საფრანგეთმა 2:0 გვაჯობა…

0
11

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე მატჩი საფრანგეთის წინააღმდეგ ჩაატარა. გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრა სტუმართა უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით 2:0 დასრულდა. ანგარიში 38-ე წუთზე გაიხსნა, ბურთი საკუთარ კარში ილია ბერიაშვილმა გაიტანა. ფრანგებმა მეორე გოლი მატჩის მიწურულს გაიტანეს, მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში 11-მეტრიანი ზუსტად ოდსონ ედუარდმა შეასრულა.
საქართველოსა და საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრებთა შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ და ნახევარმცველმა გიორგი კუციამ გააკეთეს:
ვასილ მაისურაძე: “უმაღლესი დონის მოწინააღმდეგეს დავუპირისპირდით, რთული მატჩი გამოდგა, თუმცა ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ. ლიხტენშტაინში სხვა თამაშს ველოდებით, მოედანზე სხვა განწყობით გავალთ. შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები სასტარტო შემადგენლობაშიც მოხდეს. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ და სამი ქულა ავიღოთ”.
გიორგი კუცია: “ვფიქრობ, რომ ეროვნულ ნაკრებში კარგი გამოცდილება მივიღე და ეს დღევანდელ მატჩშიც გამომადგა. რაც შეეხება საფრანგეთის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრას, პირველ ტაიმში ცოტათი გაგვიჭირდა, მაგრამ შემდეგ შევძელით თამაშის გამოსწორება და საფრანგეთის დონის ნაკრებს ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიეთ. ნამდვილად დასანანი მარცხი იყო, ბიჭებმა ბოლომდე ვიბრძოლეთ, რომ სასურველი შედეგისთვის მიგვეღწია”.

საქართველო 0:2 საფრანგეთი
საქართველო: გუგეშაშვილი, ტაბატაძე, ბერიაშვილი (76′ ქაფიანიძე), ანდრონიკაშვილი, სამურკასოვი, დარცმელია, სპანდერაშვილი (76′ ბუღრიძე), არდაზიშვილი (63′ გულიაშვილი), ასათიანი, კუცია (87′ კუხიანიძე), აზაროვი
სათადარიგო შემადგენლობა: მამარდაშვილი, ქავთარაძე, ჯინჯოლავა, ძებნიაური
მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე
საფრანგეთი: ლაფონტი, კამარა, ნორდინი (72′ სუმარე), კაკერე, დიაბი (72′ მბეუმო), გენდუზი, კუნდე, დაგბა, რენე-ადელაიდე (28′ დინა ებიმბე), გური (72′ ედუარდი), მაუსა (79′ ბარდი)
მთავარი მწვრთნელი: სილვიან რიპოლი
მსაჯი: დუჟე სტრუკანი (ხორვატია)
გოლები: ბერიაშვილი (ს.კ) (38), ედუარდი (პენ) (90+2)

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრას ლიხტენშტაინის წინააღმდეგ 8 სექტემბერს სტუმრად გამართავს. ჩვენი გუნდი მატჩის მასპინძელ ქალაქ ესხენში ჩარტერული რეისით 7 სექტემბერს გაემგზავრება.