ევროთასები – ქართველთა სამი გუნდი ნახევარფინალში

0
7

ქართველი ლეგიონერების სამი გუნდი, 2019/2020 წლების ევროთასების განახლებული სეზონის ნახევარფინალში გავიდა.

ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში, გურამ გოგიჩაშვილის ‘რასინგ 92’-მა ფრანგულ დერბიში ‘კლერმონს’ სტუმრად 36:27 სძლია და ნახევარფინალში 26 სექტემბერს ინგლისურ ‘სარასენსს’ უმასპინძლებს. განვლილ მატჩში ქართველ ბურჯს მონაწილეობა არ მიუღია.

ჩელენჯ ქაფის მეოთხედფინალში ბექა გიგაშვილის ‘ტულონმა’ უელსურ ‘სკარლეტს’ უმასპინძლა და ტაიმი 0:6 დათმო, თუმცა საბოლოოდ 11:6 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა. ფრანგთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო გიგაშვილი, რომელმაც მოედანზე 62 წუთი გაატარა, ბურთით 7-ჯერ შეუტია და 4 მეტრი მოიგო, ხოლო დაცვაში 10 ბოჭვა შეასრულა და 3-ჯერ გაახერხა თერნოვერი. ‘ტულონი’ 26 სექტემბერს ინგლისურ ‘ლესთერ თაიგერსს’ უმასპინძლებს.

ბექა გორგაძის, ლექსო ყაულაშვილისა და ლაშა ტაბიძის ‘ბორდომ’ ‘ედინბურგი’ მიიღო და 23:14 დაამარცხა. ჟირონდელთა შორის შეცვლაზე 47 წუთიდან ითამაშა ყაულაშვილმა, 5 შეტევით 7 მეტრი მოიგო, დაცვაში კი 4 ბოჭვა და ერთი თერნოვერი გაახერხა. ‘ბორდო’ 25 სექტემბერს ინგლისში ‘ბრისტოლს’ ეთამაშება.