერკინება უკეთესი იქნება, ვიდრე განვლილ მატჩებში და შეტევებიც მრავალფეროვანი გახდება:
„ირლანდიასთან სტატიკური ფაზები გადამწყვეტი იქნება. შერკინებაში ანალიზი გავაკეთეთ და იმედს ვიტოვებთ, რომ უკეთ ვითამაშებთ. კვლავ პრობლემად რჩება თამაშის მართვა, რისი გამოცდილებაც ამ დონეზე არ გვაქვს. ჩვენ ახლა ვსწავლობთ რა მოყვება ასეთ დონეზე არასწორ ფეხით თამაშს, არასწორ გადაწყვეტილებას. სამწუხაროდ, ფეხით თამაშისას დიდი არჩევანი არ გვაქვს და შედეგად, მაღალი დონის გუნდები ტერიტორიისთვის ბრძოლას ხშირად გვიგებენ“.

„ისეთი დონის გუნდებს ვეთამაშებით, რომ მხოლოდ ჯანით ვერავის დაჩაგრავ და გვჭირდება ვარიაციები შეტევაში, რისთვისაც ახლა უფრო მეტი დრო გვაქვს, ვიდრე წინა მატჩებში გვქონდა. მე კმაყოფილი ვარ შეტევის მწვრთნელის მუშაობით. ირლანდია უელსზე რთული მოწინააღმდეგეა, თუმცა ჩვენ ჩვენსას ვეცდებით. თამაშიდან თამაშმდე, მწვრთნელებიც და მოთამაშეებიც დიდ გამოცდილებას ვიღებთ და წინსვლაც აშკარად გვაქვს“.