მესის მორიგი ბენეფისი

0
8

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი, კიკე სეტიენი, ლამის დანიშვნისთანავე მოექცა კრიტიკის ცეცხლში, ქვეყნის ჩემპიონობის „რეალისთვის“ დათმობის შემდეგ კი, ეს უკმაყოფილება გაიზარდა. ახლა თავის გადასარჩენად მან რაც შეიძლება შორს უნდა გაიყვანოს თავისი გუნდი ჩემპიონთა ლიგაში. „ნაპოლის“ ბარიერი რომ ვერ გადაელახა, ალბათ მასაც მაურიციო სარის გზას გაუყენებდნენ, რომელიც წინა დღეს დაითხოვეს „იუვენტუსიდან“.

მაგრამ სეტიენი გადრჩა, „ბარსელონას“ კითხვები არ დაუტოვებია. აშკარად ჩანდა კლასში უპირატესობა. მთავარი ამბები პირველ ტაიმში მოხდა. მასპინძლებმა საგოლე მომენტების რეალიზაციის მასტერკლასი ჩაუტარეს სტუმრებს. ჯერ ლანგლემ, შემდეგ მესიმ და ბოლოს სუარესმა (პენალტით) სამჯერ აიღეს მეტოქეთა კარი. მეოთხეც გაიტანა მესიმ, მაგრამ მსაჯმა ხელით თამაში დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა.

აი, პენალტის ეპიზოდში კი როგორ გადარჩა მესი, საკვირველია: საჯარიმოში მან კულიბალის ბურთი აართვა, სენეგალელს კი უკვე მოქნეული ჰქონდა ფეხი და უკნიდან ისეთი დაჰკრა, კინაღამ მოაწყვიტა კოჭი. საბედნიეროდ, არგენტინელი გადარჩა და თამაში გააგრძელა.

ტაიმის ბოლოს ასევე პენალტით, ინსინიემ ერთი საპასუხო გაიტანა და თითქოს მატჩს ინტრიგა დაუბრუნა, მაგრამ, მეორე ნახევარში, ნეაპოლელთა მცდელობის მიუხედავად, ნათელი გახდა, რომ „ბარსელონა“ დამსახურებულად მოიგებდა.

„ალიანც არენაზე“ სასწაული არ გამოცხვა. პირველ შეხვედრაში სტუმრად მოგებული 3:0-ის შემდეგ, ბავარიელები ამხელა უპირატესობას როგორ გაანიავებდნენ. ასეც მოხდა, ჰანს ფლიკის ბიჭები უკვე 24-ე წუთისთვის იგებდნენ ორბურთიანი სხვაობით, ჯამში კი 4:1 გაიმარჯვეს, დუბლი მიითვალა ლევანდოვსკიმ.

მეოთხედფნალში „ბაიერნი“ „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.

ამავე ეტაპზე „ატალანტა“ პსჟ-ს შეხვდება, „ლაიპციგი“ – ატლეტიკოს“ და „სიტი“ – „ლიონს.“