ტრიუმფატორი ლოკომოტივი და შოკირებული რუსეთი

0
15

უეფას ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის ლოკომოტივმა მოსკოვის დინამოს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.
სტუმართა უპირატესობა პირველი ტაიმის მეორე ნახევრიდან გამოიკვეთა და მათ ორი სახიფათო მომენტიც შექმნეს.
54-ე წუთზე გაბაძემ მარჯვენა ფლანგზე კირკიტაძე მოძებნა, რომლის ჩაწოდებულსაც მოსკოველთა მეკარე ცუდად შეწვდა, პირველი ბურთთან ირაკლი სიხარულიძე აღმოჩნდა და ფორვარდმა ანგარიში გახსნა. მალე თბილისელთა ნახევარმცველ სამურკასოვს შეეძლო გატანა, მაგრამ მეტოქეთა გოლკიპერი ბოლო მომენტში ფეხით შეწვდა ბურთს და დინამო კიდევ ერთ გაშვებულ ბურთს გადაარჩინა.
76-ე წუთზე შონიას დარტყმული სტუმართა მეკარემ ცუდად მოიგერია და შეცვლაზე შესულმა მამია გავაშელიშვილმა სტუმართა კარში მეორე გოლი გაიტანა.
84-ე წუთზე ლოკომოტივი აშკარა გოლისგან მამარდაშვილმა იხსნა, რომელმაც მყისიერი რეაქცია გამოავლინა ორდეცის თავურზე. 89-ე წუთზე შონიამ მეტოქე საჯარიმოში წააქცია და კომლიჩენკომ პენალტი გაიტანა. ლოკომოტივმა სტუმართადასკნით იერიშებს გაუძლო და ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.
ლოკომოტივი: მამარდაშვილი – გაბაძე, სანდოხაძე, გურეშიძე, უბილავა – სამურკასოვი (ძებნიაური, 62), შონია, დარცმელია – კირკიტაძე (კობახიძე, 83), სიხარულიძე, იმრან უმარი (გავაშელიშვილი, 65)

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტების შეკითხვებს ლოკომოტივის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა უპასუხა:
 „ჯერ ვერ გავერკვიე ამ ემოციებში, ჯერ თქვენთან, ჟურნალისტებთან მოვედი. აქ შემოსვლამდე რაღაც ნაკადმა შემიყვანა გასახდელში. როცა პრესკონფერენციიდან გავალ, ამ ყველაფერს უკეთ გავაანალიზებ.
რა თქმა უნდა, ეს გამარჯვება თავისი ყველანაირი დატვირთვით ჩემს კარიერაში უნიშვნელოვანესია. ორივე მატჩი დიდი გამარჯვებაა. წინა მატჩი კრაიოვასთან და დინამო მოსკოვთან. მსურდა საკუთარი თავის რეალიზაცია, მითუმეტეს საბურთალოში განცდილი  მარცხის შემდეგ. საქმეს ყოველთვის გულიანად ვაკეთებ და თუ ეს არ გამოდის, კვლავ საქმით ვცდილობ არსებული შედეგის გამოსწორებას.
მინდა, მადლობა ვუთხრა ლოკომოტივს რომ ასეთი შანსი მომცა. ჩემი გუნდის მხრიდან მატჩების მიმდინარეობისას ასეთი მღელვარება ნორმალურია, რადგან ამგვარი ტიპის თამაშები ევროტურნირებზე ხშირად არ გვიწევს.
რა თქმა უნდა, ჩვენ გრანადაშიც ფეხბურთის სათამაშოდ ჩავალათ და ამ მატჩისთვის მაქსიმალურად მოვემზადებით.
ბედნიერი ვარ, რომ პატარა საქმე გავაკეთეთ, რომელმაც ხალხს ასეთი დიდი სიხარული მოუტანა”.

მომდევნო ეტაპზე ქართული კლუბი 24 სექტემბერს ესპანეთში გრანადას შეხვდება.

ლოკომოტივი-დინამოს მატჩს რუსეთში მწვავე მოჰყვა.
ვასილი უტკინი (სპორტული ჟურნალისტი): „ასეთი მატჩების ყურება აუცილებელი არაა. „დინამოს” გულშემატკივრობა მძიმე ტვირთია. ამ შემთხვევაში ირონიული არ ვარ. ყველაფერ დანარჩენზე ანგარიში მეტყველებს. მოგება ნორმალურია. წაგება – კატასტროფა. გინება გვიანია. არადა, გინდა. ადრე უნდა მოესმინათ ჭკვიანი ხალხისთვის“.
სერგეი კირიაკოვი (დინამოს ყოფილი შემტევი): „სირცხვილი? ეს ყველაზე მსუბუქი სიტყვაა. ქართული ფეხბურთისადმი ჩემი პატივისცემის მიუხედავად, ეს რუსეთის პირველი ლიგის დონის გუნდია”.
ალექსანდრ მოსტოვოი (რუსეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი): „გაოგნებული ვარ. გუნდი მრავალი წლის შემდეგ გადის ევროტურნირებზე. უკანასკნელ ხანს 60 მილიონამდე დაიხარჯა და თბილისის “ლოკომოტივი”… ვფიქრობ, ბევრმა არ იცის ამ გუნდის არსებობა. ყველამ იცის თბილისის „დინამო”. სტატისტიკაში „ლოკომოტივის” შემადგენლობა უნდა ვნახო, იქ ვინ თამაშობს. მათთვის ეს გმირობაა. „დინამოსთვის” – საზიზღრობა”.