მამუკელაშვილი NCAA-ში დარჩა

0
16

სანდრო მამუკელაშვილი NCAA-ში დაბრუნდა. მას განაცხადი ჰქონდა გაკეთებული ნბა-ს დრაფტზე და წინასწარ კანდიდატად იყო დარეგისტრირებული. სანდროს მიმართ იყო ინტერესი, თუმცა ქართველმა უნივერსალურმა ფორვარდმა გადაწყვიტა და კიდევ 1 სეზონი სტუდენტურ ლიგაში დარჩა, რითაც მეტი გამოცდილების მიღების და 2021 წლის დრაფტზე უფრო მომზადებულად წარდგომის გარანტია მიიღო. ასე და ამგვარად, მამუკელაშვილი 2020-2021 წლების სეზონს Big East-ის კონფერენციის გუნდ “სეტონ ჰოლში გაატარებს.

სავარაუდოა, რომ ქართველმა ფორვარდმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ე.წ. NBA Draft Combine-ის შემჭიდროვებულ – 70-კაციან სიაში ვერ მოხვდა, თუმცა კი, მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში მისდამი ინტერესი ნამდვილად არსებობდა.

სანდრომ გასაუბრება NBA-ს 20-მდე გუნდთან გაიარა და როგორც Nypost წერს, 2 კლუბი მას დრაფტის მე-2 რაუნდის დასაწყისში არჩევასაც კი დაპირდა. ამაზე ირიბად თავად ქართველმა ლეგიონერმაც ისაუბრა:
“NBA-ს კლუბებიდან მართლაც დიდი ინტერესი და ყურადღება ვიგრძენი და ეს, ჩემთვის სასიამოვნო იყო, თუმცა, მას შემდეგ, რაც ბოლო 2-3 კვირა ისევ სეტონ ჰოლთან გავატარე, მივხვდი, რომ ამ გუნდთან ერთად კიდევ ბევრი რამის გაკეთება შემიძლია. ვგრძნობ, რომ თუკი აქ ყველას ვაჩვენებ რა შემიძლია, დრაფტზე პირველ რაუნდშიც ამირჩევენ. მინდა, სეტონ ჰოლში ჩემი კვალი დავტოვო, ნამდვილი ლიდერი გავხდე და იმას მივაღწიო, რაც გასულ სეზონში ვერ შევძელი”.

მამუკელაშვილის გუნდმა ბოლო ჩემპიონატი ძალიან წარმატებულად ჩაატარა. პირატებმა ბიგ ისთის კონფერენციაში რეულარული სეზონი 1992-93 წლების შემდეგ პირველად მოიგეს და “მარტის სიგიჟესაც” მოუთმენლად ელოდნენე, თუმცა, კორონავირუსის გამო სტუდენტური ლიგა შეწყდა.

შესანიშნავ ფორმაში იყო სეტონჰოლელთა ერთ-ერთი ლიდერიც. მამუკელაშვილს დეკემბერში მიღებული მძიმე ტრავმის გამო 10 მატჩი გაუცდა, თუმცა, ძალიან მოტივირებული დაბრუნდა და ჩინებული საშუალო მაჩვენებლები ჰქონდა: 11.9 ქულა, 6.0 მოხსნა და 54%-იანი სიზუსტე თამაშიდან.

მომავალ სეზონში ქართველი კალათბურთელის როლი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგანაც სეტონ ჰოლი დატოვეს სასტარტო ხუთეულის სხვა წევრებმა მაილს პაუელმა, ქუინსი მაკნაიტმა და რომარო გილმა. ახლა, გუნდში ყველაზე გამოცდილი მოთამაშე სწორედ ქართველია და მას ახალგაზრდა პარტნიორებისთვის მაგალითის მიცემა მოუწევს:
“ცხადია, რომ დიდი ძალა დავკარგეთ, თუმცა, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ღირსეული ცვლა მოდის. ჩვენს მწვრთნელთან კევინ ვილარდთან ერთად ბევრს ვვარჯიშობთ და თვალნათლივ სჩანს, რომ ახალ ბიჭებში დიდი ტალანტია. მათთან ერთად თამაშს მოუთმენლად ველი. ვიცი, რომ გუნდის ლიდერის როლი დამეკისრება და ეს, ჩემთვის ახალი გამოწვევაა, რომელთან გასამკლავებლადაც მზად ვარ”.

ამერიკის სტუდენტური ლიგის თარიღი ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა, სავარაუდოდ, NCAA სტარტს ნოემბრიდან აიღებს, თუ კორონაპანდემიური ვითარება აშშ-ში არ გამძაფრდა.