გელა მიქაბერიძე – მარად ქვეყნისა და რაგბის სამსახურში!

0
18

17 ნოემბერს, გამოჩენილ მორაგბეს, ამაგდარ სპეციალისტსა და ჭეშმარიტ მამულიშვილს – გელა მიქაბერიძეს დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა.

რაგბის სამყაროში მიქაბერიძის მოღვაწეობა მეტად წარმატებულ ექვს ათეულ წელს ითვლის. ჟამთა სვლის მსახვრალი ხელი ოსტატს ვერაფერს აკლებს – ბატონი გელა ნუცუბიძის ფერდობზე, “რაგბი პლატოს” ახალ არენას უნარიანად უძღვება დირექტორის რანგში.

გელა მიქაბერიძე მთაწმინდაზე, სპორტულ ოჯახში, 1940 წელს დაიბადა. მშობლები თვით გიორგი ნიკოლაძის მიერ დაარსებული “შევარდენის” აქტიური წევრები იყვნენ.

დედა – ელენე ლორთქიფანიძე იმ პირველ ქართველ მთამსვლელ ქალთა შორის იყო, რომელთაც მყინვარწვერის დალაშქვრა შეძლეს. მამა – დიმიტრი თავიდან ასევე ალპინიზმით იყო გატაცებული, შემდგომში კი მთელი ძალისხმევა მძლეოსნობას მოახმარა და რა გასაკვირია, რომ ნორჩი გელაც “სპორტის დედოფალს” ეზიარა.

უმცროსმა მიქაბერიძემ შუბის ტყორცნაში არაერთ წარმატებას მიაღწია. ერთი ხანობა ჭაბუკთა შორის საქართველოს რეკორდსმენიც იყო, მაგრამ 22 წლისამ, ბევრისთვის მოულოდნელად, სარაგბო არენას მიაშურა, რაც მეგობრისა და ასევე ყოფილი მძლეოსნის, ნოდარ ყიფიანის დამსახურებაა.

გელა მიქაბერიძემ რაგბში პირველი ნაბიჯები ახალი გუნდის – “სპარტაკის” შემადგენლობაში გადადგა, 1963 წელს კი საქართველოს პირველ დე-ფაქტო ნაკრებში, “განთიადშიც” მოხვდა. ჩაუქი და გამჭრიახი მიქაბერიძე თავიდან თამაშობდა კვაჭად – მაგ ამპლუას იმ ხანად 1 ნომერი ერქვა, ჯარიდან დაბრუნებულმა კი, 1966 წელს, ინჟინერ ყიფიანისა და არქიტექტორ გოგი ტონიას “ლოკომოტივს” რომ მიაკითხა – ცხრაზე დადგა.

“განთიადმა” 1963 წლის შემოდგომაზე დიდ წარმატებას მიაღწია – მესამე ადგილი დაიკავა პროფკავშირთა საკავშირო პირველობაზე. “ლოკომოტივში” გელამ ორჯერ – 1968 და 1972 წლებში – მოიგო საქართველოს პირველობა და საბჭოეთის პირველობაზეც ბრინჯაო ირგუნა; ორჯერვე (1968, 1969) მოხვდა საბჭოეთის “30 უკეთესის” სიაში, სამი წელი (1969-71) კი გუნდის კაპიტანი იყო და ყიფიანს გუნდის გაწვრთნაში ეხმარებოდა.

ვიდრე ეროვნული ნაკრები გვეყოლებოდა, კარგა ხანს სწორედ “ლოკომოტივი” სწევდა მის მაგივრობას, რადგან რკინიგზელთა ეს კოლორიტული კოლექტივი ავითარებდა იმ ეშხიანსა და ლაღ სტილს, მერე და მერე ქართული რაგბის საფირმო ნიშნად რომ იქცა.

1968 წელს მიღებული ტრავმის შემდეგ მიქაბერიძე 10 და 12 ნომრად თამაშობდა. მოუხელთებელი გელა ხაზის გაჭრისა და პასის დიდოსტატი იყო. ეხერხებოდა კარში დარტყმაც. ისე დარბოდა, რომ ხშირად გვარიანად დაწინაურებულ მეტოქეს წამოსწევია, შეუბოჭავს და “ლოკომოტივი” ნაღდი ლელოს გაშვებას გადაურჩენია.

მიქაბერიძე მორაგბეობას მწვრთნელობასაც კარგად უხამებდა – მან 1972 წელს ვერაზე, 53-ე სკოლაში დააარსა და 1975 წელს აღადგინა ბავშვთა გუნდი, 1974 წლიდან კი “სპი”ს (ახლანდელი “ყოჩები”) კაცთა გუნდი ჩაიბარა და ზედიზედ სამჯერ (1978-80) გახადა საქართველოს თასის მფლობელი.

“ლოკომოტივსა” და პოლიტექნიკურში მისი ხელმძღვნელობით ოვალის არაერთი აღიარებული ოსტატი აღიზარდა: დავით კილასონია, თემურ ბენდიაშვილი, რამაზ სანებლიძე, ზურაბ, შოთა და მიშა ხარშილაძეები, თენგიზ და თემურ რუხაძეები, ნუკრი ფურცელაძე, მერაბ ანთაძე, გივი ავლასტიმოვი, ოლეგ ლიპარტელიანი, მერაბ აბდუშელიშვილი, ირაკლი დოლიძე, ზურაბ ბაქრაძე, გოგი სუთიაშვილი, მიხო ჯვარიძე, გაიოზ და გიზო მონიავები, ლაშა და გუგა გეგენავები, ნიაზ და დიკო მამრიკიშვილები, გივი ჭიჭინაძე, მალხაზ ჭეიშვილი, ბიძინა ბერიშვილი, რომან მამულაშვილი, ირაკლი იმნაძე.

1980-იან წლებში გელა რაგბს დროებით ჩამოშორდა, რისი მიზეზიც სამთო-სათხილამურო სპორტისადმი ბავშვობის დროინდელი სიყვარულის გაღვივება იყო. მიქაბერიძემ განათლების სამინისტროსთან არსებულ სამთოელთა გუდაურის სკოლაში მწვრთნელად დაიწყო მუშაობა, შემდგომში კი დირექტორის ფუნქციაც იტვირთა. გელას თავკაცობის პერიოდში ამ სკოლის რამდენიმე აღზრდილი საქართველოს ნაკრებში მოხვდა.

რაგბთან დროებითი განშორების შემდეგ მიქაბერიძე სპი-ს მემკვიდრე “ყოჩებში” დაბრუნდა და ლაშა გეგენავასთან ერთად გუნდს 1997 წლამდე დამრიგებლობდა. აღნიშნულ პერიოდში მიქაბერიძე – გეგენავას დუეტს სტუდენტური ნაკრებისთვის უნდა ეთავკაცა სამხრეთ აფრიკაში დანიშნულ მსოფლიო თასზე, მაგრამ უსახსრობის გამო გუნდი შინ დაგვირჩა.

მომდევნო 20 წელი ბატონმა გელამ “ყოჩების” საფესტივალო ასაკის ყმაწვილთა აღზრდა-დაოსტატებას შეალია. აღსანიშნავია, რომ მოძღვარს აღზდილთაგან ყურადღება და სიყვარული დღემდე არ მოჰკლებია – გელა განსაკუთრებით პირველი თაობის შეგირდებს ემადლიერება, რაც ამაგდარ და ღვაწლმოსილ სპეციალისტს სიცოცხლის სტიმულს უორმაგებს.

რაგბის გარდა, გელას ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაშიც უდევს წილი. მიქაბერიძე ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში აქტიურად იყო ჩართული და 1989 წლის 9 აპრილს, სხვა მორაგბეებთან ერთად უთანასწორო ბრძოლაში ჩაბმული, ნიჩაბ-მომარჯვებულ ოკუპანტებს შიშველი მუშტით აღუდგა, რითაც არაერთი თანა-მემამულის სიცოცხლე გადაარჩინა.

მიქაბერიძის ინტერესები რაგბით როდი შემოიფარგლება. პირველ საშუალო სკოლელმა თსუ-ს გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი წარჩინებით დაამთავრა და გეოლოგიის სამმართველოში, აგეგმვით პარტიაში 10 წელი ნაყოფიერად იმუშავა აფხაზეთის რეგიონში.

“რაგბი პლატოზე” გელას მომსახურე პერსონალისგან ვერცკი გამოარჩევ. განათლებული, თავმდაბალი ინტელიგენტი, სოლიდური ასაკის მიუხედავად, სტადიონზე მიმდინარე სამუშაო პროცესს პირადად აკონტროლებს და ყველა ღონეს ხმარობს, რათა გუნდებს იდეალური სავარჯიშო პირობები შეექმნათ, არენაზე გამართული ყოველი მატჩი კი სპორტულ ზეიმად იქცეს.

 

ფოტოებზე:

  1. ქართული რაგბის ლეგენდები: გივი მრელაშვილი, დავით თაქთაქიშვილი, გელა მიქაბერიძე, თენგიზ რუხაძე, ირაკლი კიზირია
  2. უტევს გელა მიქაბერიძე  |  განთიადი 3:11 მაი (ბურევესტნიკ)
    24/09_1963  |  ვაკე, ქარიშხალას სტადიონი  |  პროფკავშირთა პირველობა
  3. გელა მიქაბერიძე ნუკრი აბაშიძის წინააღმდეგ  |  ლოკომოტივი 6:9 დინამო
    21/05_1970  |  ვაკე, ლოკომოტივის სტადიონი  |  საქართველოს პირველობის ფინალი
  4. 1969 წელს სწორედ რომ მიქაბერიძემ აღადგინა “სპარტაკი”  – დღევანდელი “ლელო სარასენსი”