წავიდა და დარჩა

0
16

ეს წუთია, გავიგე: გარუნა გარდაცვლილა, გარუნ აკოფოვი. ჩვენი ჟურნალისტიკის ცოცხალი ისტორია. სამ დღეში 97 წლისა უნდა გამხდარიყო. 100 წლამდე 3 წელიწადი დააკლდა.

წავიდა გარუნ აკოფოვი და მასთან ერთად წავიდა დიდი ეპოქა – ჩვენი სპორტის ისტორიის, ჩვენი სპორტული ჟურნალისტიკის 80-წლიანი ეპოქა. წავიდა ეს ეპოქა, მაგრამ ამავე დროს დარჩა კიდეც და დარჩა გარუნ აკოფოვის წყალობითაც – მის წიგნებში, მის საგაზეთო თუ საჟურნალო პუბლიკაციებში მოქცეული.

სხვა რომ არაფერი წაიკითხოს კაცმა, საკმარისია თვალი გადაავლოს გარუნ აკოფოვის ჟურნალისტურ შემოქმედებას, რომ საკმაოდ სრული წარმოდგენა შეიქმნას ქართული სპორტის განვლილ გზაზე, განსაკუთრებით – ქართული ფეხბურთისა და ქართული კალათბურთის ისტორიაზე. აკი ორივე ამ სახეობის ისტორია გარუნ აკოფოვის თვალწინ იქმნებოდა, ხოლო კალათბურთის ისტორიის შექმნაში თავადაც აქტიურად მონაწილეობდა, როგორც საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი.

60 წლის წინათ, 1960 წელს გარუნ აკოფოვი ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად პირველი იყო საქართველოს ჟურნალისტთაგან, ვინც ოლიმპიურ თამაშებს დაესწრო რომში. მას შემდეგ იგი კიდევ რამდენიმე ოლიმპიადაზე იყო აკრედიტებული ჟურნალისტად და თავისი პირველი ოლიმპიადიდან მთელი 36 წლის შემდეგ ატლანტაშიც იმუშავა, 1996 წლის თამაშებზე, სადაც საქართველოს ოლიმპიელები პირველად გამოვიდნენ დამოუკიდებელ გუნდად.

თვლა არა აქვთ მსოფლიოს, ევროპისა თუ საბჭოთა კავიშირის ჩემპიონატებს სპორტის მრავალ სახეობაში, რომელთაც გარუნ აკოფოვი აშუქებდა როგორც აკრედიტებული ჟურნალისტი.

ქართველ სპორტულ ჟურნალისტთა დღევანდელი უფროსი თაობის წარმომადგენლები ჯერ დაბადებულიც არ ვიყავით, როცა გარუნ აკოფოვის გვარი უკვე ჩანდა ჩვენს პრესაში, საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც. სანამ ის ჩვენს გვერდით იყო, მე, ორმოცდაათს თუ სამოცს გადაცილებულ და ახლა უკვე სამოცდაათს მიღწეულ მის კოლეგას, ჯერ კიდევ პატარა ბიჭად მიმაჩნდა თავი, ახლა კი თითქოს ერთბაშად ვიგრძენი ასაკი.

გარუნას გვერდით კი ასაკი არავის ეტყობოდა. არც თავად მას. მუდამ ხალისიანი, მუდამ ინტერესიანი, მუდამ მზადმყოფი, – თავისი ცინცხალი მეხსიერებიდან ისეთი ფაქტები თუ ციფრები გამოეხმო, რომელთა მოძიებაში უიმისოდ ვინ იცის, რამდენი დრო უნდა დაგვეხარჯა.

გარუნ აკოფოვი რუსულ ენაზე წერდა და მრავალი წლის განმავლობაში ცენტრალური რუსულენოვანი სპორტული პრესის მთავარი წარმომადგენელი იყო საქართველოში, მისი მეშვეობით გადიოდა ქართული სპორტის ამბები ჯერ საკავშირო და შემდეგ მსოფლიო საინფორმაციო სივრცეში.

ქართული სპორტის ვერც ერთი მემატიანე, ისიც კი ვინც ჯერ არ დაბადებულა, გვერდს ვერ აუვლის გარუნ აკოფოვის მრავალწლიან ჟურნალისტურ შემოქმედებას, მის წიგნებს, მის ცნობარებს, მის ნარკვევებს, მის ინტერვიუებსა თუ რეპორტაჟებს.

მშვიდობით, ბატონო გარუნ. თქვენ ძალიან დააკლდებით ჩვენს ჟურნალისტურ ამქარს.

პაატა ნაცვლიშვილი

18. 10. 2020