ინგლისი-საქართველო – უკეთ და უკეთესის მოლოდინი

0
43

ექვსი ერის ჩემპიონმა ინგლისმა, „შემოდგომის ერთა თასის“ პირველ მატჩში ბორჯღალოსნებს „თვიქენჰემზე“ უმასპინძლა და 40:0 იმარჯვა. ბორჯღალოსნებს რაგბის სამშობლოს, ინგლისის წინააღმდეგ აქამდე მხოლოდ ორჯერ უთამაშიათ, ორივეჯერ მსოფლიო თასებზე 2003 და 2011 წლებში – პირველ ჯერზე ინგლისმა 84:6 მოიგო, მეორე შემთხვევაში 41:10. ამჯერად „ვარდებისგან“ ყველაზე ცოტა ქულა მივიღეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, კლასით ბევრად ძლიერ გუნდთან თავად ვერცერთი ავიღეთ.

შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ, ბორჯღალოსნებმა ინგლისთან უფრო აგრესიულად ითამაშეს დაცვაში და კონტაქტის არეში, იყო საკუთარი ნახევრიდან ხელით შეტევის მცდელობები და მერაბ შარიქაძემ და კოკი თხილაიშვილმა რამდენჯერმე მანძილი მოიგეს, მაგრამ მასპინძლებმა ყველა ჯერზე მოახერხეს ხაზის დაწყობა.

პირველი ტაიმი

როგორც მოსალოდნელი იყო, თამაშის დღეს გაწვიმდა და ინგლისმაც აქტიურად მიმართა ფეხით თამაშს. ამის ხარჯზე, განსაკუთრებით პირველ ტაიმში მეტოქე საგრძნობ უპირატესობას ფლობდა, როგორც ბურთის კონტროლში, ასევე ტერიტორიულად. საქართველომ მე-15-ე წუთამდე შეძლო აგრესიული შეტევების მოგერიება, მაგრამ მერე მორკინალების რამდენიმე დარტყმის შემდეგ ჩარლი იუელსმა თავის სადებიუტო მატჩში ლელო გაიტანა.

მომდევნო 15 წუთის განმავლობაში საქართველოს ნაკრებმა შეძლო თავისი ლელოს დაცვა, მერე ინგლისმა ორჯერ ააგორა შედეგიანი მოლი და ჯეიმი ჯორჯმა ორი ლელო გაიტანა. ტაიმის მიწურულს მასპინძლებმა ხაზზე გაშალეს შეტევა და ელიოტ დეილიმ მეოთხე ლელო გაიტანა. ოუენ ფარელიმ სამი გარდასახა და ტაიმი 26:0 დასრულდა.

მეორე ტაიმი

მეორე ტაიმი საქართველომ უფრო აგრესიულად დაიწყო, გარკვეული პერიოდულობით, ბურთზეც მოახერხა კონტროლის დამყარება და 52-ე წუთზე მეტოქის 22-ში ჯარიმა გამოიმუშავა, მაგრამ 3 ქულას ლელოზე თამაში არჩია და უქულოდ დარჩა. ინგლისმა 58-ე წუთზე მორიგი მოლი დააყენა, რომელსაც თავიდან მედგრად დავუხვდით, მერე მასში ხაზის მორაგბეებიც ჩაერთვნენ და ჯორჯმა თავისი მესამე ლელო გაიტანა.

10 წუთში ინგლისელთა სწრაფი შეტევა დიდი ძალისხმევით ლელოს ხაზის სიახლოვეს მოვიგერიეთ, მაგრამ მსაჯმა მცველს ბურთზე ხელის გაშვება სთხოვა, დან რობსონმა დაბნეულობით ისარგებლა და ინგლისელთა მეექვსე ლელო გაიტანა. ფარელიმ ორივე გარდასახა – 40:0.

დასკვნითმა წუთებმა ბორჯღალოსნების შეტევებში ჩაიარა, მაგრამ მასპინძელთა დაცვა შეუვალი იყო. გაწითლებულ დროზე მეტოქე შერკინებაში დავაჯარიმეთ და ლელოს გატანის შანსი გაჩნდა, მაგრამ ბურთი აუტში ვერ გადავიტანეთ და ანგარიში უცვლელი დარჩა,  ბორჯღალოსნები „შემოდგომის ერთა თასის“ მომდევნო მატჩს ჰლანეჰლიში, 21 ნოემბერს უელსის წინააღმდეგ გამართავენ, რომელიც გუშინ ირლანდიასთან 9:32 დამარცხდა.

პრესკონფერენცია

ნამატჩევს მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ონლაინ-პრესკონფერენცია გამართეს.

ლევან მაისაშვილი: „მეტოქეს სიურპრიზი არ შემოუთავაზებია. ეპიზოდებში გუნდურად და ინდივიდუალურად დავალებები ვერ შევასრულეთ და ამით მეტოქემ იხეირა. ასეთ თამაშებში უფრო მნიშვნელოვანია ჩვენ რას გავაკეთებთ, ვიდრე მეტოქე რას შემოგვთავაზებს, რადგან ისინი ხეირობენ ჩვენი შეცდომებით. მთავარი ამოცანაა, რომ პირველი დონის გუნდებთან ვისწავლოთ თამაშის მართვა და შეტევა“.

„შოტლანდიის თამაშის შემდეგ, დღეს გარკვეულ მომენტებში უკეთესად გამოვიყურებოდით და რაც მთავარია, უფრო ბრძოლისუნარიანები ვიყავით. სამწუხაროდ, ვერ შევძელით თამაშის მართვა, რაც ალბათ ინგლისთან და მისი დონის გუნდთან ბუნებრივიცაა. პირველ ტაიმში 90% დაცვაში ვიყავით და ლელოები მივიღეთ. მეორე ტაიმში გარკვეულწილად შევძელით შეტევასა და დაცვაში ბალანსის დაჭერა, მაგრამ საბოლოოდ მაინც შეცდომები დავუშვით“.

„მთლიანობაში უკეთესები ვიყავით ვიდრე ერთი კვირის წინ, მაგრამ ეს ის არ არის, რაც გვინდა“.

„იმისათვის, რომ პირველი დონის გუნდებს ტოლსწორად ვეთამაშოთ, საჭიროა გამოცდილება, კონკურენცია კონკრეტულ პოზიციებზე, მეტი ჯანი და შეთამაშება. კონკრეტულად ამ თამაშიდან ბევრი კარგი რამ ვისწავლეთ და ეს წინგადადგმული ნაბიჯია. მე მჯერა, რომ თამაშიდან თამაშამდე აუცილებლად გავიზრდებით“.

„სამწუხაროდ, ლიმიტირებული გვყავს მოთამაშეები. გვაქვს პრობლემები მოლში, მაგრამ ფაქტობრივად ახალ გუნდს ვაშენებთ და ეს ნაწილობრივ ამის ბრალიაცაა. მომავალი თამაშისთვის დაგვემატება კოტე მიქაუტაძე, რომელიც ნებისმიერი გუნდისთვის დიდი ძალაა. გარდა ამისა, ორი მეორეხაზელი ტრავმირებული გვყავდა და მთელი კვირის განმავლობაში სათანადოდ ვერ ვივარჯიშეთ. ჯავახიას თამაში მხოლოდ ბოლო მომენტში გადაწყდა, უელსთან მატჩის წინ კი, მის გარდა ნოდარ ჭეიშვილიც დაგვემატება“.

მერაბ შარიქაძე: „დღეს ბევრად უკეთ ვითამაშეთ ვიდრე შოტლანდიასთან, თუმცა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვხვდებოდით, საუკეთესოს მეტოქის წნეხში მოქცევის კუთხით. როდესაც მათ ბურთი ჰქონდათ, უდიდეს წნეხში ვექცეოდით. ამ თამაშით ძალიან დიდი გამოცდილება შევიძინეთ, რაც შემდგომში წნეხთან გამკლავებაში დაგვეხმარება“.

„თუ გვსურს რომ გავხდეთ უკეთესები და მეტს მივაღწიოთ, აუცილებელია ინგლისის და სხვა წამყვანი ნაკრებების წინააღმდე ხშირი თამაში. არ აქვს მნიშვნელობა რამდენს ვივარჯიშებთ და რას გავაკეთებ, აუცილებელია ამათთან თამაში!“.

შემოდგომის ერთა თასი. პირველი რაუნდი
14 ნოემბერი. ლონდონი. თვიქენჰემი
ინგლისი – საქართველო 40:0
საქართველო
ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო სვანიძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. გელა აფრასიძე;
შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ლაშა ჯაიანი, 5. გრიგორ ქერდიყოშვილი, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე;
მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. ლექსო ყაულაშვილი, 19. ოთარ გიორგაძე, 20. თორნიკე ჯალაღონია; 21. ვასილ ლობჟანიძე, 22. სანდრო თოდუა, 23. გიორგი ჯავახია.