ლესტერ ტაიგერსმა შალვა მამუკაშვილი წარადგინა და ქართულად მიესალმა

0
4

“ლესტერ ტაიგერსის” ოფიციალურმა სოციალურმა ქსელმა საქართველოს ნაკრების კვაჭი შალვა მამუკაშვილი წარადგინა და მას ქართულად მიესალმა.

ქართველმა მორაგბემ ინგლისურ გრანდთან ორწლიანი კონტრაქტი მარტში გააფორმა, თუმცა კორონავირუსის გამო არსებული შეზღუდვების გამო, ინგლისში ჩასვლა მხოლოდ აგვისტოში მოახერხა, შემდეგ სავალდებულო ორკვირიანი კარანტინი გაიარა და გუნდს სრულფასოვნად 24 აგვისტოს შეუერთდა.

30  აგვისტოს “ვეფხვები” სტუმრად “გლოსტერს” ეთამაშებიან და შესაძლოა, მამუკაშვილის დებიუტი სწორედ ამ მატჩში შედგეს. 15 ტურის შემდეგ “ტაიგერსი” 20 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება.

29 წლის პირველხაზელს “ბორჯღალოსნების” რიგებში 74 კეპი აქვს მოხვეჭილი. მას ინგლისში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს, 2014-2015 წლების სეზონში “სეილ შარქსის” კვართით 11 შეხვედრა ჩაატარა, შემდეგ ერთი სეზონი “გლაზგო უორიორსში” იასპარეზა, რასაც “მონპელიეში”, “ტულონში” და “კარკასონში” თამაში მოჰყვა. ამის შემდეგ, შალვა საქართველოში დაბრუნდა და “ლოკომოტივთან” ერთად ქვეყნის ჩემპიონი გახდა, საიდანაც ცოტა ხნით რუსეთის ჩემპიონ “ენისეიში” ჩაირიცხა, ბოლოს კი მშობლიურ “ყოჩებში” ასპარეზობდა.

გეტყვით, რომ “ლესტერ ტაიგერსს” ინგლისის ჩემპიონატი 10-ჯერ აქვს მოგებული, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. გარდა ამისა, “ვეფხვებმა” 2001 და 2002 წლებში ევროპის ჩემპიონთა თასი მოიპოვეს.