საქართველოს თასი – მეოთხედფინალური ეტაპის ყველა წყვილი ცნობილია

0
18

21 სექტემბერს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მერვედფინალური ეტაპის დასკვნითი მატჩები გაიმართა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თბილისის “საბურთალომ” თანაქალაქელ “დინამოს” უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით – 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი 52-ე წუთზე გავიდა, კუთხურის შედეგად დინამოელთა საჯარიმოში წარმოქმნილი არეულობით საბურთალოელთა კაპიტანმა, გაგი მარგველაშვილმა ისარგებლა და გამარჯვების გოლი გაიტანა. დარჩენილ დროში ანგარიშის გათანაბრების კარგი შანსი “დინამოს” კაპიტანს გიორგი კუციას ჰქონდა, თუმცა ახალგაზრდა ნახევარმცველის დარტყმული ძელმა მოიგერია. საბოლოო ჯამში ანგარიში აღარ შეცვლილა და საქართველოს თასის ბრძოლას “საბურთალო” გააგრძელებს.

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშებას გამოეთიშა შარშანდელი ფინალისტი თბილისის “ლოკომოტივი”. თბილისელები სტუმრად საჩხერის “ჩიხურას” დაუპირისპირდნენ და ანგარიშით – 1:2 დამარცხდნენ. მასპინძელთა მხრიდან ორივე გოლი გეორგი ბერეზოვმა გაიტანა, საჩხერელთა შემტევმა ლოკოს კარი  მე-14 და 21-ე წუთებზე აიღო. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ერთი გოლის გაქვითვა მეორე ტაიმში მოახერხა, მსაჯის მიერ დამატებულ დროში საჩხერელთა კარი ულად-ომარ იმრანმა აიღო.

​დღესვე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში 2020 წლის დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის წილისყრა გაიმართა, რომლის შედეგი შეგიძლიათ ბმულზე იხილოთ. მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები 26-27 სექტემბერს გაიმართება.