“ბარსამ” ტურინში იმარჯვა, “მანჩესტერმა” “ლაიფციგი” გაანადგურა

0
7

„ბარსელონამ“ გაილაღა, რასაც უნდოდათ იმას აკეთებდნენ სტუმართა ნახევარმცველები და შემტევები. შემთხვევითი სულაც არ არის, რომ „იუვეს“ კარის ჩარჩოში საერთოდ არ დაუტყამს და ძალიან მძიმე, უიმედო, უკლასო, უმოტოვაციო გუნდის შთაბეჭდილება დატოვა. უფრო მეტიც, ანგარიშის სხვაობა გაცილებით დიდი უნდა ყოფილიყო, თანაც ძალიან, მაგრამ „ბარსას“ შემტევები დამაგვირგვინებელ ფაზაში ძალიან სცოდავდნენ.
ანგარიშის გახსნა მეორე წუთზე ანტუან გრიზმანს შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს მოარტყა. თუმცა, კატალონელები მალევე დაწინაურდნენ. უსმან დემბელეს გასროლა ფედერიკო კიეზას მოხვდა და კარში ჩაეშვა. „იუვემ“ ერთ წუთში გაათანაბრა, მაგრამ ალვარო მორატას გოლი თამაშგარის გამო VAR-მა გააუქმა. ესპანელმა კიდევ ერთხელ გაიტანა პირველ ტაიმში და ისევ თამაშგარეში იყო, შესაბამისად, არ ჩაითვალა. მეორე ნახევარის დასაწყისში კი საერთოდაც ჰეთ-თრიქი „შეასრულა“, მაგრამ კვლავ თამაშგარე მდგომარეობის გამო VAR-მა გოლი გააუქმა. სულ ეს იყო, ალვარო მორატას სამი გოლი, მეტი „იუვენტუსს“ წინ არაფერი გაუკეთებია. სხვათა შორის, მორატა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ერთ თამაშში 3 გოლი არ ჩაუთვალეს. მატჩის მიწურულს მერიჰ დემირალი გააძევეს, მერე პენალტი დაინიშნა, რომელიც ლიონელ მესიმ გაიტანა და 2:0. სხვათა შორის, „ბარსელონა“ 2011 წლიდან პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ტურინში კარი ერთზე მეტ შეხვედრაში მშრალად შეინახა (2017 წლის ნოემბერშიც 0:0). „ბარსელონამ“ 6 ქულა დააგროვა, „იუვეს“ 3 ქულა დარჩა. ანდრეა პირლოს გუნდში ბევრი პრობლემაა და გამოუცდელი სპეციალისტი ძალიან დიდი გამოწვევის წინაშეა, რაც პრინციპში მას აქამდეც უნდა სცოდნოდა.
კიდევ უფრო შთამბეჭდავად ითამაშა „მანჩესტერ იუნაიტედმა“, რომელმაც საკუთარ მოედანზე შარშანდელი ნახევარფინალისტი და ამბიციური „ლაიფციგი“ 5:0 გაანადგურა. ბრწყინვალე იყო მარკუს რაშფორდი, რომელიც შეცვალზე ჩაერთო თამაშში და ჰეთ-თრიქი გაიფორმა, პირველი ინგლისური გუნდის მაისურით. ამავე ჯგუფში „პარი სენ ჟერმენმა“ მეორე ტაიმში გატეხა თურქული „ბაშაკშეჰირი“და მოიზე კინის დუბლით აჯობა – 2:0. სხვათა შორის, კინი ყველაზე ახალგაზრდა იტალიელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ძირითადი შემადგენლობიდან დაწყებულ პირველივე მატჩში გოლი გაიტანა და მან ალესანდრო დელ პიეროს 1995 წელს მიღწეული შედეგი გააუმჯობესა.