“ბარსას” 17 ფეხბურთელი დატოვებს, მწვრთნელად ჩავი და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები

0
18

სეზონის ჩაგდების შემდეგ “ბარსელონაში” დიდი ამბები დატრიალდება. კატალონური “სპორტი” ირწმუნება, რომ გუნდიდან 17 ფეხბურთელს და მათ შორის ალბას, სერხიო ბუსკეტსსა და ლუის სუარესს გაუშვებენ.  არაა გამორიცხული ანსუ ფატისთან და რიკი პუჩისთან დამშვიდობებაც.
ხელშეუხებელნი მხოლოდ ლეო მესი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, კლემან ლანგლე და ფრენკი დე იონგი არიან.
კლუბის პრეზიდენტი ჟოზეპ ბარტომეუ მწვრთნელის, კიკე სეტიენის, სპორტული დირექტორის, ერიკ აბიდალის და გენერალური დირექტორის, ოსკარ გრაუს გადაყენებას აპირებს.
გუნდის ლიდერები დაუყოვნებლივ ცვლილებებს ითხოვენ, – იტყობინება As. მათი აზრით, “ბარსელონა” ტაქტიკურად არასაკმარისად კარგად მოამზადეს, ეს კლუბის ხელმძღვანელობაში არეულობის ბრალია და ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს ითხოვენ, რომელიც 2021 წლის ზაფხულშია დანიშნული.
“ატმოსფერო ძალიან დაძაბულია, ყველაფრის 1-2 ადამიანის მოყვანით და უცნაური ტრანსფერით გამოსწორება შეუძლებელია. ჩვენ გადატვირთვა გვჭირდება”, – განუცხადა გამოცემას გუნდის ერთ-ერთმა გავლენიანმა ფეხბურთელმა.
აგრეთვე “ბარსას” ლიდერებს სურთ ისეთი მწვრთნელი, რომელიც იცნობს კლუბს და შეუძლია შეკრას და ფეხზე დააყენოს გუნდი – ასეთად კი ჩავი მიაჩნიათ. თუმცა, მას საპრეზიდენტო არჩევნებამდე კატალონიაში სამუშაოდ დაბრუნება არ სურს.