ლევან კორღალიძე: “ვეცდები “საბურთალოს” მეტი წარმატება მოვუტანო”

0
11

ლევან კორღალიძე “საბურთალოს” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ახალგაზრდა სპეციალისტს თბილისურ კლუბში დებიუტი ორშაბათს, თბილისის “დინამოსთან” სათასო მატჩში ექნება.

– ლევან, გილოცავთ “საბურთალოს” მთავარ მწვრთნელობას. როგორ განვითარდა მოვლენები?
– რამდენიმე წლის წინ “საბურთალოს” აკადემიაში დავიწყე სამწვრთნელო საქმიანობა. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ეს კლუბი უცხო არაა. ყველაფერი უცებ მოხდა – მივიღე წინადადება და მალევე დავთანხმდი. მეც მქონდა სურვილი და კლუბის ხელმძღვანელებსაც, რომ “საბურთალოს” მთავარი მწვრთნელი გავმხდარიყავი. ხანგრძლივი კონტრაქტი გავაფორმე.  ამ გადაწყვეტილებში დიდი როლი ითამაშა “ბენე-სპორტმა” და ირაკლი ლილუაშვილმა.
ვისარგებლებ შემთხვევით და “საბურთალოს” ხელმძღვანელობას ნდობისთვის მადლობას გადავუხდი. ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა. კლუბმა ბოლო წლებში დიდ წარმატებებს მიაღწია. ვეცდები უფრო დიდი წარმატება მოვუტანო “საბურთალოს”.
“საბურთალო” პროგრესირებადი კლუბია. წინსვლაში უდიდესი როლია გიორგი ჭიაბრიშვილის, რომელმაც გუნდი სხვა საფეხურზე აიყვანა – მოიგო პირველი ლიგა, გახდა ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი. წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის თემურ შალამბერიძესაც, რომლის ხელმძღვანელობით გუნდმა სუპერ თასი მოიგო.

– “საბურთალოს” ხელმძღვანელების შეთავაზება მოულოდნელი იყო?
– “ლოკომოტივიდან” წამოსვლის შემდეგ, რამდენიმე გუნდს ინტერესი ჰქონდა, თუმცა “საბურთალოს” შემთხვევაში ყველაფერი სწრაფად მოხდა. პროგრესირებადი კლუბია, კარგი ახალგაზრდები ჰყავს, პროფესიონალები მუშაობენ, აქვს აკადემია, გუნდს განვითარება და წარმატება უნდა. ამიტომაც იყო, “საბურთალოს” შეთავაზებაზე მალევე რომ დავთანხმდი.

 გუნდთან შეგუება არ გაგიჭირდებათ, რადგან ბევრი მეგობარი თუ ნაცნობი დაგხვდათ…
– დიახ, ნაცნობ გარემოში მოვხვდი. გამიადვილდება მუშაობა. ზოგთან, ადრე მიმუშავია, რამდენიმესთან ბავშობიდან ვმეგობრობ.

– უმუშევრობის დროს სხვადასხვა მატჩებს ესწრებოდით, მათ შორის “საბურთალოს”. როგორი იყო ტრიბუნიდან დანახული გუნდი?
– “საბურთალოს” სათამაშო სტილი ძალიან მომწონს. ჩემი და გუნდის სათამაშო გემოვნება ემთხვევა ერთმანეთს. “საბურთალო” ითამაშებს ისე, როგორც თამაშობდა – შემტევ და ლამაზ ფეხბურთს.

– სამწვრთნელო შტაბში ცვლილებები ხომ არ იქნება?
– ყველა ის ადამიანი დარჩება, ვინც მუშაობდა. ისინი თავის საქმის პროფესიონალები არიან. გვექნება ერთი მატება – გუნდის მომზადებაში ნიკა გუშარაშვილი დაგვეხმარება, ვისთან ერთადაც “ლოკომოტივში” ვმუშაობდი.

– გუნდი მეორე ადგილზე იმყოფება. ამავდროულად, თასის 1/8 ფინალში ითამაშებს. მიზნები მაღალი გექნებათ… 
– ჩემი მიზანი და სურვილი ყველა თამაშის მოგებაა. დანარჩენს კი დრო გვაჩვენებს.