ბათუმის დინამომ პრინციპული მატჩი მოიგო და კვლავ ლიდერია

0
8

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ჩემპიონობის ერთ-ერთმა პრედენდენტმა ბათუმის დინამომ მე-13 ტურში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. გეგუჩაძის გუნდმა გასვლაზე საბურთალო ჯაბა ჯიღაურის მიერ გატანილი გოლის წყალობით დაამარცხა. დაპირისპირების პირველი ტაიმი მეტ-ნაკლებად თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა და შედეგიც ლოგიკური იყო. შეხვედრის მეორე ნახევარი კი სტუმრებმა უფრო აქტიურად დაიწყეს, რასაც 51-ე წუთზე მასპინძელთა კარში გატანილი გოლი მოჰყვა. თავდაპირველად გაფრინდაშვილის დარტყმა საბურთალოს გოლკიპერმა მოიგერია, მაგრამ დამატებისას ჯიღაურის თავურის წინაშე ლაზარე კუპატაძე უძლური აღმოჩნდა. გატანილი გოლის შემდეგ ბათუმელებს მალევე შეექმნათ რეალური საგოლე მომენტი, თუმცა მისი რეალიზება ვერ შეძლეს. საბოლოოდ, ბათუმის დინამომ მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.
13 ტურის შემდეგ საბურთალოს 20 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა. ბათუმის დინამო კი 26 ქულით გათამაშების ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს.
საფინალო სასტვენის შემდეგ გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა მატჩი შეაფასეს.
გია გეგუჩაძე (დინამოს მთავარი მწვრთნელი): “უშუალო კონკურენტთან, გასვლით მატჩში სამი ქულა ავიღეთ და, რა თქმა უნდა, კმაყოფილები ვართ. ძალიან რთული თამაშის მოლოდინი გვქონდა და ასეც იყო. მოხარული ვარ, რომ დავიხარჯეთ და მაქსიმუმი გავაკეთეთ. მიზანი, რა თქმა უნდა, ჩემპიონობაა. მოვლენებს წინ არ უნდა გავასწროთ – ძალიან რთული ჩემპიონატია, ახლა უკვე ნებისმიერ ქულას ოქროს ფასი აქვს. პირველ რიგში საკუთარი თავის იმედი უნდა გვქონდეს. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ თამაშში მოსაგებად გავიდეთ მოედანზე და ქულები არ დავკარგოთ”.
ლევან კორღალიძე (საბურთალოს მთავარი მწვრთნელი): “დინამო ბათუმმა, რა თქმა უნდა, დამსახურებულად გაიმარჯვა და წარმატებას ვულოცავ. ამ მარცხზე ჩვენ სათანადო რეაგირება გვექნება, სწორ დასკვნებს გამოვიტანთ და იმედია, შემდეგ თამაშში ასეთ შეცდომებს აღარ დავუშვებთ. წინ საკმარისი დრო და თამაშებია, რომ მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ, მოედანზე ყველა შეხვედრაში მოსაგებად გავალთ და ვნახოთ, სეზონის ბოლოს რომელ ადგილს დავიკავებთ. წინასწარ ასე არ ვგეგმავ, რომელ ადგილზე უნდა გავიდეთ, ყოველი მატჩის მოსაგებად ვიბრძვით. დანარჩენს დრო და თამაშები გვიჩვენებს”.

კლუბი ±
1. დინამო ბთ დინამო ბთ 13 13 26
2. დილა დილა 13 14 23
3. დინამო თბ დინამო თბ 11 14 22
4. საბურთალო საბურთალო 12 9 20
5. ლოკომოტივი ლოკომოტივი 12 4 19
6. ტორპედო ტორპედო 13 -6 16
7. თელავი თელავი 13 1 15
8. სამტრედია სამტრედია 13 -9 13
9. ჩიხურა ჩიხურა 13 -23 6
10. მერანი თბ მერანი თბ 13 -17 5