დუდუ დადიანის მემორიალის ფინალში რუსთავი და ქუთაისი შეხვდებიან

0
6

დუდუ დადიანის მემორიალის ფინალში ერთმანეთს  “რუსთავი” და “ქუთაისი” შეხვდებიან. ოლიმპიურ სასახლეში გამართულ ნახევარფინალურ მატჩებში ორივე გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ქვემოქართლელებმა ფინალის გზაზე “ოლიმპი” ჩამოიცილეს, ქუთაისელებმა კი “კაკტუსს” აჯობეს.

კაკტუსი – ქუთაისი 86:97

ქუთაისი აქამდე სამჯერ იყო დუდუ დადიანის მემორიალის ფინალში და მხოლოდ ერთხელ იმარჯვა. 2011 წელს იმერულმა კლუბმა შსს- მოუგო და ტიტულს დაეპატრონა, ხოლო 2015 და 2016 წლებში ქუთაისელებმა შესაბამისად ყაზახურ “ბარსისთან” და “დინამო თბილისთან” წააგეს.

კაკტუსთან მატჩი კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა დამაჯერებლად დაასრულეს, პირველი ნახევარი კი შედარებით თანაბარი გახლდათ. იმერულმა კლუბმა პირველი პერიოდი 23:18 მოიგო, დიდი შესვენების შემდეგ კი 6 ქულით დაწინაურდა, თუმცა კაკტუსის მოთამაშეები არ ნებდებოდნენ და ამერიკელი ლეგიონერების ძალისხმევით შანსს ინარჩუნებდნენ. მესამე პერიოდში თბილისელები 3 ქულით – 52:55 მიუალოვდნენ მეტოქეს, რაც მათი მაქსიმუმი აღმოჩნდა. პერიოდის ბოლომდე ქუთაისელებმა ლიდერობა 19 (!) ქულამდე გაზარდეს, რაც აკაკი დვალიშვილის, ლუკ მოიერის, გიორგი ბარბაქაძის და ილია ლონდარიძის შედეგიანი თამაშით მოხერხდა.

ბოლო პერიოდში იმერული კლუბის ლიდერობამ 20 ქულას გადააჭარბა და მატჩის ბედიც გაირკვა. კაკტუსელებმა თამაშის ბოლომდე მხოლოდ ანგარიშის შემცირება მოახერხეს, ქუთაისი კი დამაჯერებლად მივიდა გამარჯვებამდე და ფინალში გავიდა.

26 ქულით ქუთაისელებს აკაკი დვალიშვილმა ულიდერა. 18-18 ქულა მოიერმა და ბარბაქაძემ მიითვალეს, ხოლო 14 ქულა ილია ლონდარიძის ანგარიშზე დაგროვდა. კაკტუსელთა შორის კვლავ საუკეთესო იყო სამაი ჰეინს-ჯონსი, რომელმაც ამჯერად 23 ქულა მიითვალა. 14 ქულა ჰქონდა დარიუს უილიამსს.

რუსთავი – ოლიმპი 99:64

ამ შეხვედრაში ერთი ფავორიტი იყო. რუსთაველებმა ტურნირზე საუკეთესო შეხვედრა ჩაატარეს. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა ქვემოქართლელებმა თამაში გამორჩეული შედეგიანობით დაიწყეს და ჯერ 10:2 დაწინაურდნენ, შემდეგ ლიდერობა 22:6 გაიმყარეს, პირველი პერიოდი კი 30:11 მოიგეს.

ლეგიონერების გარეშე მოთამაშე ოლიმპელებს არაფერი გამოსდიოდათ, 3 ამერიკელით გაძლიერებულ რუსთაველებს კი პირიქით, სწრაფი თამაშიც მისდიოდათ და რაც მთავარია, შედეგიანობითაც გამოირჩეოდნენ. მეორე ათწუთეული რუსთავმა 24:15 მოიგო და გამარჯვება ფაქტობრივად დიდი შესვენებისთვის გაინაღდა – 28 ქულით ლიდერობდა.

მეორე ნახევარში არაფერი შეცვლილა. ოლიმპს თამაშის გამოსასწორებლად რესურსი არ ეყო და შეხვედრაც ქვემოქართლელთა იოლი გამარჯვებით დასრულდა. რუსთაველთაგან 19 ქულით ბომბარდირი მაიკლ უაითი გახდა. რევაზ ჩაჩანიძემ 16, ხოლო ჯილან ვაშინგტონმა 15 ქულა მოაგროვა. ოლიმპში 20 ქულით საუკეთესო იყო ოთარ ფხაკაძე, 18 ქულა ლევან გოგიჩაიშვილმა მიითვალა, ხოლო ლუკა კალატოზიშვილის ანგარიშზე 17 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა.

აქვე ისტორიული ფაქტიც: დუდუ დადიანის მემორიალი ყველაზე მეტჯერ, 6-ჯერ რუსთაველებს აქვთ მოგებული – 2006, 2007, 2008, 2009, 2010 და 2014 წლებში.

ფინალური მატჩი რუსთავსა და ქუთაისს შორის 12 ოქტომბერს, ოლიმპიურ სასახლეში, 18:00 საათზე გაიმართება.

დაჯილდოება

ქართული საკალათბურთო საზოგადოების წარმომადგენლები – მურმან ქურიძე და მამუკა ლომაძე იუბილარები არიან. საერთაშორისო კატეგორიის არბიტრს, მურმან ქურიძეს 75 წელი შეუსრულდა, ხოლო ვეტერანი კალათბურთელი, თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის გამგეობის წევრი, მამუკა ლომაძე 60 წლის გახდა.

ორივე მათგანი დღეს, დუდუ დადიანის მემორიალის ნახევარფინალის, კაკტუსი-ქუთაისის მატჩის შესვენებაზე დააჯილდოვა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის უფროსმა, ალეკო პეტრიაშვილმა. მურმან ქურიძესა და მამუკა ლომაძეს ეროვნული ნაკრების მაისური და საპატიო სიგელი გადაეცათ.