მეექვსე ტიტულისთვის – ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის ფინალშია!

0
10

მიუნხენის „ბაიერნმა“ „ლიონი“ კლასის ხარჯზე, ზედმეტი ნერვიულობის გარეშე 3:0 დაამარცხა. სამართლიანობისთვის აღვნიშნოთ, რომ ფრანგებმა საწყისი 15 წუთი მართლაც ანერვიულეს მრისხანე მეტოქე და ორი ძალიან მაგარი მომენტი ჰქონდათ. ჯერ მემფის დეპაიმ ცარიელ კარში ვერ გაიტანა, მერე ტოკო ეკამბიმ ძელს გაარტყა. „ლიონისთვის“ ორი გამოუყენებელი ურეალურესი მომენტი ძვირად რომ დაფასდებოდა, ეს ადვილი მისახვედრი იყო და ასეც მოხდა.

მალევე, სერჟ გნაბრიმ დრიბლინგი გოლით დაასრულა და ანგარიში გახსნა. არ გასულა დიდი ხანი და გერმანელმა შემტევმა დუბლი გაიფორმა. ჰანს-დიტერ ფლიკის გუნდს მშვიდად მიჰყვადა საქმე გამარჯვებამდე, მაგრამ რობეტ ლევანდოვსკი ვერ ისვენებდა, უნდოდა საოცარი სერიის გაგრძელება და გააგრძელა კიდეც, რადგან ისევ გაიტანა. პოლონელმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეცხრე მატჩში მოახერხა გატანა და მასზე უკეთესი სერია ამ ტურნირის ისტორიაში მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს ჰქონდია (გოლი ზედიზედ 11 თამაშში). ლევანდოვსკის 15 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირობა განაღდებული აქვს, მაგრამ იმავე რონალდუს რეკორდამდე, ერთ სეზონში 17 გოლი ჩემპიონთა ლიგაზე, ძალიან ცოტაღა რჩება, ამისთვის ფინალში მინიმუმ დუბლის შესრულება დასჭირდება და მის შემართებას თუ გავითვალისწინებთ, გამორიცხული არაფერია.

ამრიგად, „ბაიერნი“ ფინალს 2013 წლის შემდეგ დაუბრუნდა, თავის ისტორიაში კი მეთერთმეტედ უწია გადამწყვეტ მატჩში, რითაც „მილანის“ შედეგი გაიმეორა და ამაზე მეტჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მხოლოდ „რეალს“ უთამაშია (16). ამ სამეულს უკან მოჰყვებიან „ლივერპული“ (9 ფინალი), „იუვენტუსი“ (9) და „ბარსელონა“ (8).

„ბაიერნი“ ფინალში ყველა მატჩის მოგებით გავიდა. ისტორიაში ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ფინალისტმა გუნდმა ტურნირზე ყველა თამაში მოიგო, ეს 1992-1993 წლების სეზონში “მილანმა” მოახერხა, მაგრამ ფინალში წააგო, ფრანგულ „მარსელთან“ და ბედად, „ბაიერნის“ მეტოქეც ფრანგულია, ოღონდ პსჟ… ბოლოსკენ მწვრთნელთა დუელზეც, რომელიც გერმანული იქნება, ჰანსი ფლიკი ტომას ტუხელის წინააღმდეგ. ისტორიაში მეოთხედ მოხდება, რომ ფინალში ერთი ქვეყნის მწვრთნელები დაუპირისპირდებიან და მეორედ შედგება გერმანული დუელი, მას შემდეგ, რაც 2013 წელს იუპ ჰაინკესი და იურგენ კლოპი იყვნენ ერთმანეთის წინააღმდეგ. მანამდე, 1979 წელს ინგლისური დუელი შედგა კლაფსა („ნოტინგემი“) და ჰაფტონს („მალმიო“) და 2003 წელს კი იტალიური, ლიპისა („იუვენტუსი“) და ანჩელოტის („მილანი“) შორის.
23 აგვისტოს, „და ლუჟზე“ საინტერესო ფინალი გველოდება, „ბაიერნი“ მეექვსე ტიტულისკენ მიიწევს, „პარი სენ ჟერმენი“ – პირველისკენ.