გიორგი შერმადინის ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა

0
6

ექვსთვიანი შესვენების შემდეგ, რაც გამოწვეული იყო კორონავირუსის პანდემიით, ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის გათამაშება განახლდა. ჩვენი ინტერესი მიპყრობილია გიორგი შერმადინის ტენერიფეზე, რომელიც 1/8 ფინალში იყო გასული და ბოლოს ჩემპიონთა ლიგაზე აღნიშნული სერიის მეორე მატჩი ბელგიაში, ოსტენდესთან ითამაშა. ის შეხვედრა მასპინძლებმა მოიგეს და სერიაში ანგარიში 1:1 გაათანაბრეს, მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა კი ნახევარწლიანი შესვენების შემდეგ, 16 სექტემბერს ტენერიფეში გაიმართა, რომელიც შერმადინის გუნდის გამარჯვებით – 62:54 დასრულდა. ამით ტენერიფელებმა რვათა ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრების ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო. მან 23:23 წუთი ითამაშა და გუნდს 9 ქულა მოუტანა (2/7 თამაშიდან, 5/6 საჯარიმოს ხაზიდან). გიორგიმ 10 მოხსნაც მიითვალა (4 მეტოქის ფარზე). ასე რომ, მას ორმაგ დუბლამდე ქულა დააკლდა. +18 პლუს-მინუს კოეფიციენტით ის ორივე გუნდში საუკეთესო იყო. მარგი ქმედების კოეფიციენტით (+12) კი მხოლოდ ტაილერ კავანოს ჩამორჩა. გიორგის ანგარიშზეა 3 პასი და ერთი ჩაჭრა, მაგრამ 5 დაკარგვაც.

ჩემპიონთა ლიგის 8 საუკეთესო გუნდი საბერძნეთში შეიკრიბება, სადაც 30 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე ჩემპიონს გამოავლენს. ეს გუნდები არიან: ტენერიფე, სარაგოსა, ბურგოსი (ყველა ესპანეთი), აეკ (საბერძნეთი), ნიმბურკი (ჩეხეთი), ჰაპოელი იერუსალიმი (ისრაელი), დიჟონი (საფრანგეთი) და ტურკ ტელეკომი (თურქეთი).

ტენერიფელთა პირველი მეტოქე სარაგოსა იქნება და ამათი გამარჯვებული ნახევარფინალში ნიმბურკ-აეკს შორის უმჯობესს შეხვდება.