პირველად 21 წლის შემდეგ – ლოკომოტივი ევროთასების მეორე ეტაპზე გავიდა

0
9

ევროპალიგის I საკვალიფიკაციო წრეში თბილისის ლოკომოტივმა რუმინულ უნივერსიტატეა კრაიოვას უმასპინძლა და 2:1 გაიმარჯვა.

პირველ ტაიმში რუმინელთა აქტიური სტარტის შემდეგ, ნელნელა, ლოკომოტივის უპირატესობა გამოიკვეთა, რომლის რიგებშიც ნიდერლანდელი ლეგიონერი იმრან ქულად უმარი აქტიურობდა. თუმცა ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

57-ე წუთზე ლოკომოტივის კონტრშეტევამ შედეგი მოიტანა – კირკიტაძემ და სამურკასოვმა ბურთი გაითამაშეს და თორნიკეს პასით ირაკლი სიხარულიძემ ანგარიში გახსნა.

ოთხ წუთში ლოკომოტივმა კიდევ ერთხელ იხეირა კონტრშეტევით, ბექა დარცმელიას პასით გოლი იმრანმა გაიტანა.

მატჩის ბოლოს, რუმინელთა კაპიტანმა ბანკუმ შეცვლაზე შესულ ბაიარამს გოლი გაატანინა – 2:1.

ამის შემდეგ უკვე უნივერსიტატეამაც შეუტია, ლოკომოტივი ერთხელ გოლკიპერმა გადაარჩინა აშკარა გოლისგან, ერთხელაც სტუმრები ამაოდ ითხოვდნენ ლოკომოტივის კარში პენალტის დანიშვნას.

თბილისის ლოკომოტივმა ისტორიაში მეორედ გადალახა ევროთასების ეტაპი – პირველად ეს გუნდმა მისთვის სადებიუტო 1999 წელს მოახერხა, უეფას თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლინფილდი გააგდო (1:0, 1:1). ამის შემდეგ ლოკომოტივი 5-ჯერ მონაწილეობდა ევროთასებზე და ყველა შემთხვევაში პირველივე რაუნდში ეთიშებოდა ევროთასებს.

ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო წრის წილისყრა ნიონში 31 აგვისტოს გაიმართება. თბილისის ლოკომოტივი განუთესავთა შორის იქნება, მატჩები 17 სექტემბერს გაიმართება.