“ბარსამ” დიდი ანგარიშით მოიგო, “მანჩესტერმა” პარიზში იმარჯვა…

0
20

ჩემპიონთა ლიგის 2020-21 წლების სეზონის პირველი ტურის მატჩები ოთხ ჯგუფში გაიმართა და საინტერესო მატჩებიც გაიმართა. E ჯგუფში ფავორიტების, „ჩელსისა“ და „სევილიას“ გზები პირველივე ტურში გადაიკვეთა. ლონდონში ორივე გუნდმა ეცადა გამარჯვების გოლის გატანას, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოუვიდათ და უგოლოდ დაშორდნენ. მას შემდეგ, რაც ფრენკ ლამპარდი „ჩელსის“ წვრთნის, ეს იყო ლონდონელთა პირველი უგოლო თამაში.

ამავე ქვეჯგუფში ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტები, „რენი“ და „კრასნოდარი“ დაუპირისპირდნენ, თუმცა მოგებული არც აქ გამოვლენილა. ფრანგები მეორე ტაიმის სტარტზევე დაწინაურდნენ, მაგრამ რუსებმა მალევე აღადგინეს წონასწორობა და ფრე 1:1.

F ჯგუფში რომის „ლაციო“ ჩემპიონთა ლიგას 13-წლიანი პაუზის შემდეგ გამარჯვებით დაუბრუნდა. თანაც, „არწივებს“ პრინციპული და სერიოზული მეტოქე ჰყავდათ „დორტმუნდის“ სახით. ჩირო იმობილემ ყოფილ გუნდზე შური იძია, გოლიც გაუტანა და საგოლე პასიც მიითვალა. „ლაციომ“ გერმანული გუნდი 3:1 დაამარცხა და დიდებული სტარტი აიღო.

მეორე შეხვედრაში „ზენიტი“ „ბრიუგესთან“ შინ ბევრისთვის ფავორიტად განიხილებოდა, მაგრამ ბელგიელებმა ბრწყინვალედ ითამაშეს და მეტოქეს ქულაც არ დაუტოვეს – 1:2.

G ჯგუფში ორივე ფავორიტმა მოიგო, თანაც ადვილად. კიევში „იუვენტუსი“ „დინამოს“ ესტუმრა და და ანდრეა პირლოს ჩემპიონთა ლიგაზე კარგი დებიუტი ჰქონდა. ტურინელებმა დამაჯერებლად, 2:0 იმარჯვეს და ორივე გოლი ნაანტრაქტევს ალვარო მორატამ გაიტანა, რომელმაც სხვათა შორის, კარიერაში 53-ედ ითამაშა ამ ტურნირზე და დუბლი პირველად შეასრულა. პირლო კი „იუვეს“ ისტორიაში მესამე მწვრთნელი გახდა მარჩელო ლიპისა (1995) და ფაბიო კაპელოს (2004) შემდეგ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სადებიუტო საგარეო მატჩი მოიგო.

„ბარსელონამ“ ლაშა დვალის „ფერენცვაროში“ 5:1 გაანადგურა. ვთქვათ, რომ ქართველ მცველს არ უთამაშია, ბოლომდე თადარიგში დარჩა. „ბარსამ“ კი მეტოქეს ძალიან ადვილად მოუგო, გაიტანეს ანსუ ფატიმ და პედრიმ. პირველად მოხდა, რომ ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში 17 წლის ორმა ფეხბურთელმა გამოიჩინა თავი. უგოლოდ მოედანი „ბარსას“ არც სხვა შემტევებს, ლიონელ მესის, ფილიპე კოუტინიოსა და უსმან დემბელეს დაუტოვებიან. „იუვეს“ და „ბარსას“ მომდევნო ტურში ელოდებათ მთავარი გამოცდა, როცა ერთმანეთს შეხვდებიან. კატალონელებს იმ მატჩში ჟერარ პიკეს იმედი ვერ ექნებათ, რომელიც უნგრელებთან გააძევეს.

და ბოლოს H ჯგუფი, სადაც „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩემპიონთა ლიგას დიდებულად დაუბრუნდა და „პარი სენ ჟერმენი“ პარიზში ისევ დაამარცხა, თანაც ისევ ბოლო წუთებში და კვალვ მარკუს რაშფორდის გოლით. მანამდე გუნდებს თითო გოლი ჰქონდათ გაცვლილი. ერთი საინტერესო დეტალი: „იუნაიტედმა“ ისტორიაში პირველად მოიგო ყველა ტურნირის ჩათვლით ზედიზედ 10 საგარეო თამაში…

ჯგუფის მეორე შეხვედრაში მოლოდინისამებრ გერმანულმა „ლაიფციგმა“ თურქეთის ჩემპიონი „ბაშაკშეჰირი“ ადვილად, ანხელინოს პირველივე ტაიმში შესრულებული დუბლით დაამარცხა და სეზონი კარგად დაიწყო.