შენგელიას 13 ქულა ზენიტთან

0
6

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-ში გადასვლის შემდეგ, ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა.
ცსკა-მ ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ ციკლში ზედიზედ მე-6 მატჩი მოიგო და ეს სანკტ-პეტერბურგში მოხდა, სადაც ქართველი მძიმე ფორვარდის გუნდის “ნევის თასზე” სათამაშოდ ჩავიდა. მოსკოველებმა ზენიტთან მძიმე ბრძოლა გადაიტანეს და მხოლოდ ნიკოლა მილუტინოვის მიერ ბოლო წამზე ჩაგდებული ბურთის წყალობით მოიგეს (80:78), არადა, თამაშის განმავლობაში 15 ქულითაც კი იყვნენ წინ.
თორნიკე ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 20:01 წუთში 13 ქულა (ამაზე მეტი – 14 ქულა მხოლოდ რუნა-ბასკეტთან მისთვის სადებიუტო შეხვედრაში ჰქონდა), 4 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ლეგიონერმა 3-დან 2 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.სხვაობის “დაქაჩვა” პეტერბურგელთა ამერიკელმა ლიდერმა კევინ პანგოსმა ითავა, რომელმაც ჯამში 21 ქულა მოაგროვა, თუმცა, მის აქტიურობას შენგელიამ 2 ზუსტი სამქულიანით უპასუხა და მეტოქეს გადასწრების შანსი არ მისცა, საბოლოოდ კი, ყველაფერი მაინც ბოლოსკენ გაირკვა.
შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 13-ს გაუტოლდა და ის გუნდის რიგებში მხოლოდ ამერიკელ ლეგიონერებს მაიკ ჯეიმსსა (27) და უილ კლაიბერნს (15) ჩამორჩა. პირველმა 19 ქულა და 8 პასი მოაგროვა, მეორემ კი – 10 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა.

popsport.ge