მალხაზ ურჯუკაშვილი: “საქართველოში რომ ჩამოვდივარ, მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერი”

0
9
ვეტერან ბორჯღალოსანს მალხაზ (მახო) ურჯუკაშვილს 40 წელი შეუსრულდა. საქართველოს რაგბის კავშირი, ქართული რაგბის თემის სახელით, მახოს იუბილეს ულოცავს და მას ჯანმრთელობას და წარმატებებს უსურვებს.

რაგბის სტაჟიან ქომაგს აუცილებლად ემახსოვრება ტანმორჩილი უნივერსალი, რომელიც ძლიერ ფეხებზე იდგა, გამოირჩეოდა სისწრაფით, სისხარტით და ლელოს ალღოთი.

მისი სანაკრებო დებიუტი 17 წლის ასაკში შედგა, მოიხვეჭა 70 კეპი და გაიტანა 18 ლელო. ურჯუკაშვილი გამოირჩეოდა ფეხჩუბინობით, კარგად ასრულებდა შორეულ დარტყმებს და 325 ქულით, საქართველოს ნაკრების მექულეებში მეორე ადგილზეა. ის სამჯერ გახდა რაგბი ევროპის ჩემპიონატის, იგივე ერთა თასის გამარჯვებული (2001, 2007/2008, 2009) და ითამაშა სამ მსოფლიო თასზე (2003, 2007 და 2011)

დასაწყისი

ისე, როგორც ბავშვების უმრავლესობას, მახო ურჯუკაშვილსაც სასურველი სპორტის მოსაძებნად გარკვეული დრო დაჭირდა. თავიდან ის ცეკვაზე დადიოდა, მერე ფეხბურთის წრეზე შევიდა და ეს საქმე ისე კარგად გამოსდიოდა, 9-10 წლის ბიჭი უფროსებს დაყავდათ სათამაშოდ. სინჯა კარატის ორი სახეობა, ფარიკაობა, უფროს მეგობარ გია გულორდავასთან, ინდივიდუალურად ვარჯიშობდა და ასაკთან შედარებით, ფიზიკურად მაგარ ფორმაში იყო.

გასული საუკუნის 90-იან წლებში, რაგბის ცნობადობა იმდენად დაბალი იყო, რომ 163-ე სკოლაში რაგბის წრე რომ გაიხსნა, ბიჭებს ეგონათ ეს „ამერიკული ფეხბურთი“ იყო და ჩაფხუტებით და ნიღბებით უნდა ეთამაშათ. ზაზა ჯუღელის მიერ გახსნილ რაგბის წრეზე ჯერ მახოს მეგობრები, ზვიად ცუხიშვილი და ირაკლი მაჩხანელი მივიდნენ, ერთ დღეს კი მათ ვარჯიშზე 11 წლის ურჯუკაშვილი გაყვა.

„პირველსავე ვარჯიშზე ბევრი რამ გამომივიდა, ლელოები გავიტანე და რაგბი თავიდანვე მომეწონა. ტარდებოდა ფესტივალები, სადაც უდიდეს სიამოვნებას ვიღებდით. მწვრთნელები საღამოობით გვიწყობდნენ პატარა ბანკეტებს, ლიმონათით და ტკბილეულით და ბავშვებს რაგბი უფრო მეტად გვიყვარდებოდა. მერე გუნდი დაიშალა, მაგრამ რამდენიმე ბიჭი რაგბით უკვე ისე ვიყავით მოწამლულები, მე და ცუხიშვილი ‘აკადემიაში’ მივედით. ძალიან ცუდი დრო იყო, თუმცა ვაზისუბნიდან ვაკეში ვარჯიშებზე ყოველდღე დავდიოდით და მეგობრები ერთმანეთს ვამხნევებდით“ – იხსენებს იუბილარი საწყის წლებს.

16 წლის ბიჭი ისე უხვად იყო სარაგბო უნარებით დაჯილდოვებული, რომ 2 წლით უფროსებთან ერთად ახალგაზრდულ ნაკრებში მოხვდა და პარალელურად, გურამ მოდებაძემ, რომელიც ამავდროულად ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, ‘გუმარში’ მიიწვია. ურჯუკაშვილს ფინანსური პრობლემები ჰქონდა და ვარჯიშებზე სიარული უჭირდა, თუმცა ეს პრობლემა მალე მოუგვარდა:

„გუნდში საწევროს იხდიდნენ, მე კი გზის ფულიც არ მქონდა და იმისათვის, რომ ვარჯიშებზე სიარული არ შემეწყვიტა, ხელფასი დამინიშნეს – 25 ლარი. მაშინ ეს ჩემთვის დიდი ფული იყო და გეგმებს ვაწყობდი. მოდებაძე მენდობოდა და მიუხედავად ასაკისა, რეგულარულად ვთამაშობდი შეცვლებზე. ისე აეწყო, ყველა შესვლაზე ლელო გამქონდა და ნელ-ნელა პირველ გუნდში დავწინაურდი, 17 წლისა კი ეროვნულ ნაკრებში მიმიწვიეს“.

ვიდეო-რეფერი რომ ყოფილიყო

მახო ურჯუკაშვილს ნაკრებში დებიუტი 1997 წლის ოქტომბერში, „ეროვნულზე“ (დინამო არენა) ხორვატიის ნაკრებთან ჰქონდა.

„ჩილეში ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ფირას „გ“ დივიზიონი მოვიგეთ, იქიდან დაბრუნებულს კი, მოულოდნელად ეროვნულ ნაკრებში დამიძახეს. ჩემ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, თუმცა მეგონა, რომ მხოლოდ ვივარჯიშებდი და თამაში არ მომიწევდა, მაგრამ ხორვატებთან შემადგენლობაში დამასახელეს და გაოცებული ვიყავი“.

ხორვატებთან მატჩიდან მალე, მახომ დანიის წინააღმდეგ ითამაშა, მომავალ წელს, ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ფირას „ბ“ დივიზიონის გამარჯვებული გახდა, თავის მეოთხე მატჩში კი, რუსეთს ოთხი ჯარიმა გაუტანა და გუნდთან ერთად პირველი დასამახსოვრებელი გამარჯვება იზეიმა – 12:6.

„ძლიერი ფეხი მქონდა, კარში დარტყმის ტექნიკა კი დავით კილასონიამ მასწავლა. მაშინ მოედნები საერთოდ არ გვქონდა და სადაც მოგვიწევდა იქ ვვარჯიშობდით. რუსეთთან მატჩის წინ შეკრებაზე ვიყავით ლიკანში, სადაც ორი ხე შევარჩიე და მინდორში ვვარჯიშობდი კარში დარტყმაში. ამას ჩემთვის ვაკეთებდი, მაგრამ ეტყობა მოეწონათ ჩემს მიერ შესრულებული ჯარიმები და რუსეთთან კარში დარტყმა მე დამავალეს. ასეთ პასუხისმგებლობას არ ველოდი, თუმცა ყველაფერი კარგად წამივიდა, მატჩის საუკეთესო მოთამაშდაც დამასახელეს და ვფიქრობ, ქომაგმაც ამის შემდეგ გამიცნო“ – ამბობს ურჯუკაშვილი, რომელიც ამ შეხვედრის გარდა, 2007 წლის მსოფლიო თასზე ირლანდიასთან მატჩს განსაკუთრებული ემოციებით იხსენებს:

„2007 წელს ჩვენსა და პირველი დონის გუნდებს შორის ისეთი განსხვავება იყო, ამას ვერავინ წარმოიდგენდა, მაგრამ როგორც ჩანს, მეტოქემ არ დაგვაფასა და უბრალოდ გადაგვირჩა. ეს შეხვედრა ცენტრში დავიწყე და ფულბეკად დავასრულე. მაშინ ვიდეო-რეფერი არ იყო, თორემ დასკვნით წუთებში შერკინებით ლელო გავიტანეთ. კონკრეტულად ამ შეხვედრაში ირლანდიას ყველაფერში ვაჯობეთ და მოგებასაც ვიმსახურებდით!“.

„მთავარი ის იყო, რომ ნელ-ნელა ვიზრდებოდით, 1998 წელს რუმინეთთან დასანანი თამაში 4 ქულით დავთმეთ და 1999 წლის მსოფლიო თასზე ვერ გავედით. 2003 წელს, ავსტრალიაში ბევრი ვერაფერი გავაკეთეთ, მაგრამ სულ ვიზრდებოდით და ყოველ მომდევნო მსოფლიო თასზე, 2015 წლის ჩათვლით, პროგრესი გვქონდა. მაშინ ის დრო იყო, მოედანზე არ გვიშვებდნენ და ძალით შევდიოდით, ძირითადად კი ბილიკებზე დავრბოდით და „მიხეილ მესხის“ სტადიონის წინ ასფალტზე, ორი ხელის დადებაზე ვთამაშობდით“.

„ახლა იდეალური ბაზებია და მეტის მიღწევის შესაძლებლობა გვაქვს. მიმაჩნია, რომ სათანადოდ არ ვაფასებთ ქართველ მწვრთნელებს. 2007 წლის მსოფლიო თასისთვის, სწორედ ქართველმა მწვრთნელებმა მოგვამზადეს და ძალიან კარგ ფორმაში ვიყავით, რაც შედეგზეც აისახა. მე ბევრ მწვრთნელთან მქონია შეხება და უცხოელები განსაკუთრებულს არაფერს აკეთებენ. ვფიქრობ, როგორც ქართველი მწვრთნელი და მოთამაშე ჩადებს სულს და გულს საკუთარი ნაკრების წარმატებაში, ასე უცხოელი ვერ მოიქცევა და ერთმანეთი უფრო მეტად უნდა დავაფასოთ“.

‘ტულუზა’ და დანარჩენები

ურჯუკაშვილის ფრანგული, საკლუბო კარიერა ‘ტულუზაში’ დაიწყო. 1998 წელს, საფრანგეთში შეკრებაზე მყოფი საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში ფრანგულ გრანდს შეხვდა და მახომ ლელო გაიტანა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ის გუნდში სინჯებზე მიიწვიეს:

„ტულუზაში რომ ჩავედი ტრავმა მქონდა და დაახლოებით ორი თვე ვარ ვვარჯიშობდი. მე მეგონა წინ მთელი წელი მქონდა და მერე გავიგე, რომ სინჯები 3 თვე გრძელდებოდა. მითხრეს, რომ ‘კასტრთან’ აუცილებლად უნდა მეთამაშა და კარში დარტყმაც დამავალეს. ამ თამაშში ერთი ლელო დავდე, ერთი სხვას დავადებინე და გავიტანე ყველა ჯარიმა თუ გარდასახვა, რის შემდეგაც გუნდმა კონტრაქტი გამიფორმა“.

‘ტულუზას’ ქართველი უნივერსალის დატოვება მომავალშიც სურდა, მაგრამ იმ დროს საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში მოთამაშე ‘ნიმის’ შეთავაზებას დათანხმდა და ურჯუკაშვილის საკლუბო კარიერაც ისე ვერ განვითარდა, როგორც მას ეკადრებოდა. მალე ‘ნიმში’ ფინანსური პრობლემები დაიწყო და მახოს ისე მოუწია გუნდის დატოვება, ვერც კი ითამაშა, მერე და მერე კი, ძლიერი კლუბის გამონახვა ვეღარ მოხერხდა:

„15-კაცა ნაკრების გარდა, ვთამაშობდი 7-კაცა ნაკრებშიც. ნაკრების კანდიდატები კლუბთან ერთად დიდ დროს ვერ ვატარებდით და ასეთი მოთამაშეების აყვანა არავის სურდა“ – იხსენებს მორაგბე, რომელმაც ‘მაზანეში’, ‘კამანდელოში’, ‘ორიაკში’, ‘ფიჟაკში’, ‘გურდონში’ და ‘დეკაზევილში’ ითამაშა, თუმცა ხშირი ტრავმების გამო, მოთამაშის კარიერის დასრულება მოუწია და მწვრთნელობა დაიწყო.

თავიდან ის ‘დეკაზევილის’ მეორე გუნდს ავარჯიშებდა და პარალელურად, პირველ გუნდში ფიზ.მომზადების სპეციალისტად მუშაობდა, ბოლო ერთი წელია კი ‘მოხსი’ ჩაიბარა.

„იმისათვის, რომ მაღალ დონეზე ითამაშო, აუცილებლად უნდა იყო მიზანდასახული და შრომისმოყვარე. ვფქრობ, რაგბში მეტის მიღწევა შემეძლო, მაგრამ შესაძლებლობა ვერ გამოვიყენე. სპორტსმენი რაღაცას რომ მიაღწევს არ უნდა დაკმაყოფილდეს. მამუკა გორგოძის მსგავსად, მხოლოდ ვარჯიშზე უნდა იყოს კონცენტრირებული და არ მოდუნდეს“ – რჩევის სახით ამბობს ურჯუკაშვილი, რომელსაც ოთხი შვილი ყავს (17 წლის ანა, 12 წლის ნია, 9 წლის ლუკა და 5 წლის ნიკო), თუმცა მამის პროფესიას არცერთი გაყვა.

ურჯუკაშვილი საფრანგეთში ცხოვრობს, მუშაობს და მწვრთნელობს, მაგრამ საქართველოზე ფიქრი არასდროს ტოვებს და ბედნიერადაც თავს მხოლოდ სამშობლოში გრძნობს:

„საფრანგეთში ეკონომიურად ნორმალური მდგომარეობა მაქვს, მაგრამ ბედნიერი არ ვარ. საქართველოში რომ ჩამოვდივარ, მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერი. ძალიან დიდი ხანია აქ ვცხოვრობ, მაგრამ ჩემი მაინც ვერ გახდა. ჟრუანტელით მახსენდება საქართველო და მოედანზე გატარებული ყოველი წუთი. უდიდესი ბედნიერებაა, როდესაც შენი ქვეყნისთვის, გულშემატკივრის წინაშე თამაშობ და შენი სახელი ჩაგესმის. ამ ემოციებისთვის მუდამ მადლიერი ვიქნები ქართველი გულშემატკივრის, რომლისგანაც ყოველთვის განსაკუთრებული სითბო და სიყვარული მოდიოდა“.

მახო ურჯუკაშვილის სტატისტიკა და ყველა მატჩი საქართველოს ნაკრებში