“რეალი” და რონალდუ თამაშგარეში

0
10

ჩემპიონთა ლიგა ხუთთვიანი პაუზის შემდეგ განახლდა და ორი მეოთხედფინალისტი გაირკვა – „მანჩესტერ სიტი“ და „ლიონი“. სწორედ ისინი შეხვდებიან ერთმანეთს მეოთხედფინალურ ეტაპზე.

„მანჩესტერ სიტიმ“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და უპირატესობას ფლობდა, რადგან 2:1 ჰქონდა სტუმრად მოგებული. პეპ გვარდიოლამ ზინედინ ზიდანს მეორე დუელიც მოუგო, იმავე ანგარიშით.

კოშმარული საღამო ჰქონდა რაფაელ ვარანს, რომელმაც ინგლისელთა ორივე გოლში დიდი როლი ითამაშა და რომ არა ფრანგი, ვინ იცის, იქნებ, „რეალს“ არც წაეგო. ვარანმა დასაწყისშივე შეცდა, გაბრიელ ჟესუსმა ბურთი მოპარა და რაჰიმ სტერლინგმა გახსნა. მერე იყო კარიმ ბენზემას ლამაზი გოლი და „სამეფო კლუბი“ თამაშში დაბრუნდა, მაგრამ მეორე ნახევარში ვარანი ისევ შეცდა და ამჯერად ჟესუსმა თავად გაიტანა. ვარანი „რეალის“ პირველი ფეხბურთელია 2007-2008 წლების სეზონის შემდეგ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ორი შეცდომა გოლად დაუჯდა. პეპ გვარდიოლა კი ისტორიაში მესამე მწვრთნელია, რომელმაც „რეალი“ ორჯერ გააგდო ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფიდან (ახლა და 2010-2011). მანამდე იგივე მარჩელო ლიპის (1995-1996 და 2002-2003) და ოტმარ ჰიტცფელდს (2000-2001 და 2006-2007) მოეხერხებინათ. „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ორივე მატჩი 2008-2009 წლების სეზონის შემდეგ პირველად წააგო. მაშინაც იგივე ინგლისურ კლუბთან, კერძოდ „ლივერპულთან“ დაემართა.

„მანჩესტერ სიტი“ მეოთხედფინალში „ლიონს“ შეხვდება, რომელმაც „იუვენტუსის“ ოცნება ისევ სამომავლოდ გადადო. ფრანგებს შინ 1:0 ჰქონდათ მოგებული და ტურინში ეს უპირატესობა შეინარჩუნეს. პირველ ტაიმში ორი გოლი გავიდა და ორივე მეტად საეჭვო პენალტებით. ჯერ მემფის დეპაიმ გაიტანა, მერე კრიშტიანუ რონალდუმ. პორტუგალიელმა მე-60 წუთზე ლამაზი გოლით „იუვე“ დააწინაურა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, მაგრამ სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობით გამარჯვება „ლიონს“ დარჩა. სხვათა შორის, „იუვენტუსი“ ისტორიაში პირველად დამარცხდა ორი მატჩის ჯამში ევროთასებზე ფრანგულ მეტოქესთან. კრიშტიანუ რონალდუს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში 67 გოლი დაუგროვდა და ეს ზუსტად იმდენივეა, რაც მეორე-მესამე ადგილებზე მყოფ ლიონელ მესისა (46) და ტომას მიულერს (21) აქვთ გატანილი… თუმცა, პორტუგალიელმა „ბებერ ქალბატონს“ ვერ უშველა. რონალდუ ლიგას მერვედფინალში ბოლოს 10 წლის წინ გამოეთიშა, მაშინაც “ლიონთან” და მაშინაც პირველ თამაშში 0:1 ვერ აღმოფხვრა (“რეალის” რიგებში 0:1, 1:1).

დღეს მერვედფინალური ეტაპი ორი მატჩით დასრულდება. „ბაიერნი“ „ჩელსის“, „ბარსელონა“ კი „ნაპოლის“ დაუხვდება.