მასობრივი ფეხბურთის კვირეული გრძელდება

0
7
 საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით მთელი ქვეყნის მასშტაბით უეფას მასობრივი ფეხბურთის კვირეული გრძელდება. კვირეულის ფარგლებში ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგვაზაოს ესტუმრნენ.

სოფლის მოედნების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ნაგვაზაოს საფეხბურთო მოედანი აღადგინა. პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა მოედანი, შეკეთდა ტაბლო, მოეწყო სათადარიგო სკამი და ყველა ის დეტალი, რომელიც სპორტული მოედნის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვისა არის აუცილებელი.

განახლებულ საფეხბურთო მოედანზე პირველი მატჩი სფფ-ის გუნდსა და ადგილობრივ სამოყვარულო ფეხბურთის კლუბ “მერცხალს” შორის გაიმართა. ამხანაგური შეხვედრა ფეხბურთის ფედერაციის გუნდის გამარჯვებით ანგარიშით – 4:2 დასრულდა.

ნაგვაზაოში სტუმრობის ფარგლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სამეგრელოს რეგიონში გრასრუტ პროგრამების კოორდინატორს ჯესი სურმავას სიმბოლური მაისური გადასცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა.

სოფელ ნაგვაზაოში გამართულ აქტივობებში მონაწილეობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად გენერალურ მდივანმა დავით მუჯირმა და პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძემ მიიღეს.

ნაგვაზაოს განახლებულ სტადიონზე ამხანაგურ მატჩთან ერთად ღია სახალისო საფეხბურთო სკოლის ღონისძიებაც გაიმართა. სახალისო საფეხბურთო ვარჯიშებში 50-მდე ადგილობრივი ბავშვი ჩაერთო.