კატალონიაში საუკეთესო შერმადინია, გამარჯვებული კი “ბარსელონა”

0
11

გიორგი შერმადინის ჩინებული თამაშის მიუხედავად, “ტენერიფე იბეროსტარი” კატალონიაში, “ბარსელონასთან” დამარცხდა. 6 მოგების შემდეგე ეს გახლდათ ტენერიფელთა პირველი მარცხი ესპანეთის ჩემპიონატში – 74:81. კანარელებმა პირველ პერიოდში ერთქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ შემდეგ მე-2 მეოთხედი ჩააგდეს (12:22) და დარჩენილ დროში ვითარება ვეღარ გამოასწორეს.

ქართველი ფორვარდი მოედანზე მყოფთაგან ყველაზე საუკეთესო იყო. შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 27 წუთში 19 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება დააგროვა. გიორგიმ 12-დან 8 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, მისმა საერთო სარგებლიანობის ინდექსმამ კი მატჩში უმაღლეს ნიშნულს: 25-ს უწია.

ბარსელონაში საუკეთესო ალექს აბრინესი იყო 16 ქულით, ნიკოლა მიროტიჩმა კი 13 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. კატალონიელთა ბერძენი ლიდერის, ნიკა კალატესის დიდ წვლიცაა გამარჯვებაში, რომელმაც 14 ქულას 5-5 მოხსნა და პასი დაამატა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს გახლდათ პირველი მარცხი, ტენერიფე ცხრილში მე-5 ადგილამდე დაქვეითდა და ამის მიზეზი 2 გამოტოვებული მატჩია.  ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში, 8 ნოემბერს, შერმადინის გუნდი სევილიის ბეტისს უმასპინძლებს.