სერხიო რამოსი: “შედეგით კმაყოფილი ვარ”

0
5

სანაკრებო ფეხბურთის დაბრუნების პირველსავე დღეს ერთმანეთს ევროპული ფეხბურთის გრანდები, გერმანიისა და ესპანეთის ნაკრები გუნდები დაუპირისპირდნენ. ერთა ლიგის A დივიზიონის მეოთხე ჯგუფის პირველი ტურის მატჩში იოახიმ ლიოვის გუნდმა ლუის ენრიკეს “ფურია როხას” შტუტგარტში უმასპინძლა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. გერმანელები თამაშს ტიმო ვერნერის გოლით იგებდნენ და ესპანელებმა გათანაბრება ბოლო წამებზე, 96-ე წუთზე მოახერხეს.
მომდევნო ტურში გერმანია შვეიცარიას ესტუმრება, ხოლო ესპანეთი უკრაინას მიიღებს. ორივე მატჩი 6 სექტემბერს გაიმართება.
ესპანეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა სერხიო რამოსმა გერმანიასთან მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა:


“დებიუტანტებმა ძალიან კარგად ითამაშეს და ბედნიერი ვარ იმ ფაქტით, რომ ესპანეთის ფეხბურთს დიდი მომავალი აქვს. ახალგაზრდები გულით თამაშობენ და მოედანზე ბოლომდე იხარჯებიან.
გერმანიის გამარჯვება არ იქნებოდა სამართლიანი და საერთო ჯამში საბოლოო შედეგით კმაყოფილი ვარ, რადგან მატჩის გადარჩენა ბოლო წუთზე მოვახერხეთ. რა თქმა უნდა საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში შესასვლელად დრო დაგვჭირდება”.