მოთამაშეთა განვითარების ლიგის ფინალში ოლიმპი და დინამო შეხვდებიან

0
24

მოთამაშეთა განვითარების ლიგის ფინალში ერთმანეთს “დინამო” და “ოლიმპი” შეხვდებიან. დღეს, ოლიმპიურ სასახლეში გამართულ ნახევარფინალურ მატჩებში ამ გუნდებმა მეტოქეები დაამარცხეს და ლიგის სატიტულო მატჩში ერთმანეთს ხვალ, 27 აგვისტოს, 17:00 საათზე დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ მოთამაშეთა განვითარების ლიგა წელს პირველად ტარდება და ის მომავალში ტრადიციული გახდება. ლიგაში მონაწილეობის მისაღებად მოთამაშეებმა ფედერაციის ვებ-გვერდზე გაიარეს რეგისტრაცია, რომლის დასრულების შემდეგ ლიგის მონაწილე 11 გუნდის მწვრთნელებმა მთლიანობაში  165 მოთამაშე აირჩიეს.  შერჩევის პროცესი ZOOM-ის საშუალებით, ონლაინ წარიმართა (რომელიც ფედერაციის ვებ-გვერდსა და ფეისბუქ გვერდზე LIVE-რეჟიმში გადაიცა) და  თითოეული  გუნდი 15 მოთამაშით დაკომპლექტდა.

მოთამაშეთა განვითარების ლიგის ძირითადი მიზანი მოთამაშეებისთვის და მწვრთნელებისთვის თავის წარმოჩენის და კლუბებთან თანამშრომლობის შესაძლებლობლობაა. ლიგაში მონაწილეობა მოთამაშეებისთვის წინასასეზონო მომზადების, ხოლო მწვრთნელებისთვის და კლუბების ხელმძღვანელობისთვის კალათბურთელებზე დაკვირვების და სელექციის კარგი საშუალებაა.

ნახევარფინალური მატჩები საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ტურნირზე აქამდე დაუმარცხებელმა “ცხუმ-აფხაზეთმა”, რომელმაც ჯგუფური ეტაპი წაუგებლად განვლო და ნახევარფინალში “ოლიმპს” შეხვდა, პირველი მარცხი განიცადა. “ოლიმპის” მოთამაშებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს მეტოქეს და თანაბარი მატჩი ბოლო წუთზე გამოჩენილი ბრძოლისუნარიანობით მოახერხეს გამარჯვების მოპოვება – 66:61.

გამარჯვებულებს 17 ქულით დავით წივწივაძემ ულიდერა. 15 ქულა და 9 მოხსნა ლუკა კალატოზიშვილმა, ხოლო 10 ქულა ლევან ლოლიშვილმა მიითვალა. ცხუმ-აფხაზეთში 17 ქულით ბომბარდირი დავით ბუაჩიძე გახდა, 13 ქულითა და 19 მოხსნით კი საუკეთესო ზუკა მაჩალაძე გახდა.

მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს “დინამო” და “ქუთაისი” დაუპირისპირდნენ. ქუთაისელები ბოლო პერიოდამდე ტოლსწორად ებრძოდნენ მეტოქეს, რაც ლუკა მაზიაშვილის, ნიკოლოზ სოსელიას და გიორგი ჭეიშვილის შედეგიანობის დამსახურება იყო, თუმცა უფრო მეტად შეკრულ-შეთამაშებულმა დინამოელებმა დასკვნით წუთებზე მეტოქე მაინც გატეხეს. გადამწყვეტ მომენტში თავი ლაშა მიქელაძემ, ვოვა თავაქარაშვილმა და გიორგი სიმონიშვილმა გამოიჩინეს, რამაც ის შედეგი გამოიღო, რომ “დინამოს” უპირატესობამ 10 ქულას გადააჭარბა და გამარჯვებულის ვინაობაც გაცხადდა.

საბოლოდ ჟოლივეტ ტუჯანისა და კახა ტომარაძის გაწვრთნილმა დინამოელებმა 86:79 იმარჯვეს და ფინალში გავიდნენ. თბილისელებს 23 ქულით თავაქარაშვილმა ულიდერა. ლაშა მიქელაძემ 16 ქულა, 13 მოხსნა და 6 პასი მიითვალა, ირაკლი კილაძის ანგარიშზე კი 15 ქულა და 17 მოხსნა დაგროვდა.

ფინალური მატჩი ოლიმპიურ სასახლეში 27 აგვისტოს, 17:00 საათზე გაიმართება, რის შემდეგაც დასახელდება ტურნირის საუკეთესო ხუთეული და საუკეთესო მოთამაშე, რომლებიც მოთამაშეთა განვითარების ლიგის გამარჯვებული გუნდის წევრებთან ერთად დაჯილდოვდებიან. არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, სამწუხაროდ, აღნიშნულ მატჩზე მაყურებლები არ დაიშვებიან.