ბარსელონამ და იუვენტუსმა მერვედფინალი გაინაღდეს

0
9

ჩემპიონთა ლიგის G ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ პრაქტიკულად ყველაფერი დასრულდა. ბარსელონამ და იუვენტუსმა მერვედფინალის საგზური ნაადრევად გაიფორმეს და დარჩენილი ორი ტური ფორმალობად იქცა. ერთადერთი პირველი ადგილის ბედია გაურკვეველი, მაგრამ ესპანელებს 3 ქულით მეტი აქვთ და უშუალო კონკურენტ იუვესთან სტუმრად მოგებულიც აქვთ (2:0). ასე რომ, ბარსა დიდი ალბათობით, პირველ ადგილზე გავა, ანდრეა პირლოს იუვენტუსი – მეორეზე.
ბარსელონა მე-4 ტურში კიევში, დინამოს შესუსტებული შემადგენლობით ესტუმრა. ფეხბურთელების ნაწილი კატალონელებს ტრავმების გამო დააკლდნენ, ნაწილიც, მაგალითად ლიონელ მესი და ფრენკი დე იონგი რონალდ კუმანმა დაასვენა. მიუხედავად ამისა, ბარსამ ადვილად მოიგო – 4:0.
ანგარიში სერჯინო დესტმა გახსნა, რომელიც ბარსას ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მცველი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა (20 წლის 21 დღის), ხოლო შემდეგ მარტინ ბრაითვაითმა დუბლი შეასრულა. დანიელმა საგოლე პასიც გააკეთა და ნიკლას ბენდტნერის შემდეგ მეორე დანიელი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მატჩში სამ გოლში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრას წერტილი ანტუან გრიზმანმა დაუსვა.
მერვედფინალის საგზური იუვენტუსმაც გაიფორმა, ოღონდ ძალიან გაუჭირდა. ფერენცვაროშთან იუვე ფავორიტი იყო, მაგრამ ალვარო მორატამ გადამწყვეტი გოლი მსაჯის კომპენსირებულ მე-2 წუთზე გაიტანა. მანამდე, უნგრელები მე-19 წუთზე უზუნიმ სწრაფი კონტრშეტევის შედეგად დააწინაურა, ხოლო ტაიმის ბოლოს კრიშტიანო რონალდომ გაათანაბრა. პორტუგალიელი ლიონელ მესის გაუთანაბრდა – საქმე ეხება ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩებში გოლებს – 70-70.
. ფერენცვაროშის შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა ლაშა დვალმა და საკმაოდ კარგადაც.