საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგისთვის მზადება დაიწყო

0
30
 საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მეორე გათამაშებისთვის თბილისში მზადება დაიწყო. ეროვნული ნაკრები დედაქალაქში არასრული შემადგენლობით შეიკრიბა. ქვეყნებს შორის დაწესებული სამოგზაურო და საკარანტინე შეზღუდვების გამო, ლეგიონერების უმრავლესობა საწვრთნელ პროცესში 1 სექტემბრიდან ჩაერთვება. დღეს, ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებმა და თურქულ სუპერლიგაში მოასპარეზე საბა ლობჟანიძემ ივარჯიშეს.

ვლადიმირ ვაისის მიერ ესტონეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან დასახელებულ შემადგენლობაში მორიგი იძულებითი ცვლილება განხორციელდა. ლაშა დვალი, გიორგი ნავალოვსკი და  ოთარ კიტეიშვილი სექტემბერში დაგეგმილ მატჩებს ტრავმის გამო გამოტოვებენ.  მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ეროვნული ნაკრების შემადგენლობას კიდევ ერთი ფეხბურთელი დაემატა. ბათუმის დინამოს წევრი მამუკა კობახიძე ეროვნულ ნაკრებთან ერთად ტალინსა და თბილისში დაგეგმილი მატჩებისთვის მოემზადება.

ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 25 ფეხბურთელია გამოძახებული. საწვრთნელი პროცესი 3 სექტემბრის ჩათვლით თბილისის ზღვაზე მდებარე ს.კ. ზესტაფონის ბაზაზე შედგება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი);
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი),სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი), დავით კობოური (დინამო, თბილისი);
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), გიორგი კუცია (დინამო, თბილისი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი);
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი).
უეფას ერთა ლიგის მეორე გათამაშების პირველი და მეორე ტურის კალენდარი:

5 სექტემბერი, 20:00 საათი
ესტონეთი – საქართველო
8 სექტემბერი, 20:00 საათი
საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონია