ლოკომოტივს მოსკოვის დინამო ერგო, თბილისის დინამო უელსს გაემგზავრება

0
33

ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც ქართული გუნდების მეტოქეებიც გაირკვა. 17 სექტემბერს, საქართველოს ჩემპიონი დინამო თბილისი სტუმრად უელსურ ქონას ქი ნომედსს დაუპირისპირდება, ხოლო თბილისის ლოკომოტივი შინ მოსკოვის დინამოს უმასპინძლებს.

ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი წილისყრის შედეგებს და მომავალ მეტოქეს აფასებს: „პირველი ეტაპის წილისყრაზეც ვთქვი და ახლაც ვამბობ, გამართლება-არგამართლებაზე ნამდვილად არაა. პოტენციური მეტოქეებიდან, სამივე ძალიან ძლიერი გუნდი იყო, ევროტურნირებზე დიდი გამოცდილებით.
მოვემზადებით ისე, როგორც აქამდე ვემზადებოდით – მაქსიმალური მობილიზებითა და კონცენტრაციით. ამ წყვილში, ფავორიტი ჩვენი მეტოქეა, მაგრამ პირველ ეტაპზეც ასე ვიყავით, აუტსაიდერებად ვითვლებოდით; ფურცელზე სხვაა, მოედანზე კი, სულ სხვა.
გაგვიმართლა, რომ მეორე ეტაპსაც სახლში ვითამაშებთ. ძალიან ძლიერი, მაღალბიუჯეტიანი მეტოქე გვყავს, რომელიც რუსეთის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა. შემადგენლობაში რუსეთის ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების 12 ფეხბურთელი ჰყავთ. ასევე, ლეგიონერები ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა ხორვატია, გერმანია, პოლონეთი, უკრაინა, ბოსნია, ნიგერია.
ახლა დეტალებში ვერ ჩავალ, რადგან, ჯერჯერობით, ლოკომოტივი ეროვნული ლიგის მორიგი ტურის მატჩისთვის ემზადება. ამის შემდეგ, მთლიანად გადავერთვებით მოსკოვის დინამოსთან მატჩზე“.

წილისყრის შედეგების და კლუბში დაბრუნების გადაწყვეტილების შესახებ, თბილისური კლუბის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა ჩისკო მუნიოსმა ისაუბრა:
“დინამო ჩემთვის მეორე სახლია. იმ წყვეტასაც კი ვერ ვგრძნობ, რაც კლუბში არ ვიყავი. რაც შეეხება ევროპა ლიგას, მოკლე დროში შეფასების გაკეთება გამიჭირდება. პირველ რიგში, გუნდში არსებული მენტალური მდგომარეობა უკეთესობისკენ უნდა შევცვალოთ. დანარჩენი კი მომავალში გამოჩნდება. შევეცდებით, თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ”.

ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე 94 კლუბი მონაწილეობს, დაპირისპირება კი ერთმატჩიანია. წყვილში გამარჯვებულები ასპარეზობას ტურნირის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გააგრძელებენ, რომლის წილისყრას უეფა 1-ელ სექტემბერს, თბილისის დროით 15:00 სთ-ზე ჩაატარებს.